რუსეთმა ირანს მილიონები დაუბრუნა

  15:18:43     23-09-2011

რუსეთმა დათმობებზე წასვლა ისწავლა. „Рособоронэкспорт“–მა თეირანს 167 მილიონი დოლარი, უკან დაუბრუნა, სარაკეტო–საზენიტო კომპლექს С-300–ებთან დაკავშირებული ჩაშლილი კონტრაქტის გამო. მართალია, 167 მილიონი დოლარი ის თანხა არ არის, რასაც ირანული მხარე რუსეთისგან ითხოვს, მაგრამ ეს უკვე პრეცენდენტია იმისა, რომ რუსეთი ვალდებულებებს ასრულებს. 

„მართალია ეს ავანსი ძალიან დიდ თანხას არ წარმოადგენს, მაგრამ მაინც დიდი დანაკარგია ჩვენთვის. ავანსს ნებისმიერ დამკვეთი ქვეყანა, ხელშეკრულების გაფორმებისას, აუცილებლად იხდის, რათა ქარხანამ შეკვეთის განცხორციელება დაიწყოს. “ – განცახადა „Рособоронэкспорт“–ის ხელმძღვანელმა ანატოლი ისაიკინმა. 

„ავანსის დაბრუნების გარანტიას მხოლოდ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ვიძლევით. მხედველობაში ვიღებთ ფორს–მაჟორულ სიტუაციებსაც, მაგალითად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გაცემულ სანქციებს. ახლა, სწორედ ეს მოხდა. ჩვენ ვალდებულნი ვიყავით დაგვებრუნებინა ეს თანხა და დავაბრუნეთ კიდეც“ – განმარტა ანატოლი ისაიკინმა. 

შეგახსენებთ, რომ ირანმა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მიზეზი, რუსეთის მიერ საზენიტო–სარაკეტო კომპლექსების, С-300–ის ირანში განთავსებაზე უარის თქმა გახდა. 

რუსეთსა და ირანს შორის კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, რუსეთს, ირანისათვის დაახლოებით 800 მილიონი დოლარის ღირებულების 5 დივიზიონი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი С-300-ПМУ1 უნდა გადაეცა, ჯერ კიდევ 2007 წელს მოეწერა ხელი. ირანმა, ავანსის სახით, რამდენიმე მილიონი დოლარიც გადაიხადა, მაგრამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანისათვის დაწესებული სანქციების გამო, რუსეთმა საკონტრაქტო პირობები დაარღვია. 

რეზოლუციის თანახმად, ამ ქვეყნისთვის ყველანაირი ტიპის შეიარაღების მიწოდება იკრძალება. ირანისათვის იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვას რუსეთიც შეუერთდა.

ჯერ კიდევ გასულ თვეს ისაიკინი აცხადება, რომ დასაშვებად მიაჩნდა ირანისათვის С-300–ების  გადაცემა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაერო ირანის წინააღმდეგ სანქციებს გააუქმებდა. გაერომ სანქციები არ გააუქმა, ირანმა კი ფული უკან მოითხოვა და ნაწილი მიიღო კიდეც.