ტომას ელიოტი (დაბადების დღისადმი)
13:51:53     26-09-2011
1888 წლის 26 სექტემბერს ამერიკაში, სენტ-ლუისში, მისურის შტატში, დაიბადა ცნობილი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, კრიტიკოსი ტომას სტერნზ ელიოტი (Thomas Stearns Eliot).
მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული, ტრადიციული და პურიტანული იყო. მომავალი პოეტი პატარაობიდან ავლენდა არაჩვეულებრივ ტალანტს. 14 წლის ასაკიდან წერდა ლექსებს. ძალიან მოსწონდა ომარ ხაიამი. სწავლობდა კერძო სკოლაში, შემდეგ კი ჰარვადის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი დაასრულა სამ წელიწადში. მუშაობდა უნივერსიტეტში ასისტენტად.
მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალში „ჰარვარდის ადვოკატი“, სადაც რედაქტორად მუშაობდა თავად.
1910-1911 წლებში ცხოვრობდა პარიზში და ისმენდა ლექციებს ფილოსოფიაში და შეისწავლიდა უცხო ენებს სორბონის უნივერსიტეტში. 1911 წელს დაბრუნდა ამერიკაში და ჰარვარდის დოქტორანტურაში შეისწავლიდა ინდურ ფილოსოფიას და სანსკრიტს.
1914 წლიდან გადასახლდა ევროპაში. ჯერ გერმანიაში ცხოვრობდა, მარბურგში, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ინგლისში გადავიდა. მუშაობდა ბანკში, სკოლის მასწავლებლად, მერე კი ლიტერატურის პროფესორად. ჯერ ლონდონში ცხოვრობდა, მერე ოქსფორდში.
მისი ლექსების კრებული „პრუფროკის სასიყვარულო სიმღერა“, რომელიც 1917 წელს გამოვიდა, თანამედროვეებმა აღიქვეს ანგლო-ამერიკული მოდერნიზმის მანიფესტად. 1919 წელს გამოვიდა მისი კრებული „ლექსები“. 1922 წელს „იავარქმნილი მიწა“, ომიშემდგომი „დაკარგული თაობის“ ვნებების გამომხატველი. შემდეგ პოემა „ოთხი კვარტეტი“, როგორც ამბობენ ყველაზე ფილოსოფიური პოემა, რომელზეც, მიუხედავად ავტორის ქრისტიანული მრწამსისა, იმოქმედა ინდურმა ვედებმა...
პარალელურად წერდა კრიტიკულ წერილებს ლიტერატურის საკითხებზე. თარგმნიდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს. სიცოცხლის ბოლო ხანებში ითვლებოდა უდიდეს ინგლისურენოვან პოეტად ცოცხალთა შორის. ის ვერ იტანდა თანამედროვე სამყაროს მიერ ადამიანის სული შევიწროებას.
მას ანტისემიტიზმში სდებდნენ ბრალს, მაგრამ, როგორც გაირკვა, ის ეხმარებოდა ებრაელებს ავსტრიიდან და გერმანიიდან ამერიკაში და ინგლისში გადასახლებაში. როგორც ამბობენ, ელიოტი მიესალმა ისრაელის სახელმწიფოს დაარსებას. სხვათა შორის, არა ერთი კონსერვატორი მიესალმა ისრაელის ტრადიციონალისტური სახელმწიფოს შექმნას და მაგალითად დაუსახეს სხვა ერებს მსგავსი კონსერვატიულ-ტრადიციონალისტური სახელმწიფოს აშენება.
1948 წელს დაჯილდოვებულ იქნა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში. იმავე წელს მიიღო ბრიტანეთის ღირსების ორდენი. 1954 წელს დააჯილდევეს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ოდენით და ჰანზის კავშირის გოეთეს პრემიით.
დიდი პოეტი გარდაიცვალა 1965 წლის 4 იანვარს. დაკრძალულია ვესმისტერის სააბატოში.
მარინა
(ინგლისურიდან თარგმნა გია ჯოხაძემ)
ეს რა ზღვებია
რა ნაპირები
რუხი კლდეები და კუნძულები
ეს რა ზვირთები ეხეთქება ხომალდის კიჩოს
ფიჭვის სურნელი და ბურუსში შაშვის გალობა
გარდასულ დღეთა და სახეთა ტალღად მოგორავს
ჩემო გოგონა.
ვინც ქოფაკ ძაღლებს წაუმახა კბილები ავი,
სიკვდილი არი
ვინც ჩია კოლიბრს სიამაყის შეასვა შხამი,
სიკვდილი არი
ვინც ფუფუნების საღორეში თვლემს გამაძღარი,
სიკვდილი არი
ვინც პირუტყვულ ჟინს აჰყოლია ვნებებით მთვრალი,
სიკვდილი არი
უსუბსტანციო, ქარის ქროლვით დამჭლევებული
ფიჭვების სუნთქვა, ბუნდოვანი სიმღერა ტყისა
ამ სილამაზეს დაუფარავს შესაბამისად.
ეს რა სახეა, იდუმალი ნაცნობ იერით
და მაჯისცემა, ძლიერი და არც თუ ძლიერი _
ვალია, ნეტავ? თუ უბრალოდ საჩუქარია?
უფრო შორია ვიდრე ხომლი და უფრო ახლო ვიდრე თვალია
ფოთლების მიღმა ჩურჩული და სიცილი წყნარი
ძილბურანში კი ნაბიჯი ჩქარი
იქ, სადაც ყველა ერთდება წყალი.
სიცივეს გემი დაუბზარავს და საღებავი შეუბღალავს საშინელ სიცხეს.
ყოველივე ეს მე შევქმენი, მე დამავიწყდა და მახსოვს ისევ.
დაშლილი გემი დაფლეთილი აფრების ბადე
იმ სექტემბრიდან ამ ივნისამდე.
მე ჩავიდინე გონს მოსულმა ნახევრად, ვითომ,
უგნურმა, თვითონ.
გემს წყალი ავსებს, ღრიჭოები დაგმანვას ითხოვს.
ფორმები, სახე, სიცოცხლის ცნება
სამყაროს დროში არსებული ჩემს მიღმა რჩება;
მომეცი ნება არად ჩავაგდო ჩემი ყოფა ამ სიცოცხლის წილ,
მცირე სათქმელსაც ამ უთქმელზე ვცვლი,
გამოღვიძება,
შეღებული საამოდ ბაგე,
იმედი და
სხვა ხომალდები.
ეს რა ზღვებია რა ნაპირები გრანიტის მთები
თვალწინ მეშლება ემიჯნება ჩემს სამფლობელოს
შაშვის ძახილი გადაუვლის ნისლიან მდელოს
ო, შვილო ჩემო.