უილიამ ფოლკნერის სამწერლო კრედო (დაბადების დღისადმი)
22:58:23     24-09-2011
1897 წლის 25 სექტემბერს დაიბადა დიდი ამერიკელი მწერალი უილიამ ქათბერ ფოლკნერი (William Cuthbert Faulkner), ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.
დაიბადა ნიუ-ოლბანში, მისისიპის შტატში, უნივერისტეტის საქმეთა მმართველის მარი ჩარლზ და მოდ ფოლკნერების ოჯახში. მისი პაპა, უილიამ კლარკ ფოლკნერი, ჩრდილოეთისა და სამხრეთის ომში სამხრეთელების ჯარისკაცი, ავტორია იმ დროისათვის პოპულარული რომანისა „მემფისის თეთრი ვარდი“.
როცა მომავალი მწერალი ჯერ კიდევ პატარა იყო, ოჯახი საცხოვრებლად შტატის ჩრდილოეთში, ოქსფორდში გადავიდა, სადაც მწერალმა გაატარა მთელი ცხოვრება.
1918 წელს გაუთხოვდა სატრფო და ახალგაზრდა გენიოსმა ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ არ წაიყვანეს. შევიდა სამხედრო სასწავლებელში… სანამ დაასრულებდა სასწავლებელს ომი დამთავრდა. დაბრუნდა ოქსფორდში და ისმენდა უნივერსიტეტში ლექციებს, თუმცა მერე მიატოვა. 1919 წელს შედგა მისი ლიტერატურული დებიუტი ჟურნალში The New Republic, სადაც გამოქვეყნდა მისი ლექსი: „ფავნის დღის სიზმარი“.
1925 წელს მას მწერალმა შერვუდ ანდერსონმა, რომლის მოთხრობა „ტენდი“ ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევთავაზეთ პრესა.გე-ს მკითხველს წასაკითხად, ფოლკნერს ურჩია პროზისთვის მიემართა და ეწერა ამერიკის სამხრეთზე, რასაც კარგად იცნობდა.
დიდი ფოლკნერი ასეც მოიქცა და მსოფლიო ლიტერატურა გაამდიდრა შედევრებით.
1929 წელს დაქორწინდა თავის სატრფოზე, ესტელაზე, მას შემდეგ რაც ის ქმარს გაშორდა. მათ ორი შვილი ჰყავდათ. კრიტიკოსებს ძალიან მოსწონდათ ფოლკნერის ნაწარმოებები, მაგრამ ამერიკაში ჯეროვნად არ აფასებდნენ მაინც. ოჯახის შენახვის მიზნით ჰოლივუდისთვის მუშაობდა. ევროპაში უკვე იცნობდნენ და ძალიან აფასებდნენ.
1947 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია, რის შემდეგაც ამერიკაშიც დააფასეს.
ცნობიერების ნაკადზე“ სხვა დროს ვისაუბროთ, დღეს გთავაზობთ უილიამ ფოლკნერის სიტყვით გამოსვლას სტოკჰოლმში, ნომელის პრემიით დაჯილდოებისას.
ნობელის პრემიის ლაურიატებს აქვთ ტრადიცია, რომელიც არ ირღვევა. ყოველი ლაურეატი სიტყვით გამოდის შვედეთში, სტოკჰოლმში. ლაურეატის სიტყვას ყველა დიდი ინტერესით ელოდება. ხშირად ასეთი გამოსვლა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატისა არის დიდებული ნიმუში ესეისტური აზროვნებისა.
ფოლკნერის გამოსვლაში ბევრ საინტერესოს და მწერლისთვის აუცილებელს იპოვის მწერლობის გზაზე დამდგარი ადამიანი. ან ის, ვისაც ჰგონია, რომ მწერლობა მოდური, მადისაღმძვრელი სექსუალური მოთხრობების შექმნაა. სინამდვილეში, როგორც ფოლკნერი თვლიდა, მწერლობა ადმიანის დახმარებაა მისი გადარჩენის საქმეში. ფოლკნერის გამოსვლა არის მართლაც ნამდვილი ესე - დიდი მწერლის შემოქმედების კრედო...
