CV90120-T - მსუბუქი ტანკი

  10:35:15     29-09-2011

მსუბუქი ტანკი CV90120-T შეიქმნა კომპანია BAE Systems Hagglunds-ის მიერ, საკუთარი ინიციატივით. ტანკის შექმნისას მთავარი მიზანი იყო, რომ შეენარჩუნებინათ ისეთივე ძლიერი საცეცხლე ძალა, როგორიც თანამედროვე ძირითად საბრძოლო ტანკებს აქვთ, თუმცა, ამავდროულად, ტანკს უნდა ჰქონოდა ძალიან კარგი მობილურობა. CV90120-T-ს პირველი პროტოტიპის აგება 1998 წლისათვის დასრულდა. ტანკმა საბოლოო სახე ინტენსიური საგამოცდო პერიოდის დასრულების შემდეგ, 2001 წელს მიიღო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც მიმდინარეობდა გარკვეული სისტემების სრულყოფა, განსაკუთრებით კი ეს ელექტრონულ სისტემებს შეეხო. ამის შემდეგ CV90120-T-ს აქტიური რეკლამირება და სხვადასხვა პოტენციური მყიდველებისათვის შეთავაზება დაიწყო, მსოფლიოს მაშტაბით, თუმცა 2010 წლის მონაცემებით მსუბუქი ტანკის შესყიდვის სურვილი არცერთ ქვეყანას არ გამოუთქვამს.

მსუბუქი ტანკი CV90120-T შეიარაღებულია Swiss Ordnance-ის ტიპის, ორ სიბრტყეში სტაბილიზირებული, მაღალწნევიანი 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით. ამ ქვემეხს, სხვა ქავემეხებთან შედარებით, ნაკლები უკუცემა გააჩნია. ქვემეხი შეთავსებადია „ნატოს“ სტანდარტის თანამედროვე 120 მმ-იან ამუნიციასთან. ტანკის საბრძოლო კომპლექტი 45 ერთეული 120 მმ-იანი ჭურვისაგან შედგება. CV90120-T-ს მაქსიმალური სწრაფსროლა ძალიან მაღალია და 14 ან უფრო მეტ გასროლას უდრის წუთში.

CV90120-T-ზე დამონტაჟებულია კომპიუტერიზირებული ცეცხლის მართვის სისტემა. ტანკი, ასევე, აღჭურვილია ინტეგრირებული ბრძოლის ველის მართვის სისტემით.

მსუბუქ ტანკს მოდულარული ჯავშანი გააჩნია და სხვადასხვა კონფიგურაციის შერჩევაა შესაძლებელი, რაც, სიტუაციიდან გამომდინარე, დაცვის ხარისხისა და დონის შერჩევის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, ტანკზე დამატებითი ჯავშნის ფილების დაყენებაცაა შესაძლებელი. მიჩნეულია, რომ CV90120-T-ს შუბლა ნაწილის ჯავშანდაცულობა, დამატებითი ჯავშნის დაყენების შემთხვევაში, 30 მმ-იანი ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. ჯავშანი დანარჩენ ადგილებში 14.5 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვაზეა გათვლილი. უმაღლესი დონის დაცულობისათვის ტანკზე ასევე შესაძლებელია დინამიკური დაცვის ბლოკების დაკიდებაც.

CV90120-T-ს სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ტანკზე აქტიური დაცვის სისტემის - Defesive Aids Suite-ის დამონტაჟებით. ეს სისტემა მოიცავს ლაზერს, რადარს, რაკეტის მოახლოების გამაფრთხილებელ სისტემასა და მულტისპექტრული საკვამლავი ყუმბარების გამშვები მოწყობილობა. ტანკის რადარს შეუძლია აღმოაჩინოს უზუსტსი მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. გარდა ამისა CV90120-T-ს „სტელსის“ თვისებებიც ახასიათებს.

მსუბუქი ტანკის ეკიპაჟი ოთხი კაცისაგან შედგება, ესენია: ტანკის მეთაური, მსროლელი, დამტენი და მძღოლი.

CV90120-T-ში შასად შვედური ქვეითთა საბრძოლო მანქანის, CV90-ის (Combat Vehicle 90), მოდიფიცირებული შასი გამოიყენება. ძალური დანადგარის სახით ტანკზე „სკანია“ V-8 ტიპის დიზელის ძრავაა დაყენებული, რომელიც 670 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ყველაფერ კარგთან ერთად, ამ მსუბუქი ტანკის მოვლა-შენახვის ხარჯები არსებითად დაბალია, თანამედროვე ძირითად საბრძოლო ტანკებთან შედარებით. ამასთანავე ძირითად საბრძოლო ტანკებისაგან განსხვავებით, რომლების საჰაერო გზით ტრანსპორტირება მხოლოდ უზარმაზარი ტვირთამწეობის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებითაა შესაძლებელი, მსუბუქი ტანკის, CV90120-T-ს, ტრანსპორტირება თავისუფლად იქნება შესაძლებელი მომავლის Airbus A400M-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით.

army.ge