
გაიცანით - ეს თბილისის ანძაა
10:30:41     22-09-2011
ხელის გულზე გადაშლილი თბილისი, ყველაზე მაღალი წერტილიდან დანახული საქართველოს დედაქალაქი. ეს მთაწმინდის პლატოზე აღმართული თბილისის სიმბოლო - სატელევიზიო ანძაა. 440 ტონიანი კონსტრუქციის სიმაღლე 274 მეტრია. ანძა ზღვის დონიდან 993 მეტრის სიმაღლეზეა აღმართული. ასეთია თბილისის სიმბოლოდ ქცეული ტელე–რადიო კოშკის ძირითადი მონაცემები.
იყო დრო, როდესაც ტელევიზორი, პეიჯერი, მობილური ტელეფონი თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებები ფუფუნებად და მხოლოდ კაცობრიობის ცალკეულ ტექნიკურ მიღწევებად ითვლებოდა. მათ მხოლოდ ვიზუალური სიამოვნების მისაღებად იყენებდნენ. თუმცა დღეს ეს ტექნიკური მიღწევები ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილია. 21 საუკუნეში, როცა ინფორმაცია უსწრაფესად ვრცელდება - საკომუნიკაციო საშუალებებს უფრო დიდი დატვირთვა მიეცათ - თბილისსა და მის შემოგარენში ინფორმაციის მოგზაურობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი სწორედ ამ კოშკს აკისრია. მის გარეშე ვერც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი წყარო ვერ იფუნქციონირებდა. 21 საუკუნეში ანძამ კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა.
1953 წელი... თბილისში ტელე-ცენტრის პროექტირება დაიწყო, მისი განთავსება მთაწმინდის ზედა პლატოზე გადაწყდა. თავდაპირველად ანძის პროექტირების ორი ვარიანტი იყო შერჩეული, ერთი მახათას მთაზე, მეორე კი მთაწმინდაზე, უპირატესობა მაინც მთაწმინდას მიენიჭა, ვინაიდან აქ საკომუნიკაციო საშუალებები თითქმის მზად იყო. დღეს აი–ტვ–ის გადამღებ ჯგუფს საშუალება მიეცა ანძის შიდა სამზარეულოში ჩაეხედა და 993 მეტრის სიმაღლეზე მოკლე ეკსკურსია ჩაეტარებინა.
ბორის ადამია, რომელსაც ანძაში 33 წლიანი მუშაობის სტაჟი აქვს, შპს „საქართველოს ტელეცენტრის“ ტექნიკური განყოფილების დირექტორია. მისი თქმით ამ კონსტრუქციის ისტორიაში არაერთი საინტერესო შემთხვევა ყოფილა, თუმცა იგი კვლავ ძველებური ტემპითა და დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. აქ მოდუნების საშუალება არავის აქვს.
ამბობენ, რომ სახელი „ანძა“ ჟურნალისტების შერქმეულია. სინამდვილეში მას სატელევიზიო კოშკი ჰქვია. ზოგადად ანძას სხვა დატვირთვა აქვს, მისი სიმაღლე 100 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს და ერთტანიანი უნდა იყოს. ჩვენი კადრებიდან კი კარგად სჩანს, რომ ამ კონსტრუქციის სიმაღლე, რომელზეც ვიმყოფებით, 100 მეტრს ნამდვილად აღემატება. აქვეა განლაგებული უზარმზარი აპარატურა...
საქართველოში პირველი სატელევიზიო გადაცემა ეთერში სწორედ აქედან გავიდა. ეს იყო 1956 წლის 30 დეკემბერი. მაშინ მაყურებელისთვის შავ–თეთრი ეთერიც კი ფუფუნება იყო, მოგვიანებით მას მოსდევს უკვე ფერადი მაუწყებლობა, რომელიც 1966 წელს გაეშვა. სტუდია, საიდანაც მაშინდელი დიქტორები ქვეყანას ახალ ამბებს ამცნობდნენ, ანძის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული. ამ აპარატურას, რომელსაც ახლა აქ ხედავთ მაშინ ბევრად დიდი მოცულობის ტექნიკა ცვლიდა, ერთადერთი რაც აქ მყოფებს წარსულს ახსენებს, ეს წარწერებია...
აქ ისეთი ადამიანებიც შემორჩნენ, რომლებიც მართალია იმ დღიდან მოყოლებული არა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანია მუშაობენ და თავისი საქმით დიდ სიამოვნებას იღებენ. ხშირად აქ გატარებული დღეები ექსტრემალური განცდებითაა დატვირთული.
თბილისის სატელევიზიო კოშკი ამ ადგილას აღმართული პირველი კონსტრუქცია არაა. მანამდე მდგარი კოშკის სიმაღლე 186 მეტრს აღწევდა და ახლანდელი ანძის მიმდებარედ იდგა, მარტივი კონსტრუქციისგან შედგებოდა და ფერმერული სტილის იყო. ვინაიდან მას არხების გაფართოვების და გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, საჭირო გახდა ახალი კოშკის აგება. ძველი კი 16 წლიანი მუშაობის შემდეგ ქალაქ გორში გადაიტანეს. ამჟამად აქ 15–ზე მეტი ტელე-მაუწყებლისა და 24 რადიოსიხშირის ანტენაა განთავსებული.