უილიამ ფოლკნერის სიტყვა ნობელის პრემიით მისი დაჯილდოების გამო
(თარგმნა რევაზ თვარაძემ)
ასე მგონია, ეს ჯილდო მე კი არ მენიჭება, ჩემს შრომას ენიჭება-მეთქი. ეს შრომა მთელი ცხოვრების შემოქმედებად ქცევაა. რუდუნებითა და სულიერი მოწამეობით გარჯა არც სახელის მოხვეჭისა და, რაღა თქმა უნდა, არც გამორჩენისათვის, არამედ საიმისოდ გარჯა, რომ ადამიანის სულის ჭიდილისგან მანამდე არარსებული რამ შეიქმნას... ჩვენი დროის ტრაგედია ის საყოველთაო ცხოველური შიშია, რომლითაც დიდი ხანია ვძრწით და რომელსაც შევეგუეთ კიდეც. სულიერი პრობლემები გამქრალია. ახალგაზრდა მწერლებმა დღესდღეობით მიივიწყეს პრობლემა ადამიანის სულისა მისი შინაგანი წინააღმდეგობებითურთ, მიივიწყეს მწერლის შრომისა და ტანჯვის ერთადერთი თემა. მწერალი ხელახლა უნდა განისწავლოს; უნდა შეიგნოს, რომ ყველა გრძნობათაგან შიში ყველაზე უღირსის გრძნობაა და, ამას რომ ჩასწვდება, სამუდამოდ უნდა დაივიწყოს შიში, ყოველივე უნდა განაძოს თავისი სახელოსნოდან, გარდა გულის სიმართლისა, გარდა იმ ძველთაძველი მარადიული ჭეშმარიტებებისა, რომელთა სახელია პატიოსნება და სიყვარული, სიამაყე და ლმობიერება, თანაგრძნობა და მსხვერპლად მისვლა, და ურომლისოდაც ყოველი ნაწარმოები მალევე გასაქრობად განწირული წილადობილაა. ამის ქმნამდე მწერლის შრომა მუდამ წყევლის დაღით არის აღბეჭდილი. სიყვარულის ამბავს კი არ წერს, არამედ ავხორცობისას; დამარცხების ამბავს წერს, მაგრამ ამ დამარცხებას სასოება არ ახლავს თან, და რაც კიდევ უარესია, არც თანაგრძნობა ახლავს და არც სიბრალული. მის საწუხარს ჭმუნვა არ ურევია და მისი ჭრილობები ნაიარევს არ აჩნევენ. გულის ამბავს კი არ წერს, ჯირკვლებისას წერს. და, ვიდრე ხელახლა არ განისწავლება, მოთხრობითაც მუდამ იმგვარად მოგვითხრობს, როგორც უბრალო მოწმე ადამიანის დაღუპვისა. ხოლო მე ადამიანის დაღუპვას ვერ შევეგუები. ცხადია, ძნელი არაა თქმა - ადამიანი თუნდაც იმიტომ არის უკვდავი, რომ მიწის პირიდან არ გაქრებაო, უკანასკნელი დაისის მეწამულ ფერებში უსაზმნოდ და ცალად მდგარი ქარაფიდან დროთა სრბოლის ზარი უკანასკნელად რომ ჩამორეკავს და მიჩუმდება, ადამიანის დაუდუმებელი ბგერა მაშინაც კიდევ იხმიანებსო. მაგრამ მე ამასაც ვერ შევიწყნარებ. მე მწამს, რომ ადამიანი არამცთუ გადარჩება, გაიმარჯვებს კიდეც. კაცი იმიტომ კი არ არის უკვდავი, რომ ყოველივე ცოცხალი არსიდან მხოლოდ მას აქვს დაუდუმებელი ხმა, არამედ იმიტომ, რომ სული აქვს მიმადლებული, თანამგრძნობი, მსხვერპლად მიმსვლელი და მოთმინე სული. პოეტის, მწერლის ვალია ნიადაგ ამცნობდეს ამ ამბავს მსმენელებს. პოეტს ბოძებული აქვს უდიდესი უფლება - შეეწიოს უკვდავების გზაზე მავალ ადამიანს იმით, რომ სული აუმაღლოს, გულოვნება და ღირსება შეახსენოს ხოლმე, იმედი და სიამაყე, თანაგრძნობა, ლმობიერება და მსხვერპლად მისვლა - ის ყოველივე, რაც ადამიანის ოდინდელი დიდება იყო. პოეტის ხმა მარტოოდენ ექოდ არ უნდა გაისმოდეს. მას შეუძლია იმ ბურჯად, იმ ბალავრად იქცეს, ადამიანს გადარჩენაში და გამარჯვებაში რომ შეეწევა.