ყაბარდო-ბალყარეთში წესრიგს კაზაკები დაამყარებენ

  00:55:44     20-08-2010

[გეგა ბერიძე]
დღე არ გავა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში აფეთქებები და შეტაკებები არ მოხდეს. კრემლი ურთულესი ვითარების ჩასაფარცხად ახალ–ახალ პიარკამპანიებს აგორებს. პუტინის „ხელის ბიჭს“ რამზან კადიროვს „პრეზიდენტობა“ აღარ მოსწონს და ამ ინსტიტუტის გაუქმებისკენ სხვა რესპუბლიკებსაც მოუწოდებს.

მოსკოვის მცდელობების მიუხედავად, ჩრდილოეთ კავკასიაში წინააღმდეგობის მოძრაობა არ ნელდება. მარტო ამ ორ დღეში ორი ხმაურიანი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კრემლს რეალურად გააზრებულიც არ აქვს, თუ როგორ უნდა ჩააქროს ის ცეცხლი, რომელიც კავკასიაში უკვე ათეული წლებია გიზგიზებს.

ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის საზღვარზე, მილიციის საგუშაგოზე მომხდარ აფეთქებას სამი მილიციელი ემსხვერპლა. ინფორმაცია სააგენტო რია ნოვოსტიმ გაავრცელა. დაჭრილია მილიციის კიდევ სამი თანამშრომელი. ორი რესპუბლიკის საზღვარზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქება დილის 09:30 საათზე მოხდა.

ტრანსპორტი მილიციამ შესამოწმებლად გააჩერა, რის შემდეგაც ტერორისტმა მორიგე ცვლის გამოძახება მოითხოვა. რამდენიმე წუთში კი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრემ 300 გრამი ტროტილის ექვივალენტი შეადგინა.

მაჰაჩკალაში საბჭოს ქუჩაზე განხორციელებული სროლების შედეგად დაიღუპა ორი აჯანყებული. ადგილობრივი შს სამმართველოს მონაცემებით, სროლები განხორციელდა მას შემდეგ, რაც რუსეთის შსს სპეცდანაყოფის თანამშრომლები შეეცადნენ გაეჩერებინათ „ВАЗ-21014“ ავტომობილი საბუთების შესამოწმებლად. იქ მჯდომმა ორმა პიროვნებამ ავტომატიდან და პისტოლეტიდან გახსნა ცეცხლი, მაგრამ ვერ მოახერხეს ძალოვნებისათვის ზიანის მიყენება და ადგილზე იქნენ ჩაცხრილული. დაიჭრა ორი შემთხვევითი გამვლელი.

დაღესტნის მილიციაში აცხადებენ, რომ მათი ვინაობა უკვე დადგენილია, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებენ. მხოლოდ აღნიშნავენ, რომ ისინი იყვნენ მაჰაჩკალაში მოქმედი საბრძოლო ჯგუფის აქტიური წევრები და იძებნებოდნენ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებზე რიგი თავდასხმების გამო.

ბოლო ხანებში მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა ყაბარდო–ბალყარეთშიც. ამაზე მთელი რიგი გახმაურებული შემთხვევები ნათლად მოწმობენ. რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ალექსანდრე ხლოპონინის უკანასკნელი იმედით, ყაბარდო-ბალყარეთში წესრიგს კაზაკები დაამყარებენ.

საქართველოს „ექსპერტთა კლუბის“ შეფასებით, მარცხით დამთავრდა რუსეთის ფედერალური და რეგიონალური ხელისუფლების ყოველგვარი მცდელობა ზღუდეებში მოექციათ განსაკუთრებულ ცხელ წერტილებად მიჩნეული დაღესტანი, ინგუშეთი და ჩეჩნეთი, იქ მიმდინარე მწვავე პროცესები. მოვლენათა განვითარება მოწმობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის დაძაბულობის ეპიცენტრი ყაბარდო-ბალყარეთისკენ ინაცვლებს. ამაზე მეტყველებს ბოლო თვეებში რესპუბლიკაში დაფიქსირებული საგანგებო შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელიც ბაქსანის ჰიდროელექტროსადგურის გახმაურებულმა ინციდენტმა გააგრძელა.

