რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში „Искандер”-ებს განათავსებს
13:14:09     23-09-2011
რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „ისკანდერების” განთავსებას არ გამორიცხავს. საუბარია სარაკეტო კომპლექს Искандер-М-ზე და ასევე, Ми-28Н ტიპის ვერტმფრენებზე.
იდეას, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებასთან დაკავშირებული შიშები უდევს საფუძვლად.
„თუკი საქართველო გააგრძელებს თავისი სამხედრო პოტენციალის ზრდას, პერსპექტივაში არაა გამორიცხული, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზებმა შეიარაღებაში მიიღონ აღნიშნული საშუალებები” – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროისთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა იგორ კოროტჩენკომ.
ამ დროისათვის რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და მე-7 ბაზა აფხაზეთში, რომლებიც სამხრეთის ოლქის სტრუქტურაში შედის, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, მათ შორის Т-90С ტანკებით, Смерч-ის სარაკეტო სისტემებით, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებით Точка-У, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით Бук და С-300 სარაკეტო სისტემებით.
ექსპერტის თქმით, რუსეთის ბაზების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსების შესახებ „საერთაშორისო შეთანხმებების” რატიფიცირება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამატებითი გარანტია გახდება, როგორც თავად რუსეთში და მის საზღვრებზე, ასევე ამ რესპუბლიკებში.
გარდა ამისა, კოროტჩენკოს ინფორმაციით, რუსეთი დახმარებას გაუწევს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ რეჟიმებს და მათთვის ოფიცერთა კადრებს მოამზადებს, ასევე უსასყიდლოდ გადასცემს მათ შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას.
კოროტჩენკო კრემლს აფხაზეთის ზღვის „ათვისებასაც” ურჩევს და სთავაზობს, ოჩამჩირის პორტში განათავსოს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კატერები Молния, რომლებიც იქ მუდმივად იქნებიან ბაზირებულნი და გააკონტროლებენ საზღვაო საზღვრებს, ხოლო საქართველოს მხრიდან ზღვიდან მომდინარე საფრთხის შემთხვევაში შეტევების ნეიტრალიზებას შეძლებენ.
რუსეთი აღარ ერიდება ღიად განაცხადოს თავისი სტრატეგიული ამოცანის შესახებ – რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ამ ტერიტორიების საკუთარ სამხედრო ბაზებად ქცევა მხოლოდდამხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. ამ კონტექსტში კოროტჩენკო აუცილებლად მიიჩნევს მოსკოვმა ბაზების ხასიათის კონსტატირება მოახდინოს; რომ „რუსეთის ბაზები ამ ტერიტორიებზე რუსეთის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის განთავსდებიან.”