უბრალოდ, ბერტოლდ ბრეხტი

  11:01:25     28-09-2011

ბერტოლტ ბრეხტი გერმანელი პოეტი, პროზაიკოსი, რეჟისორი და დრამატურგი, თეატრის რეფორმატორი, თეატრ „ბერლინის ანსამბლის“ დამაარსებელი, 1898 წელს დაიბადა.

ბრეხტი წერას ძალიან ადრე იწყებს, მისი პირველი ნაწარმოები 1914 წელს ქვეყნდება. იგი ჯერ ფილოსოფიას ეუფლება, შემდეგ მედიცინის შესწავლას იწყებს და პირველი მსოფლიო ომის დროს ექთნად მუშაობს. 1918 წელს ის წერს თავის პირველ პიესას „ბაალი“. ამას მოჰყვება „დაფდაფები ღამეში“ (1919) და „ქალაქთა ჯუნგლებში“ (1921). ეს სამი ნაწარმოები ავტორის ანარქისტულ მხარეს წარმოაჩენს.

1924 წელს, ბრეხტის პიესები იდგმება ბერლინში, რეინჰარდტის მიერ. 1928 წელს, ბრეხტი ქმნის „სამგროშიან ოპერას“, რომელიც მისი და საერთოდ გერმანული თეატრის ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა.

მალე ბრეხტი მარქსისტი ხდება. ნაციზმის აღმასვლა იძულებულს ხდის 1933 წელს დატოვოს გერმანია, სადაც მისი ნაწარმოებები აკრძალულ იქნება. იგი მოგზაურობს ევროპაში (დანია, ფინეთი, რუსეთი), შემდეგ კი აშშ-ში, კალიფორნიაში სახლდება. 1947 წელს, თავისი მარქსისტული იდეების გამო, აქედანაც იძულებული ხდება გაემგზავროს. ამ პერიოდში იწერება ბრეხტის შემოქმედების დიდი ნაწილი, მათ შორის „გალილეის ცხოვრება“, „დედა კურაჟი და მისი შვილები“, „არტურო უის წინააღმდეგობრივი აღმასვლა“, „კავკასიური ცარცის წრე“ და „მცირე ორგანონი თეატრისთვის“. ამ უკანასკნელში მოცემულია ბრეხტისეული თეორია ეპიკური თეატრისა და „დისტანციაციის“ შესახებ.

1949 წელს, დრამატურგი საბოლოოდ სახლდება აღმოსავლეთ ბერლინში, სადაც ხელმძღვანელობს თეატრს „ბერლინის ანსამბლი“. აქვე აარსებს მარქსისტული მიმართულების „ეპიკურ თეატრს“. შემდეგ, მხარს უჭერს კომუნისტურ დიქტატურას დ  როცა 1953 წლის 17 ივნისს გერმანიის დემოკრეტულ რესპუბლიკაში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის მუშათა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იწყება, ბრეხტი იმავე დღეს წერილს უგზავნის ვალტერ იულბრიხტს და აცნობებს, რომ მთლიანად მხარს უჭერს მთავრობას და საბჭოთა ჯარების შემოყვანას. ამ დროს წარმოთქვამს ბრეხტი თავის ცნობილ ფრაზას: „თუ ხალხი ცუდად ფიქრობს შევცვალოთ ხალხი!“. გდრ-ის რეჟიმის თითქმის ოფიციალურ ფიგურად ქცეული ბრეხტი 1955 წელს იღებს სტალინის საერთაშორისო პრემიას მშვიდობისათვის. ბერტოლდ ბრეხტი ინფარქტით გარდაიცვალა 1956 წელს.

ბრეხტს სურდა დაემსხვრია თეატრალური ილუზია და მაყურებელი აეძულებინა დაფიქრებულიყო იმაზე, რაც სცენაზე ხდებოდა. აქედან გამომდინარე, მისი პიესები დიდაქტიკური ხასიათისაა: ხშირია სცენაზე დაფებზე დაწერილი ანდაზების, მაქსიმების გამოტანა, პუბლიკისადმი მიმართული აპარტეები, პიესის კომენტარები, სასიმღერო ჩანართები და ა.შ. იგი აიძულებს მაყურებელს კრიტიკულად შეხედოს ამბავს. ამ პროცესმა, რომელსაც ბრეხტი „დისტანციაციას“ უწოდებს, დიდი გავლენა იქონია შემდგომი თაობის რეჟისორებზე.