ჰერბერტ უელსი - გულუბრყვილო დიდი ფანტასტი
11:26:33     21-09-2011
ცნობილი ბრიტანელი მწერალი და პუბლიცისტი ჰერბერტ ჯორჯ უელსი (Herbert George Wells) დაიბადა 1866 წლის 21 სექტემბერს. მომავალი მწერალი ქვეყნიერებას მოევლინა ბრომლიში, კენტის საგრაფოში. მისი მამა, ჯოზეფ უელსი და დედა, სარა ნილი მუშაობდნენ მებაღედ და შინამოსამსახურედ მდიდარ მემამულესთან. შემდეგში ფაიფურის პატარა მაღაზია გახსნეს. თუმცა დიდი შემოსავალი არ ჰქონდათ ამ საქმიანობიდან და ოჯახი ცხოვრობდა ჯოზეფის მიერ კრიკეტის თამაშით მოპოვებული ფულით.
როცა 8 წლისა გახდა მომავალი მწერალი, ფეხი მოიტეხა, და დროის გასაყვანად კითხვა დაიწყო. წიგნების კითხვა შეუყვარდა. მალე შეიყვანეს თომას მორელის კომერციულ აკადემიაში, თუმცა, როცა ბიჭუნა 13 წლისა იყო, მამამ თეძო მოიტეხა და კრიკეტს ანუ შემოსავალს გამოეთხოვა.
ძალიან უჭირდათ. შემდეგ ჰერბერტი სწავლობდა ლონდონის უნივერისტეტის კინგ-კოლეჯში, რომელიც დაამთავრა 1888 წელს.
1891 წელს პირველად იქორწინა იზაბელა მარიზე.
1892 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერების დოქტორის ხარისხი. მუშაობდა აფთიაქში, მერე სკოლის მასწავლებლად. იყო ინგლისელი ცნობილი ზოოლოგის, ჩარლზ დარვინის მიმდევრის, თომას ჰექსლის თანაშემწე.. 1893 წლიდან დაიწყო ჟურნალისტობა.
1895 წელს მეორედ იქორწინა ემი ქეთრინ (ჯეიმს) რობინზე. ჰყავდა ორი შვილი ჯორჯ ფილიპ უელსი და ფრენკ რიჩარდ უელსი, ორივე მეორე მეუღლისაგან.
1903-1909 წლებში გაწევრიანებული იყო ფაბიანურ კავშირში. ფაბიანური კავშირის წევრები თვლიდნენ, რომ კაპიტალიზმიდან ახალ ფორმაციაზე, სოციალიზმზე გადასვლა უნდა მომხდარიყო ნელ-ნელა, ფრთხილად, ყოველგვარი ძალდატანებისა და რყევების გარეშე.
უელსმა თავისი პირველი ნაწარმოები, „დროის მანქანა“ 1895 წელს დაწერა.
საინტერესოა, მან სამჯერ იმოგზაურა რუსეთის იმპერიაში, 1914, 1820 და 1923 წლებში. კარგად იცნობდა მაქსიმ გორკის. შეხვდა ჯერ ლენინს, 1920 წელს, ბოლოს სტალინს. სტალინისადმი ეჭვით იყო განწყობილი. ფიქრობდა, რომ მთიელი ქართველი, სტალინი, იქნებოდა ძალიან ფრთხილი, დაუნდობელი, ფანატიკოსი, დესპოტი, შურიანი, ხელისუფლების მონოპოლიზატორი, რომელიც ვერ „ჩამოსულა“ თავისი მთიდან. სტალინმა ის მოხიბლა, გაუბათილა ყველაფერი, რაც მასზე ცუდი სმენია, ყველა ეჭვი. მერე დიდი ფანტასტი წერდა: „არასდროს მინახავს მასზე უფრო გულწრფელი, წესიერი და კეთილშობილი ადამიანი, მასში არაფერია ბნელი და ბოროტი, ამით აიხსნება მისი დიდი ძალაუფლება რუსეთშიო“, - რა გულუბრყვილო ყოფილა დიდი ფანტასტი ცხოვრებაში.
ნაყოფიერი მწერალი იყო. დაწერილი აქვს ორმოცამდე რომანი და რამდენიმე ტომი მოთხრობებისა. ათეულობით ნაშრომი ფილოსოფიურ პრობლემებზე, ოცდაათამდე ტომი პოლიტიკურ და სოციალურ პროგნოზებზე, ოცდაათზე მეტი ბროშურა ფაბიანურ საზოგადოებაზე, შეიარაღებაზე, ნაციონალიზმზე, და სხვა თემებზე. დაწერილი აქვს სამი წიგნი ბავშვებისათვის და ავტობიოგრაფია.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.
დიდი მწერალი, რომელიც ჟიულ ვერნისთან ერთად ითვლება ფანტასტიკური ჟანრის მამამთავრად, გარდაიცვალა 1946 წლის 13 აგვისტოს. ანდრეძის თანახმად, კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი, მისმა ვაჟებმა კუნძულ უაიტიდან ლა-მანშის სრუტეს მიაფრქვიეს.