ვალერიან გაფრინდაშვილის „ჯიოკონდას ღიმილი“

  11:59:22     27-09-2011

ეს ესე დიდი ხანია მივიწყებულია, სამწუხაროდ. ბევრმა არც კი იცის მის შესახებ. არადა, ვალერიან გაფრინდაშვილის „ჯიოკონდას ღიმილი“ ძალიან საინტერესოა რამდენიმე თვალსაზრისით.

ადამიანები, მეცნიერები, ხელოვნების მოყვარულები, უბრალოდ ცნობისმოყვარენი დიდი ხანია ცდილობენ გაიგონ რა იმალება ლეონარდო დავინჩის გენიალური ქმნილების „მონა-ლიზას“ („ჯოკონდას“) ღიმილის უკან. დიდი ხანია, განსაკუთრებით 1911 წლიდან, როდესაც სამი წლით დაკარგული იყო ეს სურათი და ძიების დროს კიდევ უფრო პოპულარული გახდა, ადამიანებს აღელვებს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია „ჯოკონდასთან“. უამრავი ლეგენდა თუ ვერსია წარმოიშვა მისი შექმნის, მისი საიდუმლოს თუ მასთან დაკავშირებული სხვა საინტერესო ამბების შესახებ.

განსაკუთრებით საინტერესოა „ჯოკონდას“ ღიმილი. რას არ ამბობდნენ. ყველა სხვადასხვაგვარად ხსნის ჯოკონდას სახის გამომეტყველებას, მის ღიმილს. არის ვერსია, რომ ხატვის დროს ქალბატონის ღიმილის გამოსაწვევად დიდ ლეონარდოს მოწვეული ჰყავდა მუსიკოსები და მასხარები. „ჯოკონდას“ ღიმილი ხელოვნების ერთ-ერთ საიდუმლოდ იქცა.

ჩვენი შესანიშნავი პოეტის, ვალერიან გაფრინდაშვილის გენიალური ახსნით, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთი ასპექტი იყოს ამ საქმეში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ჯოკონდას ღიმილი არის ის, რისთვისაც იღწვიან შემოქმედები, რისთვისაც თავსაც კი სწირავენ...

სჯობს თავად წავიკითხოთ ეს შესანიშნავი ესე, რომელშიც ხელოვნების მიზანი კარგად არის დაკავშირებული ხელოვნების მუზასთან თუ ქალთან, ანდროგენთან თუ დამასთან და სხვა.

ამ თემასთან დაახოებულია ვალერიან გაფრინდაშვილის კიდევ ერთი ესე „ფრაგმენტები“, რომელსაც სხვა დროს შემოგთავაზებთ.

ჯიოკონდას ღიმილი

ტეოფილ გოტიემ თავის „მინანქრებში და კამეებში“ სუსხიანი ლექსი შესთავაზა მკვლელის ლაცენერის ხელს. მან გააზღაპრა ანდროგინა თავისი დაუვიწყარი სტრიქონებით, და აქ პირველად იჩინა თავი ბოდლერის, „იდეალმა“ და მალარმეს „იროდიადამ“. ჟან ჟილკენის ლექსი ტემაზე მხოლოდ გამეორებაა გოტიესი.

თვითონ აკაკი წერეთელმა ნახა იღბლიანი მომენტი რუსთაველის ცხოვრებაში, როდესაც უკანასკნელი ჩვეულებრივზე უფრო ინტიმურია. რუსთაველმა თავის მარტოობაში, მის შემდეგ, რაც მიართვა თამარს „ვეფხისტყაოსანი“, მიიღო მისგან „საიდუმლო ბარათი“.

„და დაუკოცნა ხელი მან
ოცნებით გამოშვერილი“.

რამოდენიმე საუკუნის შემდეგ აკაკიმ მიაწოდა რუსთველს თამარის ხელი, ეს ხელი უდრის მარია სტიუარტის იდეალურ ხელს, რომლისთვისაც აზნაურები და თავადები არ ერიდებოდნენ იოანე ნათლისმცემლის საბედისწერო დასასრულს.

ელისავეტასი და შექსპირის ოქროს ხანა მოგვაგონებს თამარის და რუსთაველის ოქროს ხანას. რუსთაველისთვის შექსპირის სონეტების როლს ჩახრუხაძის ლექსები თუ გასწევს.

თამარი იყო რუსთაველისთვის ის, რაც იყო ჯიოკონდა ლეონარდო და ვინჩისათვის.

მოყვანილ მაგალითებში გოტიეს და რუსთაველს აწვალებს გამოცანა, როგორც ვინჩის აწვალებდა მონა-ლიზა - სიმბოლო გამოუცნობ და საიდუმლო ბუნების.

ბოდლერმა წარმოიდგინა მშვენიერება, როგორც „ოცნება ქვისაგან“, როგორც ქალის თეთრი ქანდაკება, რომელიც არ სტირის და არ იცინის. ეს იყო პარნასელების იდეალი.

ქართული პოეზია მთელი საუკუნეების განმავლობაში აღიარებდა თავის მუზათ რუსთაველის თინათინს, „შვიდასი წლის დედოფალს“ თამარს. თამარის სახით მარადი ქალურობის იდეია პირველად გამოეცხადა ქართულ პოეზიას.

