„ფეხშიშველი დივა“ სცენას ტოვებს

  16:45:29     26-09-2011

მომღერალმა ცეზარია ევორამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ჯერ დაგეგმილი კონცერტები გააუქმა, შემდეგ კი გადაწყვიტა მუსიკალური კარიერისთვის  წერტილი დაესვა.

ბოლო წლებში, ცეზარიამ რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა, რამაც მისი ჯანმრთელობა საბოლოოდ შეარყია. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, გულის ღია ოპერაცია იყო. ექიმებმა, რომლებიც ცეზარიას მეთვალყურეობენ, დაგეგმილი ტურნეს გაუქმება ურჩიეს. მენეჯერთან და პროდიუსერთან კონსულტაციის შემდეგ, ცეზარიამ გადაწყვიტა დაესრულებინა თავისი კარიერა.

ცეზარია ევორა 1941 წლის 27 აგვისტოს, კაბო ვერდეს კუნძულზე, ქალაქ მინდელოში დაიბადა. მამა ადრე დაეღუპა, დედა შვიდ შვილს მარტო ზრდიდა. თანატოლებისაგან განსხვავებით, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ, ცეზარია თავისი მიწის ერთგული დარჩა და დღემდე მინდელოში ცხოვრობს.

ახლა ცეზარია 70 წლისაა. სიმღერით ფულის გამომუშავება 16 წლის ასაკში დაიწყო. თუმცა, დიდება და აღიარება 47 წლის ასაკში ეწვია. მანამდე ცეზარია ლუდის ბარებში მღეროდა.

მომღერალს სამი შვილი ჰყავს და სამივე სხვადასხვა მამაკაცისგან. მათ უმამოდ ზრდიდა, ასე რომ მომღერალს სიღარიბეც უნახავს და საყვარელი ადამიანებისგან ღალატიც. ალბათ ამიტომ არაა ყალბი მისი მწუხარება სცენაზე. მღერის სულით, თითქოს თავისთვის. მისი მოსმენა შეუძლია როგორც 15 წლის მოზარდს, ასევე, 85 წლის ადამიანს.

ერთხელ, ცეზარიას სიმღერები ფრანგმა პროდიუსერმა მოისმინა და განსაკუთრებული შემსრულებელი პარიზში მიიწვია. მან ცეზარიას პირველი ალბომი ჩაუწერა, რომელმაც ადვილად ჰპოვა აღიარება მთელს ევროპაში. მას შემდეგ, ცეზარია ალბომებს თითქმის ყოველწლიურად უშვებს. სიმღერამ მას 50 მილიონი დოლარი მოუტანა, თუმცა, მილიონერივით სრულიად არ იქცევა; დადის უბრალო „ტოიოტით“, ცხოვრობს იმ სახლში, რომელშიც ცხოვრობდნენ მისი ღარიბი მშობლები, არ ატარებს ბრილიანტებს, უყვარს ფეხშიშველი სიარული - ქალაქშიც კი.

ცეზარია ევორას ფენომენს უნიკალურს და ამოუცნობს უწოდებენ. ფაქტობრივად, ის ეთნიკურ სიმღერებს ასრულებს.

ცეზარია ერთადერთი ცნობილი ადამიანია დედამიწის ამ კუთხიდან. ჭორების თანახმად, მომღერალი თავისი ჰონორარით მრავალრიცხოვან სამშობლოს კვებავს. ოფიციალური წყაროებით კი ცნობილია, რომ თავის ქვეყანაში საბავშვო სოციალურ პროგრამებს აფინანსებს.

ფერადკანიანი ბებია პორტუგალიური ენის ერთ-ერთ დიალექტზე-კაბოვერდეულ კრეოლზე მღერის. ევროპაში მისი სიმღერის სიტყვები არავის ესმის, მაგარამ ეს არ წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს – მისი ემოცია ზუსტად მიდის მსმენელამდე.