Pandur II - ჯავშანტრანსპორტიორი
11:41:17     21-09-2011
Pandur II არის მოძველებული 6 x 6 კონფიგურაციის Pandur-ის ტიპი ჯავშანტრანსპორტიორის გაუმჯოებესებული ვარიანტი, რომელიც კომერციულად საკმაოდ წარმატებული პროექტი იყო. წინა მოდელისაგან განსხვავებით, ახალი ჯავშანტრანსპორტიორი 8 x 8 კონფიგურაციისაა. Pandur II ავსტრიული კომპანიამ - Steyr-Daimler-Puch Spezialfahrzeuge-მა საკუთარი ინიციატივით შექმნა. ჯავშანტრანსპორტიორი Pandur II ამჟამად სამი ქვეყნის: ავსტრიის, პორტუგალიისა და ჩეხეთის არმიათა შეიარაღებაში იმყოფება. პორტუგალიამ 2005 წელს 260 ერთეული ამ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორის შესყიდვის შესახებ გააფორმა კონტრაქტი. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ პორტუგალიურ „პანდურებს“ საბაზისო ვარიანტისაგან მცირედით განსხვავებული ფორმა გააჩნია. ჩეხეთის რესპუბლიკამ თავდაპირველად, 2006 წელს, 199 ერთეული მანქანის შესყიდვა დააპირა, თუმცა მოგვიანებით ეს რიცხვი 107 ერთეულამდე შემცირდა. ამას გარდა მისი შესყიდვით დაინტერესებულია გაბონიც, სადაც ამჟამად ჯავშანტრანსპორტიორი საგამოცდო პეროიოდს გადის.
წინა 6 x 6 კონფიგურაციის მოდელისთან ახლის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ Pandur II-ს გაცილებით უფრო დიდი შიდა სივრცე გააჩნია. ჯავშანტრანსპორტიორის კორპუსი შედუღებით არის დამზადებული. Pandur II-ის საბაზისო ვარიანტის ჯავშანი 7.62 მილიმეტრი კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო დამატებითი ჯავშნის დაყენების შემთხვევაში ჯავშან შეუვალი ხდება 14.5 მილიმეტრიან ჯავშანგამტანი ტყვიებისთვისაც კი. ამავდროულად, ჯავშნის სისქის გაზრდა მყიდველის ნებასურვილის მიხედვითაა შესაძლებელი. ჯავშანტრანსპორტიორზე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, მისი ეკიპაჟი ასევე დაცულია ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან.
Pandur II-ზე შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა კალიბრისა და დანიშნულების შეიარაღების დამონტაჟება. მათ შორის, როგორც მცირეკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღით, ისე საშუალო და მსხვილკალიბრიანი (105 მილიმეტრიანი ან უფრო დიდი კალიბრის მქონე) ქვემეხებით აღჭურვილი საბრძოლო მოდულებისა და კოშკურებისაც კი. 8x8 კონფიგურაციის Pandur II-ის საბაზისო ვარიანტს 12 სრულად აღჭურვილი ქვეითის ტრანსპორტირება შეუძლია. მისი ეკიპაჟი კი 2 კაცისაგან - მძღოლისა და მეთაურისაგან შედგება. მძღოლის განყოფილება ჯავშანმანქანის წინა მარცხენა მხარეს, ძრავის გვერდითაა განთავსებული.
ძალური დანადგარის სახით ჯავშანტრანსპორტიორი Pandur II აღჭურვილია Cummins ISC-ის ტიპის დიზელის ძრავით, რომელიც 285 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავის ამოღება და შეცვლა საველე პირობებშიც კი 30 წუთშია შესაძლებელი. მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ჯავშანტრანსპორტიორზე შესაძლებელია 40 ცხენისძალიანი დიზელის ძრავის დაყენებაც. Pandur II-ის ზოგიერთი ვერსია სრულად ამფიბიურია, მათზე ორი წყალმტყორცნია დამონტაჟებული, რომლებიც ჯავშანმანქანის ცურვის შესაძლებლობას უზრუნველყოფენ. ჯავსანტრანსპორტიორის ცურვის მაქსიმალური სიჩქარე 10 კმ/სთ-ს უდრის. Pandur II-ის საჰაერო გზით ტრანსპორტირება შესაძლებელია C-130 Hercules-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით.
Army.ge