გუსტავ ფრაიტაგი - გერმანელი დრამატურგი
10:43:05     03-10-2011
გუსტავ ფრაიტაგი გერმანელი დრამატურგი და დრამის თეორეტიკოსი 1816 წელს დაიბადა. გუსტავ ფრაიტაგის მამა პროფესიით ექიმი იყო. იგი მოგვიანებით ბიურგერმაისტერად აირჩიეს. მომავალი მწერლისა და დრამის თეორეტიკოსის მამის წარმატებულობამ და ხელსაყრელმა ოჯახურმა მდგომარებამ შესაძლებელი გახადა ის, რომ გუსტავ ფრაიტაგს თავიდანვე კარგი განათლება მიეღო, იგი ჯერ ელზის (– დღევანდელი ოლეშნიცა) გიმნაზიაში დადიოდა, ხოლო შემდეგ კი, 1835 წლამდე, ფილოსოფიას სწავლობდა მაშინდელ ბრესლაუში ( დღეს ვროცლავი), სადაც იგი სტუდენტური გაერთიანებების, იმ დროს კორპუსებად წოდებული ბორუსიისა და ბერლინის ერთობების წევრი გახდა.
1839-დან 1847 წლამდე, გუსტავ ფრაიტაგი პრივატ-დოცენტად მუშაობდა ბრესლაუს უნივერსიტეტში. სწორედ ამ დროს შექმნა მან თავისი პიესები. შემდეგ იგი ლაიფციგში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო უფრო მოგვიანებით კი, დრეზდენში, სადაც მჭიდრო კავშირ-ურთიერთობა ჰქონდა იქაურ ლიტერატორებთან.
1848 წელს ლაიფციგში მან, იულიან შმიდტთან ერთად, ჟურნალ „დი გრენცბოტენის“ პირველი ნომერი გამოსცა, რომელიც მალე ლიბერალური გერმანელი ბიურგერობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანოდ იქცა. ასე დაიწყო გუსტავ ფრაიტაგის, როგორც ჟურნალისტის კარიერა.
გუსტავ ფრაიტაგი გარდაიცვალა 1895 წელს ვისბადენში. იგი დაკრძალულია ზიბლებენში, გოთას (თიურინგია) მახლობლად. თიურინგიაში მის პატივსაცემად სალაშქრო გზაა გაშენებული, რომელიც სამი თანაბარი ნაწილისაგან შედგება და მას გუსტავ ფრაიტაგის გზას უწოდებენ. ვისბადენში, ტელტოსა და სხვა ქალაქებში, ქუჩებს მინიჭებული აქვს გუსტავ ფრაიტაგის სახელი. გარდა ამისა, ზიბლებენის გიმნაზია მის სახელს ატარებს.