ედგარ პოს გარდაცვალების დღისადმი - „ანაბელ ლის“ ორი ქართული ვარიანტი
12:39:54     07-10-2011
1849 წლის 7 ოქტომბერს, დილის 5 საათზე გარდაიცვალა დიდი პოეტი და მწერალი ედგარ ალან პო.
რამდენიმე დღით ადრე, 3 ოქტომბერს ედგარ პო იპოვეს ბალტიმორში, ქუჩაში, უგონო მდგომარეობაში. მანამდე, სექტემბერში, რიჩმონდში იყო და ლექციების ციკლს კითხულობდა, სახელწოდებით „პოეტური პრინციპი“. ჰქონდა უამრავი გეგმა. იქიდან გაემგზავრა, 1500 დოლარი ჰქონდა ჯიბეში. ეს მაშინ დიდი თანხა იყო. როგორც ვთქვით, იპოვეს ქუჩაში, უგონო მდგომარეობაში. ფული აღარ ჰქონდა, ალბათ გაძარცვეს. ეცვა სხვისი ტანსაცმელი. გადმოცემით იმეორებდა სახელს „რეინოლდს“... ზოგიერთი გადმოცემით, კი მისი ბოლო სიტყვები იყო: ღმერთო დაეხმარე ჩემს საბრალო სულს“...
გადაიყვანეს ბალტიმირორის ჰოსპოტალში, სადაც გარდაიცვალა, როგორც ვთქვით 7 ოქტომბერს.
მასზე ვრცელდებოდა ჭორები, თითქოს ნარკომანი იყო, მაგრამ ეს არ აღმჩნდა მართალი. დღეისათვის ბურუსითაა მოცული მისი საიდუმლო გარდაცვალების მიზეზები, არა ერთი დიაგნოზი სახელდებოდა, თუმცა, საავადმყოფოს ყველა დოკუმენტი დაკარგულია.
როგორც ვთქვით, ედგარ პოს, ბევრი ჭორი მოუგონეს, მაგრამ შესანიშნავი შემოქმედი რომ იყო, ჭორი არ არის, ჭეშმარიტებაა. ედგარ პომ უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა თავისი შემოქმედებით ჯერ ამერიკაში, მერე ევროპაში და ჩვენთანაც, საქართველოში.
დღეს, პრესა.გე-ს მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ ედგარ პოს მშვენიერი ლექსის „ანაბელ ლის“ ორი ქართული ვარიანტი, პირველი ეკუთვნის ვალერიან გაფრინდაშვილს, მეორე კი მერაბ მეტრეველს. ჩვენ კი არ ვადარებთ ამ თარგმანებს, უბრალოდ გვინდა მკითხველმა გაიხსენოს, რომ ედგარ პოს ყოველთვის აფასებდნენ.
ჩემი აზრით, ორივე თარგმანი კარგია. საერთოდ უცხო ენიდან თარგმნა, ისიც ლექსისა, ძალიან რთულია, მაგრამ, მე მგონი ვალერიან გაფრინდაშვილმაც და მერაბ მეტრეველმაც მოახერხეს მთავარის გადმოცემა - ლექსში კარგად იგრძნობა დიდი სიყვარული და ტრაგედია.
ედგარ პოზე და საერთოდ, ამერიკულ ლიტერატურაზე საუბარს კიდევ გავაგრძელებთ.
ანაბელ ლი
(თარგმანი ვალერიან გაფრინდაშვილისა)
ის უეჭველად იყო ოდესმე -
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში,
იქ საოცნებო სცხოვრობდა ქალი,
ვისაც ჰქვიოდა ანაბელ ლი.
ჩვენ ერთმანეთი მეტად გვიყვარდა
და მხოლოდ ამით ჩვენ ვსულდგმულობდით.
ვსუნთქავდით ტრფობით, ვით ორი ბავშვი,
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში
შემორკალულნი თავდავიწყებით
მე და სათუთი ანაბელ ლი,
შურით გვიცქერდნენ სერაფიმები:
ეს ტრფობა ჩვენთვის ვერ ეპატივნათ.
მიტომაც მოხდა - მოხდა ოდესმე,
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში
დაბერა ქარმა უბოროტესმა
და გააფრინა ანაბელ ლი,
ჭირისუფლების მოსულმა კრებამ
ჩემგან წაიღო ის სამუდამოთ,
რომ მიებარათ სარკოფაგისთვის
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში.
ჩვენს ნეტარებას თვით სამოთხეში
ვერ განიცდიდენ სერაფიმები
მიტომაც მოხდა (ეს ყველამ იცის
ზღვასთან მდებარე შორ ქვეყანაში)
მოვარდა ღამით ბრმა ქარიშხალი
და მოჰკლა ჩემი ანაბელ ლი.
ჩვენ სიყვარულში აღვემატენით
ჩვენზე ხნიერებს, ჩვენზე უფროსებს,
იმათ ვინც იყო აღვსილი სიბრძნით.
ანგელოზებმა და დემონებმა
ვერ დაგვაშორეს ჩვენ ვერასოდეს.
და განუყრელნი ვიყავით სულით
მე და სპეტაკი ანაბელ ლი
წლებით მდიდარი.
მთვარის დაისში წარმომიდგება
დაუვიწყარი ანაბელ ლი,
როგორც ვარსკვლავნი მისი თვალები
გადმომცქერიან ცის მწვერვალიდან.
ღამის ციმციმში მე მასთანა ვარ,
ჩემ საცოლესთან ჩემ სიყვარულთან
და იმის გვერდით მე გართხმული ვარ
იქ, უცხო ქვეყნის ცივ აკლდამაში.
ანაბელ ლი
(ინგლისურიდან თარგმნა - მერაბ მეტრეველმა)
ეს იყო ბევრი, ო, ბევრი წლის წინ,
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც
მშვენიერ ანაბელ ლის; -
რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ
და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.
ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,
როცა სამეფოში ზღვის
სიყვარულით, სიყვარულზე მეტით
გვიყვარდა მე და ანაბელ ლის -
ვით ფრთები ცაში სერაფიმების
იყო სიყვარული ის.
შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ
სამეფოში, ნაპირად ზღვის
ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები
სული გაუთოშა ანაბელ ლის
ნათესავებმა კეთილშობილთა
მაშინ წამგვარეს ის...
და გამოკეტეს ძველ აკლდამაში
სამეფოში, ნაპირად ზღვის.
ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;
ჩემი და ანაბელ ლის
სწორედ ამიტომ (ეს ყველამ იცის
სამეფოში, ნაპირად ზღვის)
ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები
ბოლო მოუღო ანაბელ ლის.
და სიყვარულით ასე ძლიერით
ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?
ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?
ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს
რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის
არ შეუძლიათ, რომ დააშორონ
სულები ჩემი და ანბელ ლის.
მთავრე ამოვა, და ჩემთან მოვა
სიზმარში ანაბელ ლი
ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს
მშვენიერ ანაბელ ლის...
სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ
და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის
შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის...