ერევანში, აღლუმზე რუსეთის სამხედრო ძალებიც მონაწილეობენ
22:54:12     20-09-2011
რუსეთი შანსს არ უშვებს და ძალისხმევას არ იშურებს, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე, ჩვენს რეგიონში, საკუთარი სამხედრო ძალების დემონსტრირება მოახდინოს. უკვე დაწერილ და დაუწერელ კანონად იქცა, რომ კავკასიაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილები, აუცილებლად მონაწილეობენ ამა თუ იმ, დე–იურე თუ დე–ფაქტო რესპუბლიკების სამხედრო აღლუმებში. ამით, რეგიონის „დამოუმორჩლებელი“ ქვეყნები, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იტყოდა – „დერჟატ ვ მანდრაჟე“.
21 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ოცი წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში, რუსეთის 102–ე, გიუმრის სამხედრო ბაზის ჯარისკაცების მონაწილეობაც იგეგმება, თანაც საკმაოდ დიდი შემადგენლობით. ამის შესახებ, სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანმა დავიდ კარაპეტიანმა განაცხადა.
„რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა სომხეთის ტერიტორიაზე, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის. ვფიქრობ, რომ რუსეთ–სომხეთის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ღრმა ფესვები, საიდუმლოს არ წარმოადგენს და ამ თემით სპეკულირება არ ღირს“ – განმარტა კარაპეტიანმა.
კითხვაზე, არის თუ არა ეს სამხედრო აღლუმი 26 აგვისტოს ბაქოში ჩატარებული აღლუმის საპასუხო სვლა, კარაპეტიანმა უპასუხა – „ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ. 21 სექტემბერს, აღლუმზე ნაჩვენები იქნება ის, რასაც სომხეთის რესპუბლიკამ ოცწლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში მიაღწია.
რაც შეეხება ხარჯებს, აღლუმს დიდი დანახარჯი არ მოჰყვება, რადგან ჩვენ იმის დემონსტრირებას მოვახდენთ, რაც უკვე არის სომხეთის არმიაში. ზოგიერთი ოპოზიციონერის გასაგონად ვიტყვი, რომ ამ თემით სპეკულირების ნაცვლად, სჯობს უხაროდეთ სომხეთის არმიის მიღწევები“.
კარაპეტიანის თქმით, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, სომხეთის არმია არამხოლოდ აღლუმებზე, არამედ საქმითაც აჩვენებს თავის შესაძლებლობებს. რუსეთის ზურგით გათამამებული კარაპეტიანის ეს სიტყვები ცოტა ღიმილისმომგვრელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც რუსი სამხედროები, სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სამხრეთის ოლქის სამხედრო ძალების დროშასთან ერთად, რუსეთის დროშასაც ააფრიალებენ.
„საწყალ“ ოსებთან შედარებით, სომხები უკეთეს სიტუაციაში არიან. მოგეხსენებათ, დღეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთიც აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და ისიც აღლუმით, მაგრამ სომხეთისგან განსხვავებით, აქ, აღლუმში ფაქტობრივად მხოლოდ რუსი სამხედროები, სამაჩაბლოში დისლოცირებული მეოთხე რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცები მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, მხოლოდ რუსეთის დროშისა და ჰიმნის თანხლებით.