იაპონია ამერიკულ თვითმფრინავებზე უარს ამბობს
20:01:33     26-09-2011
იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია ევროპულ კონსორციუმ Eurofighter–თან გამანადგურებელ Typhoon–ის შეძენის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყოს. ამის შესახებ, საჯარო განცხადება, იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, იასუო იჩიკავამ გააკეთა. 42 გამანადგურებლის შეძენის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ 2011 წლის ბოლოსათვის გახდება ცნობილი. იაპონიის ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, შიდა ბაზარზე ამერიკის შეერთებული შტატების მონოპოლიას მოუღოს ბოლო.
ევროპული გამანადგურებლების ამ რაოდენობის საერთო ღირებულება, ექვსი მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ იაპონია აქამდე ევროპული თვითმფრინავების შეძენისაგან თავს იკავებდა და საავიაციო ბაზას, ძირითადად, ამერიკული საფრენი აპარატებით ავსებდა.
დღემდე, იაპონიის სამხედრო საჰაერო ძალები, სწორედ ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით არის დაკომპლექტებული, გამონაკლისს მხოლოდ YS-11–ი წარმოადგენს. იაპონიის შეიარაღებაში ამ საფრენი აპარატის სატრანსპორტო, საპატრულო და სადაზვერვო ვერსიებია.
Eurofighter–თან მოლაპარაკებები იმ ტენდერის ფარგლებში დაიწყება, რომელიც 2011 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. კონკურსში გარდა Typhoon–ისა, ამერიკული კომპანიების Boeing–ისა და Lockeed Martin–ის თვითმფრინავები და ბრიტანული BAE Systems–ის სხვა გამანადგურებლებიც არის წარმოდგენილი.
„თუ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არ არის F-22–ები და ჯერ კიდევ დაუსრულებელი F-35–ები მოგვყიდოს, მაშინ ბაზარზე ბევრი ისეთი თვითმფრინავია, რომელიც ჩვენთვის უფრო ხელსაყრელია“– აღნიშნა იჩიკავამ.
ადრე, იაპონია ამერიკისგან ითხოვდა, რომ F-22 Raptor–ები მიეყიდა, თუმცა აშშ–ს კონგრესისაგან მუდმივად უარყოფით პასუხს ღებულობდა. მიზეზად ტექნოლოგიის საიდუმლოებების გაჟონვის საფრთხეს ასახელებდა. რაც შეეხება F-35–ს, ამ თვითმფრინავზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პროექტის დასრულება 2018 წელზე ადრე არ იგეგმება. იჩიკავას არ დაუკონკრეტებია Super Hornet–ის დაწუნების მიზეზიც.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ახალი თვითმფრინავებით, იაპონიის ავიაციაში არსებული იაპონურ–ამერიკული F-4EJ Kai Phantom–ი უნდა ჩაანაცვლოს. როგორც აღვნიშნეთ, ჯერ–ჯერობით მხოლოდ 42 ერთეული გამანადგურებლის შეძენაა გადაწყვეტილი, თუნცა იაპონიის მთავრობა მომავალში ამ რიცხვის 150–მდე გაზრდას აპირებს.