იარაღის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები

  16:11:47     01-10-2011

2010 წლის მონაცემებით, შეიარაღების ჩვეულებრივი სახეობების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ინდოეთი გახდა. ამ ქვეყანამ გასულ წელს, 5.8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინა. ამ ინფორმაციას FirstPost–ი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ანგარიშის საფუძველზე ავრცელებს.

იარაღის იმპორტის კუთხით, მეორე ადგილი, ტაივანმა დაიკავა, რომელმაც 2010 წელს 2.7 მილიარდი დოლარის შეიარაღება შეიძინა. მესამე საპატიო ადგილი, საუდის არაბეთს ხვდა წილად, რომელმაც იარაღის იმპორტზე 2.2 მილიარდი დოლარი დახარჯა. დაახლოებით ამდენივე დახარჯა პაკისტანმაც.

2010 წელს, იარაღის იმპორტის მსოფლიო ბაზრის საერთო ბრუნვამ, ჯამში 40.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ, 2009 წლის მონაცემთან შედარებით, 38 პროცენტით ნაკლებია. მაშინ იარაღის იმპორტზე 65.2 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

როგორც AllGov–ი პენტაგონის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, ამერიკის შეერთებული შტატების წილმა, გასული წლის იარაღის ექსპორტში, 21.3 მილიარდი დოლარი, ანუ მთლიანი თანხის 53 პროცენტი შეადგინა.

თუმცა AllGov–ის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი არ ითვალისწინებს პირდაპირ შეთანხმებებს, დადებულს სახელისუფლებო დონეზე. საერთო ჯამში, 2010 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების იარაღის ექსპორტის ღირებულებამ, 31.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სტოკჰოლმის ინსტიტუტის მონაცემებით, რომელიც მსოფლიო პრობლემებს იკვლევს, საერთო მონაცემების მიხედვით და ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებით დაასკვნა, რომ იარაღის ექსპორტში, ამერიკის წილი, საერთო რაოდენობის 30 პროცენტია.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მონაცემებით, იარაღის დამკვეთები, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნები არიან. გასულ წელს, განვითარებადმა ქვეყნებმა, 30.7 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინეს, რაც, ამერიკის მიერ ექსპორტირებული შეიარაღების საერთო ღირებულების 76.2 პროცენტი იყო.

ამის პარალელურად, განვითარებულმა ქვეყნებმა, იარაღის იმპორტზე ფული დაზოგეს, რაც პირდაპირ კავშირშია ამ ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტების შემცირებასთან.

რვაწლიანი პერიოდის განმავლობაში, 2003–2010 წლებში, მსოფლიო მასშტაბით იარაღის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები საუდის არაბეთი, ინდოეთი და ჩინეთი გახდნენ. კონკრეტულად კი, საუდის არაბეთმა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, იარაღის შეძენისთვის 29 მილიარდი დოლარი დახარჯა, ინდოეთმა – 17, ხოლო ჩინეთმა 13.2. ხუთეულში შევიდნენ ეგვიპტე და ისრაელი, 12.1 და 10.3 მილიარდი დოლარით.