უდიდესი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი
10:00:31     30-09-2011
სერგო ფარაჯანოვი 1924 წელს, თბილისში დაიბადა. ის XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორია. გაიზარდა თბილისში, სომხურ ოჯახში; მისი ნამუშევრები, ძირითადად, კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.
ფარაჯანოვის პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი იყო „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1964), რომელმაც საერთაშორისო აღიარება ჰპოვა მისი ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით. მისი ნამუშევარი „ბროწეულის ფერი“ (1969), თბილისელი პოეტის, საიათნოვას ცხოვრებას ასახავს. ფილმმა საბჭოთა მთავრობა განარისხა, რომლის აზრით იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა. ჰომოსექსუალობის ბრალდებით, საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი 1973 წელს დააპატიმრა და შრომით გამოსასწორებელ ბანაკში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ფარაჯანოვის დაპატიმრება მრავალმა ცნობილმა ადამიანმა, ხელოვანმა, მწერალმა თუ რეჟისორმა გააპროტესტა, თუმცა იგი მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაანთავისუფლეს, ფრანგი სიურრეალისტი ლუი არაგონის მეოხებით. ფილმების გადაღება მას აკრძალული ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში, სანამ თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 80-იან წლებში მას ნება დართეს გადაეღო „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), რომელიც მისი ადრეული ნამუშევრების ფერადოვნების გამოძახილია, ასევე „აშიკი ქერიბი“ (1988) და დაუმთავრებელი ავტობიოგრაფიული სერია „აღიარებისა“, რომელიც შემდგომში მიხეილ ვართანოვის ფილმის „ფარაჯანოვი: ბოლო გაზაფხული“ ნაწილი გახდა.