„ოკროს პერი“ სერგეი ესენინი (დაბადების დღისადმი)

  12:02:28     03-10-2011

სერგეი ესენინის პირველად დანახვისას, მისი მეგობრის, ტიციან ტაბიძის შვილმა, ნიტამ, რომელიც მაშინ სამი წლის იყო, დაიძახა თურმე: „ოქროსფერი, ვის გინდათ ოქროსფერი?“. ესენინს ოქროსფერი თმები ჰქონდა... რუსმა პოეტმა იკითხა, რას ამბობსო. ტიციანის მეუღლემ, ნინომ უთარგმნა. ესენინს ძალიან გაუხარდა და როცა ბავშვს ეთამაშებოდა, სულ ამეორებინებდა ხოლმე და თვითონაც გაიძახოდა „ოკროს პერი, ოკროს პერი“...

დიდი რუსი პოეტი სერგეი ესენინი დაიბადა რიაზანის გუბერნიის სოფელ კონსტანტინოვოში, რუსეთის იმპერიაში, გლეხის ოჯახში. მამას ალექსანდრე ნიკიტას ძე ერქვა, დედას ტატიანა თევდორეს ასული (ქალიშვილობაში ტიტოვა). მის მშობლიურ სუფელს ახლა ესენინო ჰქვია.

1904 წელს მიაბარეს სოფლის სასწავლებელში. შემდეგ სასულიერო სასწავლებელში. 1912 წელს ჩავიდა მოსკოვში და მუშაობდა წიგნის მაღაზიაში, შემდეგ გამომცემლობაში.

1913 წელს მოეწყო თავისუფალ მსმენელად ისტორია-ფილოსოფიის განყოფილებაზე, ა. შანიავსკის სახელობია მოსკოვის სამოქალაქო-სახალხო უნივერსიტეტში. 1914 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსები.

1915 წელს პეტროგრადში გადავიდა, მალე გაიწვიეს ჯარში და მსახურობდა სანიტრად ცარსკოე სელოს ჰოსპიტალში. 1916 წელს გამოვიდა მისი პირველი კრებული, რომელმაც სახელი გაუთქვა ახალგაზრდა პოეტს.

უყვარდა მოგზაურობა. იმოგზაურა შუა აზიაში, ურალში, მერე ევროპაში, ამერიკაში,  საქართველოში, აზერბაიჯანში. მეგობრობდა ქართველ პოეტებთან.

მისმა პოემამ „არამზადების ქვეყანა“ დიდი გულისწყრომა დაიმსახურა ბოლშევიკების მხრიდან. გაზეთებში წერდნენ პოეტის ლოთობაზე, ჩხუბებზე, მის ცუდ ხასიათზე...
 
1925 წლის 28 დეკემბერს დიდი რუსი პოეტი ჩამომხრჩვალი იპოვეს ლენინგრადის სასტუმრო „ანგლოტერში“. კედელზე სისხლით უკანასკნელი ლექსი დაეწერა. თვითმკვლელობის ვერსია ეჭვის ქვეშ არ დაუყენებიათ, ვინაიდან მანამდე ფსიქონერვოლოგიურ საავადმყოფოში მკურნალობდა... 1990-იანი წლებიდან ბოლშევიკების მხრიდან მის მკვლელობაზეც ალაპარაკდნენ. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ამის დამტკიცება ძნელია.
* * *
(რუსულიდან თარგმნა ლადი ასათიანმა)
ყველა სულდგმული თავის ბედს მიჰყავს
და ყველას ბედის ლოდინი დაღლის.
მე რომ პოეტი არ ვყოფილიყავ
დამიძახებდნენ ქურდსა და თაღლითს.

ტანად დაბალი და კაფანდარა,
ბიჭებში - ყოჩი, სინდისიანი,
თითქმის ყოველდღე, არ დაგიმალავ,
შინ ვბრუნდებოდი პირსისხლიანი.

და განცვიფრებულ დედაჩემს ასე
კვნესით ვეტყოდი ანგლობის ამბავს:
,,ეგ არაფერი, დავეცი ქვაზე
და ხვალ დილამდე მოვრჩები ალბათ!"

და ახლა, როცა შორით წასულან
იმ ნეტარ დღეთა მღელვარე ხმები,
დიადმა ძალამ, მამაკაცურად,
ჩემს პოემებში შეისხა მხრები.

ოქროს სიტყვების ძვირფასი ხვავი
ყველა სტრიქონში ხელახლა მამხელს,
როგორც ოდესღაც უშიშარ რაინდს,
როგორც მოჩხუბარს და როგორც - თავხედს.

და მაინც დავრჩი ამაყი დღემდე
მხოლოდ ახლისკენ ვადგამ ნაბიჯებს
და თუკი ადრე სახეში მცემდნენ,
ახლა ეს სული სისხლით ამივსეს

და დედის ნაცვლად ვაუწყებ ასე,
ბობოქარ ბრბოებს, ანგლობის ამბავს:
,,ეგ არაფერი, დავეცი ქვაზე
და ხვალ დილამდე მოვრჩები ალბათ!"
* * *

(რუსულიდან თარგმნა ვასილ გულეურმა)

მაკოცე ძლიერ, ძლიერ მაკოცე,
თუმც ბაგეს სისხლის კვალი ეტყობა.
ამ გულის ღელვა ნუ გაგაოცებს,
ის ცივ გონებას არ შეეწყობა.

ამაოა და არაფრად ვარგა,
ჩვენთვის არ ქმნილა მხიარულება.
ჩემო დობილო, გაიგე კარგად,
ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!

შეხედე მაღლა, ასწიე თავი:
მისგან წყვდიადი, ბნელი გვაშორებს,
ფარფატებს მთვარე - ყვითელი ყვავი
და დედამიწას თვალს არ აშორებს.

მე ასე მინდა - მაკოცე მაგრად!
სევდიან ჰანგზე დავხუჭავ თვალებს.
ჩემი სიკვდილის დრო დადგა, ალბათ,
ამას თუ მამცნობს ლივლივით მთვარე.

თუ სიკვდილია – სიკვდილი იყოს!
ყველაფერს აჭკნობს უცნობი ძალა.
მინდა, ეგ ბაგე, დამშრალი თითქოს,
ვკოცნო, სიკვდილი მეწვევა სანამ.

რათა ბურუსში ცისფერ ზმანების,
მოურიდებლად, დაუფარავად,
შოთხვის ფოთლები, მწუხრის ზარები,
იმეორებდნენ: „შენი ვარ მარად!”

და კათხა, ქაფით ტუჩგაპობილი,
თეთრად რომ ელავს, თუ მოგწყურდება
სვი და იმღერე, ჩემო დობილო,
ერთი სიცოცხლე მოგვცა ბუნებამ!

* * *

(რუსულიდან თარგმნა სერგო წურწუმიამ)

საღამოვდება, ბრწყინავს
ჭინჭრის ფოთლებზე ნამი,
მიყრდნობილი ვარ ტირიფს
გზასთან, სულ ერთი წამით.

შუქს ჩვენს სახურავს ათოვს
უშველებელი მთვარე,
მესმის ბულბულის სტვენა
სადღაც შორეულ მხარეს.

სიმშვიდეა და სითბო,
როგორც ღუმელთან ზამთრით.
აღერილი აქვთ ტანი
არყებს – გოლიათ სანთლებს.

და შორს, მდინარის იქით,
ალბათ ტყეების გაღმა
ღამის დარაჯის კაკუნს
მკვდრული სიჩუმე ახლავს.