ინოკენტი ანენსკის აზრით პუშკინს ჰყავდა წარმოდგენილი ბუნება და სილამაზე, როგორც ნატალია გონჩაროვა, ცივი და მაინც მიმზიდველი.

მსოფლიო იღებს საყვარელ ქალის ფორმას.

მალარმეს აზრით პოეზიაში უნდა იყოს საიდუმლო. თვით პოეზია არის უხილავი იზიდა; ქვეყანა შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც სიმბოლო მხოლოდ. ყოველ შემთხვევაში შემოქმედებას უნდა ადგეს თავზე ორეოლივით და ორეულივით საიდუმლო.

სადაც არის ნამდვილი ხელოვნება (მე აქ ვგულისხმობ რეალისტურ ხელოვნებასაც, მაგალითად „ხორცის მესაიდუმლე“ ლევ ტოლსტოი), იქ არის მისტიური წყურვილი, რომელიც უდრის უკვდავების წინაგრძნობას.

ჩვენ პოეზიაში ვგრძნობთ ჯიოკონდას ღიმილს და ეს ღიმილი არის უკანასკნელი ბედნიერების დაპირება. შეიძლება ეს ღიმილი გამოგონილია, მაგრამ ეს სულერთია. ნუ დავემსგავსებით ანდერსენის სულელს, რომელმაც გაბედა იმის დაძახება, რომ მეფე ტიტველია.

ჯიოკონდას ღიმილი გვიანდერძა და ვიჩიმ, როგორც მუდმივი გამოცანა, როგორც თავისი ირონია და კურთხევა.

თანამედროვე პოეზია ამ ღიმილის ღერბის ქვეშ მიდის: ეს პოეზია აფასებს მიწის ნაყოფიერებას, მაგრამ ვერ დაივიწყებს რომანტიულ ცას.

აფროდიტას შემდეგ პოეზიის ქალბატონად იყო გამოცხადებული თვით მადონა, მაგრამ მადონას იდეალი იყო მეტად მაღალი და პოეტები უფრო ხშირად უმღერდნენ „მშვენიერ დამას“.

არსებობს ლეგენდა საშუალო საუკუნეებიდან: ბერი, რომელიც უფრო ადრე ჟონგლიორი და ჯამბაზი იყო, თავის აღტაცებას და ლოცვას ღვთისმშობლისადმი გამოსთქვამდა ხტუნვით, ცეკვით და სალტო-მორტალეებით. ღვთისმშობელი უთუოდ მიიღებდა ამ ლოცვას, რადგან აქ იყო ბავშვური გულწრფელობა და თავისებური პატივისცემა ღმერთისადმი. ასეთი უშუალო პოეტები ახლა თითქმის არ არიან. ჯიოკონდას ავტორი იყო თავისი ეპოქის ჭკუა და წინამორბედი ბევრი მეცნიერული აღმოჩენების. მან პირველმა მოინდომა იკაროს ოცნების განხორციელება და თანამედროვე ავიაცია მხოლოდ ასრულებაა ლეონარდოს გენიალურ პროეკტების. ბევრს გულუბრყვილო მკითხველს ჰგონია, რომ პოეტი ყოველთვის მოცარტი უნდა იყოს და არასდროს სალიერი.

ორი სილუეტი: ეგდარი და ბოდლერი. ისინი დაეუფლნენ პოეზიას, პირველი თავისი „ყორანით“ და მეორე მთვარით (ლაფორგის და უახლოესი პოეზიის მთვარე მოცემულია ბოდლერის „მთვარის საჩუქრებში“).

ბოდლერის და ედგარის პოეზიაში არის ჯიოკონდას მაღალი შუბლი. ჯიოკონდას ღიმილი მუდამ ახლავს პოეზიას. ანტიურ ხელოვნებაში მედუზა თუ შეედრება მონა-ლიზას, მაგრამ მედუზა უფრო კონკრეტული და სადა გამოთქმაა საშინელების.

ქართული პოეზიის ჯიოკონდა თამარია. თამარის კულტი არის ქართულ ისტორიაში, ცხოვრებაში და ნაკლებათაა განვითარებული ქართულ პოეზიაში. ქართული პოეზია ვერ ბედავდა თამარის გამოცანასთან მიახლოებას, მაგრამ თამარის შუბლი და ვიწრო თითები მაინც საგრძნობელია ჩვენს ლირიკაში.

არის პოეტი, რომელიც მეტ გამძაფრებით განიცდის ჯიოკონდას, მაგრამ ის იმდენად მორცხვია ამ სიყვარულში, რომ ერთი სტრიქონიც არ დაუწერია ჯიოკონდაზე. ეს არის კოლაუ ნადირაძე.

თანამედროვე ქართული პოეზია გაბზარულია ჯიოკონდას ღიმილით. ეს ღიმილი ბუნდოვანია, როგორც ალექსანდრე ბლოკის საღამო და მისი სხივი არ არის ყველასათვის დასანახავი.

„ყანწელებისათვის“, რომელნიც დიდხანს იყვნენ უცნაურის და იდუმალის კულტით შეპყრობილნი, ჯიოკონდა ძვირფასი მოგონებაა და უკანასკნელი იმედია.

(8 აპრილი, 1923 წ.)