პაკისტანმა აშშ–ს ჯარების გაყვანა მოსთხოვა

  13:30:33     21-09-2011

ავღანეთის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები, სამხედროების კონტიგენტს პაკისტანშიც მნიშვნელოვნად ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაცია Associated Press–მა გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, სულ მალე პაკისტანში, დაახლოებით 100–150 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება. მცირდება ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობაც. 140 ინსტრუქტორიდან პაკისტანში მხოლოდ რამდენიმეს დატოვებენ.

ბოლო პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და პაკისტანის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაფუჭდა. მიღებული გადაწყვეტილებაც ამის შედეგია. რამდენიმე თვის წინ, პაკისტანის ხელისუფლებამ თეთრ სახლს ჯარების სრულად გაყვანაც კი მოსთხოვა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2011 წლის მაისში, ამერიკულმა სპეცრაზმმა, პაკისტანს შეფარებული, “ალ–ქაიდას“ ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოახდინა. პაკისტანის ხელისუფლების გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ოპერაცია მათი თანხმობის გარეშე ჩატარდა.

ამ ინციდენტის შემდეგ, ოფიციალურმა ისლამაბადმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების პაკისტანის ტერიტორიაზე ყოფნას, მათი ქვეყნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დარღვევად განიხილავს.

ვაშინგტონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების პაკისტანის ტერიტორიაზე ყოფნა აუცილებელია, რადგან პაკისტან–ავღანეთის საზღვართან ახლოს, ხშირად იმალებიან ისლამისტი ტერორისტები.  

რამდენიმე დღის წინ, პენტაგონის პირველმა პირმა ლეონ პანეტამ თქვა, რომ თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამერიკელები მზად არიან პაკისტანელი ტერორისტების წინააღმდეგ დამოუკიდებლად გააგრძელონ ბრძოლა.

პაკისტანი, ამერიკის შეერთებული შტატების დიდი ხნის მოკავშირეა აზიაშია. ბოლო წლების განმავლობაში, ვაშინგტონი უამრავ ფულს ხარჯავდა პაკისტანელი სამხედროების მოსამზადებლად და საერთო დონის ასამაღლებლად. საერთო ჯამში აშშ–ს, ამ მიზნით, 18 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.

ამასთან ერთად, ამერიკელი მაღალჩინოსნები ხშირად ამბობდნენ, რომ  პაკისტანის დაზვერვას, მჭიდრო კავშირი აქვს თალიბანთან, ალ–ქაედასთან და სხვა ტერორისტულ დაგჯგუფებებთან.

ბინ ლადენის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ ოპერაციაზე გამოთქმული პროტესტიც, ამერიკელმა ექსპერტებმა, სწორედ ამას დაუკავშირეს და პაკისტანის ხელისუფლების მხრიდან მოყვანილი არგუმენტი, თითქოს მათი თამაშგარე დატოვება ეწყინათ, უსუსურად მიიჩნიეს. რაც არ უნდა იყოს, ფაქტი ფაქტად რჩება, ამერიკას, რეგიონში, ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული მოკავშირე ეცლება ხელიდან.