Boxer - ჯავშანტრანსპორტიორი

  11:32:55     15-10-2011

მრავალმხრივი დანიშნულების ჯავშანტრანსპორტიორის Boxer-ის შექმნაზე მუშაობა გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ჰოლანდიამ ერთად დაიწყეს. თუმცა 2003 წელს გაერთიანებული სამეფო გამოვიდა პროგრამიდან და ჯავშანტრანსპორტიორზე მუშაობა მხოლოდ გერმანიამ და ჰოლანდიამ განაგრძო.

‘’ბოქსერი’’ შეიქმნა და მან წარმატებით გაიარა საგამოცდო პერიოდი გერმანიის არმიაში 2008 წელს. გერმანიის არმიამ შეკვეთა გასცა 272 ამ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის შესყიდვის თაობაზე, რომელთაგანაც 72 სასწრაფო დახმარების, ხოლო 65 სამეთაურო ვარიანტი უნდა ყოფილიყო. გერმანიის არმიამ ჯავშანტრანსპოტიორები 2008 წელს მიიღო. ჯავშანტრანსპორტიორი მოიწონა ჰოლანდიამაც და "ბოქსერის" 200-მდე სხვადასხვა ვარიანტი შეიძინა, რომლებსაც შეიარაღებაში 2011 წელს მიიღებს. ჯავშანტრანსპორტიორმა ‘’ბოქსერმა’’ უნდა ჩაანაცვლოს მოძველებული Tpz1 Fuchs-ისა და M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები გერმანიის არმაში, ხოლო YPR-ი და M577 ნიდერლანდების არმიაში.

‘’ბოქსერის’’ კონსტრუქცია დაფუძნებულია მაქსიმალურად მოქნილ მოდულარულ სტრუქტურაზე . ის იყენებს ერთსა და იმავე შასს, რომელზედაც შესაძლებელია დამონტაჟებული იქნას სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების მოდულები, მათ შორის: ჯავშანტრანსპოტიორის, სამეთაურო, სასწრაფო დახმარების, მომარაგებისა და სხვა. მოდულების შეცვლა შესაძლებელია ერთ საათზე ნაკლებ დროში.

ჯავშანტრანსპორტიორს აქვს მოდულარული ჯავშანი განსაკუთრებული კერმიკული შემადგენლობით. სამმაგი ფსკერი უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისაგან. ‘’ბოქსერის’’ შუბლა ჯავშანი უძლებს 30 მმ-იან ჭურვებს, ხოლო დანარჩენ ადგილებში ჯავშანი უზრუნველყოფს ჯავშანტრანსპორტიორისა და მასში მსხდომი ქვეითების დაცვას 12.7 მმ-იანი ტყვიებისაგან. დაზიანებული ჯავშნის ფილების შეცვლა ადვილადაა შესაძლებელი საველე პირობებშიც კი. ამ ჯავშანტრანსპორტიორს ასევე აქვს დაბალი აკუსტიკური შემჩნევადობა, რაც ართულებს მის აღმოჩენას.

‘’ბოქსერზე’’ შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის შეიარაღების დამონტაჟება, გერმანიის არმიის შეიარაღებაში მყოფ ‘’ბოქსერებზე’’ დამონტაჟებულია დისტანციურად მართვადი მოდული 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნით, ხოლო ჰოლანდიის არმიის დაქვემდებარებაში მყოფ ჯავშანტრანსპორტიორებზე მხოლოდ ერთი 12.7 მმ-იანი მძიმე ტყვიამფრქვევი.

‘’ბოქსერის’’ ეკიპაჟი სამი კაცისაგან შედგება, ხოლო დესანტის სახით 8 სრულად აღჭურვილი მებრძოლი გადაყვანა შეუძლია. მედესანტეებს ჯავშანტრანსპორტიორში შესვლა და მისი დატოვება უკანა კარის საშუალებით შეუძლია. ‘’ბოქსერს’’ ასევე შეუძლია რვა ტონა ტვირთის ტრანპორტირება, რომელიც სადესანტო ნაკვეთურში თავსდება.

ჯავშანტრანსპორტიორ ‘’ბოქსერზე’’ ძალური დანადგარის სახით დამონტაჟებულია MTU-ს ტიპის დიზელის ძრავა, რომელიც 700 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ეს ძრავა დაფუძნებულია Mercedes-Benz OM 500-ის კომერციულ დიზაინზე, რომელსაც მოდიფიცირებულია MTU-ს მიერ სამხედრო მოთხოვნების შესაბამისად. ის გამოიმუშავებს გაცილებით უფრო მეტ სიმძლავრეს ვიდრე მისი კომერციული ვარიანტი და შეუძლია ექსტრემალურ პირობებში მუშაობა.

Army.ge