ამ და სხვა პრობლემების მოსახსენებლად ბალყარელი უხუცესების წარმომადგენლები შეეცადნენ შეხვედროდნენ ნალჩიკსა და პიატიგორსკში ჩამოსულ რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირებს – ბორის გრიზლოვსა და ვლადიმერ პუტინს. მათთან შეხვედრის უშედეგო მცდელობის შემდეგ კი მოსკოვში გაემგზავრნენ და სახელმწიფო სათათბიროს შენობის წინ დაიწყეს შიმშილობა, რომელიც დღემდე გრძელდება.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ყურადღებას იმსახურებს მიმდინარე მოვლენებზე ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტის, არსენ კანოკოვის შეფასებები, რომელიც მან მთავრობის სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, გარკვეული საერთაშორისო ძალები ცდილობენ შექმნან რუსეთის სამხრეთ ნაწილში დესტაბილიზაციის ზონა, რომელიც მომავალში თანდათან გაფართოვდება. რიგითმა შემსრულებლებმა არ იციან, ვინ ადგენს ამ ზონებს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ თითო მოკლულ მილიციელში 300 ათას რუბლს გადაუხდიან.

ვითარების გამოსწორების მთავარ პირობად არსენ კანოკოვს სამართალდამცავი ორგანოების შემდგომი გაზრდა-გაძლიერება მიაჩნია. თავისი ჩეჩენი და ინგუში კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც თვლიან, რომ მნიშვნელნად უნდა შემცირდეს ცენტრალური რუსეთიდან მათდამი დაქვემდებარებულ რესპუბლიკებში მივლინებული სამხედრო და ოპერატიული ძალები და თვითონ უკეთ მოაგვარებენ არსებულ პრობლემებს, არსენ კანოკოვი უნდობლობას უცხადებს ადგილობრივ კადრებს, დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა მინისტრის იური ტომჩაკის პროფესიონალიზმს, მაგრამ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მისდამი დაქვემდებარებული სამინისტროს საქმიანობის მიმართ და ვითარების გამოსწორების ერთერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევს რესპუბლიკის ყველა ძალოვანი სტრუქტურის ცენტრალური რუსეთიდან მოწვეული კადრებით დაკომპლექტებას.

არსენ კანოკოვმა კატეგორიული უარი თქვა ბალყარელების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც საძოვრების გამოყენების პრინციპის შეცვლას ითვალისწინებს და მიაჩნია, რომ მოსკოვში მოშიმშილე ბალყარელები ფინანსდებიან გარკვეული ძალების მიერ და ერთ–ერთ მთავარ მიზნად ისახავენ რესპუბლიკის პრეზიდენტის გადარჩევის პროცესზე ზეგავლენის მოხდენას, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

ექსპერტთა კლუბი: „ბაქსანის ჰიდროელექტროსადგურში მომხდარი აფეთქებების შემდეგ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ალექსანდრე ხლოპონინმა განაცხადა, რომ ყაბარდო-ბალყარეთში მხოლოდ კაზაკების შემოყვანით შეიძლება წესრიგის აღდგენა, რაზედაც მათ უკვე გამოთქვეს მზადყოფნა და ხელისუფლებამაც შესაბამისი თანხები უკვე გამოძებნა.

თავისი ინიციატივის რეალიზაციის მიზნით, ხლოპონინმა მისდამი დაქვემდებარებულ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ადმინისტრაციის სისტემაში შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც უხელმძღვანელებს კაზაკური ორგანიზაციების აღდგენისა და განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, იმუშავებს კაზაკების ერთიანი საკადრო ბაზის შექმნისა და კაზაკური სამხედრო ფორმირებების ჩამოყალიბებაზე.

