საფრანგეთი ირანს ემუქრება, ირანი კი აშშ–სკენ ფლოტს აგზავნის
20:27:33     28-09-2011
ირანი აშშ–ის მიმართულებით სამხედრო გემების გაგზავნას აპირებს, ევროპა კი ირანს თავდასხმით ემუქრება. „ფრანს პრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაეროში საფრანგეთის წარმომადგენელმა ჟერარ არნომ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბირთვული პროგრამის განვითარებას არ შეწყვეტს, ის, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სამხედრო ოპერაციის ობიექტი გახდეს. არნოს განცხადებითვე, მიუხედავად იმისა, რომ ეს დარტყმა მთელი რეგიონისათვის კატასტროფული შეიძლება გახდეს, მსოფლიო ირანს ატომური ბომბის შექმნის საშუალებას არ მისცემს, საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი, „ყველა შესაძლებლობა“ იქნება გამოყენებული.
ირანის ხელისუფლება უკვე გამოეხმაურა ფრანგების ამ განცხადებას. ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, თავდასხმის შემთხვევაში, მათი ქვეყანა შესაბამისად უპასუხებს აგრესორს. თეირანი კვლავ ირწმუნება, რომ მის მიერ წარმოებული ბირთვული პროგრამა, სამშვიდობო ხასიათს ატარებს, თუმცა დასავლეთს ამ ლეგენდებისათვის არასდროს დაუჯერებია.
თავდაპირველად, ირანი დასავლელ ოპონენტებს და მსოფლიო საზოგადოებას დაპირდა, რომ ურანს მხოლოდ შვიდპროცენტიან ზღვრამდე გაამდიდრებდა, რაც მას ბირთვული სათბობის გამოსაყენებლად სჭირდებოდა. ამჟამად, ისლამური რესპუბლიკის მესვეურების მადა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გამდიდრებული ურანის ზღვარმაც 20 პროცენტამდე აიწია.
თუმცა, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ ურანი სამედიცინო მიზნებით გამოსაყენებლად სჭირდებათ. საერთაშორისო ატომური სააგენტოს სტანდარტებით და კლასიფიკაციით კი, 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი უკვე იარაღად ითვლება, რადგან მისი გამოყენება ატომური იარაღის საწარმოებლად შეიძლება. ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა, ჯერ კიდევ 2010 წელს, ცეცხლზე ნავთი დაასხა და განაცხადა, რომ მის ქვეყანას 80 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის წარმოება შეუძლია, თუმცა, ჯერჯერობით, ამის გაკეთებას არ პირებს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, ვითარება კიდევ უფრო მწვავე ფაზაში შედის. როგორც ირკვევა, ირანული სამხედრო ხომალდები, ახლო მომავალში, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპიროსაკენ აპირებენ „გამგზავრებას“. ასეთი შესაძლებლობის შესახებ ირანის ხელისუფლებამ უკვე ოფიციალურად განაცხადა.
ეს წარმოუდგენელი ინფორმაცია, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ჰაბიბოლა საიარიმ, ერაყის 80-იანი წლების ომის დაწყების 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაახმოვანა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი მოქმედება პასუხი იქნება ირანის საზღვრებთან ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდების მიახლოებასთან დაკავშირებით. სხვა დეტალები, ჯერჯერობით, არ ზუსტდება.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები, ირანის ირგვლივ, სპარსეთის ყურეში, სამხედრო ბაზებს ქმნის, რომელთა ახალი სამხედრო ხომალდებით გაძლიერებაც ახლო მომავალში იგეგმება...