რუსები 2008 წლის აგვისტოში ჩამოგდებული ტუ-22-ის ეკიპაჟის მეთაურს ისევ ეძებენ

  13:06:34     15-10-2010

რუსები სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაურს კვლავ ეძებენ. გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ზელინის განცხადებით, პოდპოლკოვნიკ ალექსანდრ კოვენცოვის ბედი რუსული მხარისთვის ამ დრომდე გაურკვეველია.

 

სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-22მ3 2008 წელს ქართველმა სამხედროებმა ჩამოადგეს. როგორც ზელინი ამბობს, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და მათი ცხედრები მოიძებნა. ეკიპაჟის მეთაურის მოძებნა კი ვერ მოხერხდა.

 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილთან ახლოს ნაპოვნი იქნა კატაპულტირების სავარძელი და პარაშუტი. ”ჩვენ (2008 წლის აგვისტოს დანაკარგებით) გვაქვს მხოლოდ ერთი პრობლემა - ესაა პოდპოლკოვნიკი კოვენცოვი, რომელიც სამწუხაროდ ჯერაც არაა ნაპოვნი”, - განაცხდა ზელინმა და აქვე დასძინა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა მას ჯერჯერობით ”უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევს”.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. ”რუსების განცხადებაზე კომენტარს არ ვაკეთებთ”, - განუცხადა ”პრესა.გეს” სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ. კომენტარს არც საქართველოს ხელისუფლების წევრები აკეთებენ.

 

აღსანიშნავია, რომ საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ, ტყვეთა გაცვლის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, ყველა ტყვე უკვე გადაცვლილია. თუმცა ცხინვალის ციხეში ამ დრომდე რჩება ერთადერთი სამხედრო ტყვე, საქართველოს არმიის კაპრალი, მესანგრე ზვიად კობალაძე. ოსებმა ქართველ კაპრალს ბრალად ”ოსი ხალხის გენოციდში” მონაწილეობა წაუყენეს და მის გათავისუფლებაზე ან გაცვლაზე კატეგორიული წინააღმდეგი არიან.

 

სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური იხსენებს, რომ 2008 წლის აგვისტოში იყო შემთხვევა, როცა ოსებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს და რუსი პილოტი იმ მოტივით ჩაქოლეს, რომ ქართველი ეგონათ.

 

”რაც შეეხება ამ ფაქტს, არა მგონია, რომ საქართველოს ჰყავდეს დატყვევებული რუსი პოლკოვნიკი და ამას მალავდეს. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. არანაირ სარგებელს ეს საქართველოს ვერ მოუტანს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი მართლა უგზო-უკლოდ დაიკარგა”, - აცხადებს მელითაური.

 

კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე, რომელიც რუსულ-ქართული შერეული კომისიის წევრი იყო, ამბობს, რომ რუსული მხარე მაშინ ძალიან სერიოზულად ითხოვდა ქართული მხარისგან რუსი მფრინავის მოძებნას.

”ეს მფრინავი არაა უბრალო ადამიანი, ის ტუ-22 მ3-ის ეკიპაჟის უფროსი, მეთაური იყო. ამ საჰაერო ხომალდის ღირებულება არის 30 მილიონი დოლარი, ძალიან სერიოზული საჰაერო ხომალდია, რომლის ჩამოგდება არც ისე იოლი იყო. მაგრამ, ჩვენმა მხარემ მოახერხა ამის გაკეთება. იმიტომ, რომ არ მოჰყვებოდა შესაბამისი დაცვა.

 

ისე მოხდა, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი იყო დაღუპული, ორი ტყვედ ჩავარდა, მეოთხე დაიკარგა. ის ორი გადასცეს რუსულ მხარეს ძალიან მალე.

 

მაგრამ, რაც შეეხება ამ დაკარგულ პოლკოვნიკს, მის გადაცემას ჩვენგან დიდი ხანი ითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ თითქოსდა ჩვენ გვყავდა. მაგრამ, შემდგომში გაჩერდა უკვე ეს მოთხოვნები. შეიძლება უწყებათა შორის არის რაღაცა საუბრები, მაგრამ ხმამაღალი განცხადება არ გაკეთებულა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რუსები დარწმუნდნენ, რომ ეს პიროვნება აფეთქების დროს დაიღუპა.

   

ქართული მხარის მოძიებული მასალებითაც კი არ ჩანს მისი სხეულის კვალი და ამიტომ არის საეჭვო ეს ყველაფერი. ამ კომისიის მუშაობის ფარგლებში რუსებმა ასეთი წინადადებაც კი წამოაყენეს, რომ თქვენ ალბათ ის ამერიკელებს გადაეცითო, რაღაცა საიდუმლო ინფორმაცია რომ მიეღოთო. უცნაურია, მაგრამ ამ კაცის ალი-კვალი არ ჩანს. არც მისი სხეულის ნაშთები”, - აცხადებს არეშიძე.

   

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად უცხადებდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და რუსულ მხარეს, რომ მათ ეს პიროვნება არ ჰყავთ.

 

”როდესაც თქვენ მითხარით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ხომ მუშაობდნენ და აქ რომ ყოფილიყო, კვალს ხომ მიაკვლევდნენო, ასე არაა. იმიტომ, რომ რამდენიმე ოსი პატიმრის კვალს ვერავინ მიაკვლია, იმ ოსი პატიმრების, რომელიც სავარაუდოდ ჩვენს მხარეს უნდა ჰყავდეს. ასე რომ გადამალვა თუ უნდათ ვინმესი, ეს არაა ძალიან რთული. მაგრამ, რაში სჭირდებათ, ეს უკვე მეორე საკითხია” - ამბობს მამუკა არეშიძე.