მელიტონ გობეჩიას „პარიზის სონეტებიდან“
15:27:01     23-09-2011
ცნობილი ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, პედაგოგი, მელიტონ გიორგის ძე გობეჩია დაიბადა 1878 წელს.
თანამშრომლობდა „ივერიაში“ , „ცნობის ფურცელში“ და სხვა გამოცემებთან. მისი კორესპოდენციები ეხებოდა სამეგრელოს გლეხთა ცხოვრებას და სხვა საკითხებს.
1900 წელს გაემგზავრა საფრანგეთში. ფრანგულ პრესაში ბეჭდავდა წერილებს საქართველოზე.
სამშობლოში დაბრუნების მერე თანამშრომლობდა „სახალხო გაზეთში“. „სახალხო გაზეთი“ იყო სოციალისტ-ფედერალისტების ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი. თვითონ მელიტონ გობეჩია სოციალისტ-რევოლუციონერი (ესერი) გახლდათ, ისევე როგორც მისი ძმები, ვლადიმერი და იოსები.1910-1914 წლებში „სახალხო გაზეთს“ ჰქონდა სურათებიანი დამატება.
1902 წელს გამოვიდა მელიტონ გობეჩიას ლექსების წიგნი „ჰანგები“.
1914 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. გარდაიცვალა გზაში, ხარკოვის საპატიმროში.
წინამდებარე სონეტები დაიწერა 1909 წელს, დაიბეჭდა 1910 წელს „სახალხო გაზეთის“ სურათებიან დამატებაში, # 1 და 2.
ქართული სონეტი მაშინ იდგამდა ფეხს. წინამდებარე სონეტები კარგად გვიჩვენებს ავტორის აღტაცებას დიდი მოაზროვნეებით, დიდი ადამიანებით, მწერლებით, ხელოვნებით, მის ლირიკულ ნიჭს, მის სიყვარულს სამშობლოსადმი. პოეტს არა ერთი შესანიშნავი სტრიქონი აქვს, ორიგინალური შედარებები, ლამაზი სახეები...
ასეთი კარგი პოეტი და მამულიშვილი მოგვიკვდა რუსეთის იმპერიის მსახურების გამოისობით, უდროოდ, რამდენი რემის გაკეთება შეეძლო კიდევ.
პარიზის სონეტებიდან
I. ჟან ჟაკ რუსოს საფლავი პანთეონში *
შენი სიცოცხლე, ვით საკმეველი,
ტანჯულო გმირო, დაიწვა სოფლად,
ადიდა ღვთისა საკურთხეველი,
და მოევლინა კაცთ მსასოებლად.
მათის ძველ ქვეყნის დამარღვეველი,
აფრქვევდი ახალს სხივს მანათობლად,
და შენი ბუჩქი, ვარდის მრხეველი,
ყველგან ისხამდა ყვავილსა მრჩობლად.
იძინე უკვდავთ სავანეს შინა,
საც მადლიერი მშობელი ერი
სდგას მოწიწებით შენს კუბოს წინა;
შთაჰბერე კვლავაც სული ძლიერი,
ვიდრე ვარდებრ არ დააგვირგვინა
მთლად შენი აღთქმა ღვთივ-მშვენიერი.
II. ვიქტორ ჰიუგოს სახლ-მუზეუმი
ვით სალოცავი წმინდა ტაძარი,
თავისუფალი ერის დიდება,
მიზიდავს შენი მყუდრო სახლ-კარი,
რაც შენი სახე თვალ-წინ მიდგება.
ტკბილო მგოსანო! ბაღი ნარნარი
წინ მოედანზე კოხტად იშლება;
შენთ უკვდავ გმირთა მწყობრი ლაშქარი
თითქოს დარბაზში ცოცხალი სდგება...
მიყვარს სახსოვარ საგანთა მზერა,
კედლით გადმომცქერ სურათთ შეფრქვევა
და შენი ჩანგის იდუმალ ჟღერა.
გრძნეულის ჰანგით მაღლა მეწევა
განუწყვეტელი შენი სიმღერა
და ციურ ნამად გულზე მეფრქვევა.
III. მილოს ვენერა* *
ვინ სთქვა, მოკვდაო ტურფა ელადა,
მუზათ სამკვიდრო, ედემის დარი,
როს გვიცქერს ცოცხლად, მომხიბვლელადა
ვენერა-ღმერთი, კვარცხლბეკზე მდგარი?
ყელმოღერილი უზრუნველადა,
ბროლის ნაკვთები, სახე მწყაზარი,
ოქროს თმა წნული თავზე სქელადა,
მკერდი - ფიქალად ნაქანდაკარი.
