თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი
11:18:44     10-10-2011
სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს N483 ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა. სამხედრო ჰოსპიტალი სამოქალაქო-სამხედრო დაწესებულებას წარმოადგენს, რომლის ფუნქციონირების წესებიც განისაზღვრება თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის N297 ბრძანებით დამტკიცებული დებულებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით. ჰოსპიტალი თბილისის ცენტრიდან 40 წუთის სავალ მანძილზე, ქალაქ გორში მდებარეობს. იგი თანამედროვე ევრო-ამერიკული სტანდარტების სამედიცინო დაწესებულებაა.
ჰოსპიტალი აგებულია უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, დაცულია ყველა სანიტარული ნორმა და აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. საავადმყოფოში არსებული სამედიცინო აპარატურის საშუალებით თითქმის ყველა სახის სამედიცინო ამოცანის გადაწყვეტა, გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარებაა შესაძლებელი.
სამხედრო ჰოსპიტლის მიზნობრივ მოვალეობასა და საქმიანობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და საჯარო მოსამსახურეების, თავდაცვის სამინისტროდან თადარიგში დათხოვნილი პენსიონრების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მომსახურება წარმოადგენს. გარდა ამისა, სამხედრო ჰოსპიტალს საშუალება აქვს სამედიცინო დახმარება გაუწიოს სამოქალაქო პირებს რესპუბლიკის ნებისმიერი რეგიონიდან და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
სამხედრო ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო კადრებით; მათ სამედიცინო გამოცდილება თბილისის წამყვან კლინიკებში და აგრეთვე უცხოეთში აქვთ მიღებული. გარდა ამისა, ჰოსპიტალს შესაძლებლობა აქვს ხელშეკრულებით მოიწვიოს საქართველოს ან საზღვარგარეთის წამყვანი სპეციალისტები. კადრების შერჩევა მკაცრი კონკურსის საფუძველზე ხორციელდება.
გარდა სამედიცინო მომსახურებისა ჰოსპიტალი აწარმოებს სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას. ადმინისტრაცია გეგმავს დანერგოს პროფესიული განვითარების პროგრამები, სადაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პრაქტიკას გაივლიან როგორც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, ისე დიპლომირებული სპეციალისტები.
Mod.gov.ge