ხლოპონინს ადგილობრივი კადრების მიმართ ეჭვებს უძლიერებს ჩეჩნეთში მიმდინარე წლის თებერვალში სპეცოპერაციის ჩატარების დროს მომხდარი ინციდენტიც, როცა ჩეჩენმა სპეცრაზმელებმა ბოევიკების მაგივრად ცეცხლი გაუხსნეს ფედერალურ ძალებს, მოკლეს რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე, დაღუპული ბოევიკების ცხედრები კი ტყიდან გააპარეს ნათესავებისთვის გადასაცემად. როგორც ცნობილია, ამ ფაქტთან დაკავშირებით ფედერალური პროკურატურის საგამოძიებო ორგანოებმა ცოტა ხნის წინ გამოძიება დაიწყეს. ხლოპონინს ალბათ ახსენებენ ინფორმაციას იმ გახშირებული ფაქტების შესახებაც, როცა მოკლული ბოევიკების ვინაობის დადგენის შემდეგ ირკვევა, რომ ისინი ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები იყვნენ.

ციმბირიდან კავკასიაში თავისი მრავალრიცხოვანი ამალით მოვლინებული ალექსანდრე ხლოპონინი ალბათ გაეცნო თავისი „სახელოვანი“ წინამორბედი გენერლების ერმოლოვის, ვორონცოვის, ტორმასოვის, ევდოკიმოვის, გლაზენაპის, ლორის-მელნიკოვის და სხვათა გამოცდილებას, როცა ისინი კავკასიის მისადგომებთან აშენებდნენ ე.წ. „გამაგრებულ ხაზებს“ და კაზაკურ სტანიცებს, საიდანაც უტევდნენ კავკასიელ მთიელებს, 350 ათასი ყაბარდოელიდან ცოცხლად დარჩენილ 35 ათასს კი თურქეთში ან მიუვალ ადგილებში ერეკებოდნენ, ხოლო დაცარიელებულ სოფლებში ქმნიდნენ ახალ სტანიცებს, სადაც ასახლებდნენ რუსულენოვან კაზაკებს თავისი ოჯახებით. კავკასიელებსა და კაზაკებს შორის იმ დროს დათესილი და გაღვივებული შუღლის შედეგებს აქამდე იმკიან მათი შთამომავლები. არენაზე ძველი ტრადიციული მისიით კაზაკების ახალი გამოჩენა მძლავრ ბიძგს მისცემს ხალხთა მორიგ დაპირისპირებას.

თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – 200 წლის ნაცადი ფორმები და მეთოდები კვლავ შეიარაღებაში შემოაქვთ კავკასიის თანამედროვე მეფისნაცვლებს, რომლებსაც არ უნდათ თავისი სახელი დაარქვან შექმნილ ვითარებას, როცა მოსახლეობას არ სჯერა ხელისუფლების, ხოლო ხელისუფლება შიშითა და უნდობლობით ეკიდება არა მარტო მოსახლეობას, არამედ თავის საყრდენ სამთავრობო და ძალოვან სტრუქტურებსაც კი, როცა ეს უნდობლობა შეიარაღებულ დაპირისპირებაშია გადასული და ოც წელზე მეტია ორივე მხრიდან ათობით ათასი ადამიანი იღუპება.

რუსეთის იმპერიის ისტორიაში ბევრია ერთი ეთნიკური წარმომავლობის ან სოციალური ჯგუფის მეორესთან ხელოვნურად დაპირისპირების და ერთმანეთზე გადამტერების მაგალითები, მაგრამ ასე აშკარად და ასე უტიფრად იშვიათად გაცხადებულა ისეთი რანგის მაღალჩინოსანი ჩინოვნიკისგან, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ხლოპონინმა კაზაკებისა და ყაბარდოელების მიმართ იკადრა.