ლეონ პანეტამ ევროპელები გააკრიტიკა

  20:04:37     06-10-2011

ანდერს ფოგ რასმუსენის პარალელურად, ნატოს წინაშე მდგარ ამოცანებზე და ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე, პენტაგონის შეფმაც ისაუბრა. ლეონ პანეტა ალიანსის წევრ ევროპულ ქვეყნებს მეტი ყურადღების გამოჩენისაკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ მისი ქვეყანა არაა ვალდებული კოლეგების სამხედრო ხარჯები გაიღოს. ევროპულ ქვეყნებს, პანეტამ საერთო საქმისთვის ერთობლივი მუშაობისაკენ მოუწოდა. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რობერტ გეიტსიც, თანამდებობიდან გადადგომამდე მცირე ხნით ადრე გამოვიდა. გეიტსის თქმით, ევროპული რიგი ქვეყნები ხშირად ამბობენ უარს საკუთარი ძალების სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე და თავს იკავებენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებისგან. ამ დროს კი, ამერიკის შეერთებულ შტატებზე დიდი ორგანიზაციული სამუშაო და ფინანსური დატვირთვა მოდის. ეს ბლოკის ლიბიაში უკანასკნელმა ოპერაციამაც დაადასტურა.    

მაშინდელ გამოსვლაში, რობერტ გეიტსმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელები სულაც არ არიან ვალდებულნი იზრუნონ ევროპის უსაფრთხოების დაცვისათვის, მაშინ როცა ეს უკანასკნელი, ამ კუთხით, მნიშვნელოვნად პასიურობს. როგორც ცნობილია, ევროპის ამგვარი ქმედების მიზეზი, სახელმწიფოთა სამხედრო ბიუჯეტების შემცირებები გახდა.

ლეონ პანეტას განცხადებით კი, ბევრს იმედი აქვს, რომ პენტაგონი იმდენად ძლიერია, ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდება, მაგრამ მას ალიანსის სხვა წევრების თანადგომა აუცილებლად სჭირდება.

პანეტამ აქვე ისიც განმარტა, რომ ნატოს სამხედრო–საჰაერო ოპერაცია ლიბიაში იქამდე გაგრძელდება, ვიდრე კადაფის მომხრეების წინააღმდეგობა საბოლოოდ არ შეწყდება. ამ ხმამაღალი განცხადებების და საყვედურების პარალელურად, პენტაგონის შეფს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ ლიბიის მისია წარმატებული აღმოჩნდა, ხოლო ნატომ ბრძოლების აქტიური ფაზა დაამთავრა... ამერიკის შეერთებული შტატები იყო ის ქვეყანა, რომელმაც ამ ოპერაციაში ყველაზე მეტი სამხედრო და ფინანსური რესურსი გაიღო.