გიმზერ და ვეღარ გაშორებ თვალსა,
ქალ-ღმერთო, წმინდა მშვენების წყარო,
თაყვანს ვსცემ შენსა შემოქმედს ძალსა,
შენ კი, უცნობო ღვთაებრ-მხატვარო,
ხომ მოსვენებით სვამ სტიქსის წყალსა, * * *
ამ სოფლად მარად მოსაგონარო!
IV. ლუქსემბურგის ბაღი* * * *
უკრავს მისიკა... გრძნეილი ხმები
ხეივანის ქვეშ მიმოწკრიალებს,
გადმობურული მწვანე ფოთლები
გრილის ნიავით წყნარად შრიალებს.
ნაზ მოსეირნეთ თეთრი კაბები
ყვავილთა შორის მიმოფრიალებს,
მახის დამგები მწველი თვალები
ახალგაზრდობას ზედ შესტრფიალებს
გვერდით უკვდავნი ქანდაკებანი
თითქოს სიხარბით გადმოსცქერიან
ცოცხალ მოკვდავთა წამიერს ლხენას.
ვის ვუძღვნა ჩემი ქებათ-ქებანი?
მკვდართათვის სიმნი არა ჟღერიან,
ხოლო ცოცხალთა ვერ ვკადრებ წყენას...
V. სენის პირას * * * * *
მდინარის პირად გადაყრდნობილი,
მთვარის ანარეკლს ვავლებდი თვალსა,
ტალღა ტალღაზე გადაჭდობილი
აკამკამებდა მდინარის წყალსა.
შევნიშნე შენი მზერა კრთობილი,
ვით ამჟღავნებდა გულის მწვავ ალსა,
ხელი ხელს მოხვდა ლახვარ-მსობელი
და მთელი არსი მოჰყვა კანკალსა.
„გიყვარვარ განა“, - დამატკბობელი
აღმოგვხვდა ორსავ ნექტარით მთვრალსა
და უტყვად მივხვდით ურთ-ერთის გრძნობას...
ოჰ, რათ გათავდა ის ღამე გრილი,
თუ ნათელის დღის სიხარბე წბილი
ძირშივ მოჰკლავდა გაუშლელს ტრფობას?
VI. ცბიერი კოცნა
ჩვენი ბაასი, ესოდენ ტკბილი,
წმინდა წყაროსებრ გადმომდინარე,
ხან ამოხვნესა გულ-ამოსკვნილი,
ხან აღტაცება თვალებ-მცინარე,
ურთ-ერთის მხარზე თავ-გადახრილი,
ტრფობის მფიცავი ბაგე მღიმარე,
ჩემს ხელში შენი თითები თლილი,
და მზერა შენი მოსხივცისკარე;
და ბოლოს ერთი მოხვევნა შვებით -
გრძნობით ვნებული უმანკოება -
და ერთი კოცნაც თავ-დავიწყებით!
რათ იყო ყველა ეს სიტკბოება,
თუ მეორე დღეს მთლად სასოება
წარმეკვეთოდა სენის ცვლილებით?
VII. კოლხიდის ასულს
შენ ხარ მერცხალი, ლაღად მფრინავი,
ტკბილ გაზაფხულის მახარობელი,
ვინძლო გვაუწყო ამო ამბავი,
თუ როგორ სცოცხლობს მხარე მშობელი!
შენი გიშრის თმა და თვალნი შავი,
კოლხიდის ღამის გამომკრთომელი,
და სახე სენი, სანდოთ მბრწყინავი,
ტურფა ბუნების შემამკობელი, -
თითქოს მიმღერის ნაცნობის ხმითა
პონტის შხუილსა, ფაზისის ბრძოლას,
გამაცოცხლებელ გიჟურ ტალღითა;
თეთრ აკაციათ საამურს შრიალს,
თან მაგნოლიებს ირგვლივ ბაღითა, -
და გულის სიმი მოჰყვება წკრიალს.
1909
(„სახალხო გაზეთის“ სურათებიანი დამატება, 1910 წ., # 1 და 2)
-----
* - 1791 წელს დამფუძნებელი კრების დადგენილებით შექმნილი ფრანგი საზოგადო მოღვეწეების განსასვენებელი.
* * - ვენერა მილოსელის ქანდაკება.
* * * - მკვდართა სამეფოს მდინარე.
* * * * - სასეირნო ბაღი პარიზში.
* * * * * - მდინარე პარიზში.