ამერიკული ოცნება

  15:18:43     28-09-2011

ამერიკულმა ავიამშენებელმა კონცერნმა "ბოინგ", დამკვეთს - იაპონურ ავიაკომპანია All Nippon Airways-ს პირველი სამგზავრო ლაინერი Boeing 787 Driemliner გადასცა. მართალია იაპონურ მხარეს ეს თვითმფრინავი ჯერ კიდევ სამი წლის წინ, 2008-ში უნდა მიეღო, მაგრამ ტექნიკური და არა მხოლოდ ტექნიკური პრობლემების გამო, "ბოინგი" არსებულ ვადებს საგრძნობლად ჩამორჩა. თვითმფრინავის გადაცემის ცერემონიალი, ქალაქ ევერეტში, ლაინერის მწარმოებელ ქარხანაში გაიმართა. ახალი ლაინერი რეგულარული რეისების შესრულებას უკვე 26 ოქტომბრიდან შეუდგება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში თვითმფრინავების ჩაბარება დროულად მოხდება.

"ოცნების თვითმფრინავს" 913 კმ/სთ-ის ტოლი სიჩქარის განვითარება შეუძლია და მაქსიმალურ 15700 კმ-ის მანძილზე 210-დან 290 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. თვითმფრინავზე მუშაობა "ბოინგმა" 1995 წლიდან, ევროპული "აირბასის" A380-ის პროექტის საპასუხოდ დაიწყო. მართალია მისგან განსხვავებით, ამერიკული ლაინერი უფრო მოკრძალებული გაბარიტებით გამოირჩევა. სანაცვლოდ ამერიკელებმა აქცენტი ეკონომიურობასა და უახლეს ტექნოლოგიებზე გააკეთეს. მაგალითად, "ოცნების თვითმფრინავის" კონსტრუქციის 50 % კომპოზიციური მასალებისგან არის დამზადებული და ის ანალოგიური კლასის სხვა თვითმფრინავებთან შედარებით 20 %-ით უფრო მსუბუქი და ეკონომიურია.

არის კიდევ სხვა უამრავი ინოვაცია. ჰაერმიმღებების კონსტრუქცია, აფრენისას ხმაურს მნიშვნელოვნად ამცირებს. ლაინერზე ყველა ილუმინატორი ელეტროქრომული ტიპისაა. სურვილისამებრ, ნებისმიერ მგზავრს მის გვერძე არსებული ილუმინატორის დაბურვა ღილაკზე თითის დაჭერით შეუძლია. ეკიპაჟის კაბინაში კი მხოლოდ თხევადკრისტალური დისპლეებია დაყენებული.

"ოცნების თვითმფრინავის" გადაცემის ვადები - პირველი ლაინერი იაპონურ ავიაკომპანიას უნდა მიეღო - რეგულარულად იცვლებოდა. საწყისი გეგმის მიხედვით, ეს პროცესი ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა განხორციელებულიყო. მაგრამ თვითმფრინავის შექმნისას წარმოქმნილმა პრობლემებმა, მწარმოებლებს ვადები გადააწევინა. სირთულეები იყო თავად "ბოინგის" საწარმოებშიც. ყველა პრობლემას, 2008 წლის ოტქომბერ-ნოემბერში ქარხნის მუშათა ორთვიანი გაფიცვა დაემატა.

ყველაფრის მიუხედავად, 2009 წლის 15 დეკემბერს ლაინერი პირველად აფრინდა ჰაერში. ამ პროცესის ტრანსლირება მთელს მსოფლიოში პირდაპირ ეთერში ხდებოდა. მაგრამ უკვე 2010 წლის ნოემბერში, ერთ-ერთი საცდელი გაფრენისას, ლაინერის ბორტზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც დაჯდომის შემდეგ, მალევე ჩააქრეს.

2004 წელს, "ბოინგმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ მზადაა ახალ თვითმფრინავზე შეკვეთების მისაღებად. ამის შემდეგ "ოცნების თვითმფრინავზე", ავიაკომპანიების ცოცხალი რიგი დადგა. იმავე 2004-ში "ბოინგს" 56 თვითმფრინავზე გააჩნდა კონტრაქტები. ერთი წლის შემდეგ, მათი რიცხვი 235-მდე გაიზარდა. 2007-ში კი რეკორდულ ციფრს - 369-ს მიაღწია. მაგრამ 2008-ში კომპანია პირველი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. სხვადასხვა მიზეზების გამო ვადებმა გადაიწია და დაწყებული 2009-დან დამკვეთებმა შეკვეთილ ლაინერებზე უარის თქმა დაიყწეს. 2011 წლამდე ფირმამ, გაუქმებული კონტრაქტების გამო, 89 ლაინერი "დაკარგა".

გარკვეული როლი ამ ყველაფერში გლობალურმა ეკონომიურმა კრიზისმა და საავიაციო საწვავზე ფასების ზრდამაც ითამაშა. ბევრი ავიაკომპანია ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე გადავიდა და მკვეთრად შეამცირა შეკვეთები ახალ თვითმფრინავებზე.

თუ თავად "ბოინგის" მიერ მოყვანილ ციფრებს ვენდობით, დღევანდელი დღისთვის მას გარანტირებული კონტრაქტები 821 "ოცნების თვითმფრინავის" მიწოდებაზე გააჩნია. აქედან 555 Boeing 787-8 მოდიფიკაციისაა, დანარჩენი 266 კი მოდიფიკაცია Boeing 787-9-ს მიეკუთვნება. პირველის შემთხვევაში, ის ახალი ლაინერის საბაზო ვარიანტია. ის 250-მდე მგზავრს იტევს და მაქსიმალურ 15700 კმ-ის მანძილზე მიფრინავს. მისი ფასი სალონის კომპლექტაციიდან გამომდინარე 185.2 მილიონ დოლარს აღწევს.

ვარიანტი Boeing 787-9 290 მგზავრის გადაყვანაზეა გათვილი, თუმცა ის უფრო ძვირიც ღირს - 218.1 მილიონი დოლარი. დღეისთვის ლაინერი მსოფლიოს 56 ავიაკომპანიას აქვს შეკვეთილი.

პირველი წარმატების მიუხედავად, არავინ გამორიცხავს, რომ მომალავში, რომელიმე დამკვეთმა შეკვეთილ თვითმფრინავებზე უარი თქვას. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოსის თანახმად, 2012 წელს მოფლიო ავიაგადამყვანების შემოსავალი 6.9-დან 4.9 მილიარდ დოლარამდე დაეცემა. გარკვეულ წილად ამ პროცესს აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაპირისპირებით გამოწვეული ნავთობის ფასის ზრდაც შეუწყობს ხელს.

შესაბამისად "ბოინგის" ერთადერთი გზა, აღებული ვალდებულებების დროული შესრულებაა. ამისთვის, 2013 წლისთვის "ოცნების თვითმფრინავის" წარმოების ტემპების გაზრდა თვეში ათ თვითმფრინავამდე იგეგმება. ამჟამად წარმეობის მოცულობა თვეში 2.5 თვითმფრინავს შეადგენს. მომავალში ახალი ლაინერის აწყობა ერთდროულად ორ ქარხანაში, ევერეტსა და ჩარლსტონში მოხდება.