ავარიები ავიაშოუებზე
17:37:55     20-09-2011
16 სექტემბერს აშშ-ში, ავიაშოუზე Reno Air Race უბედური შემთხვევა მოხდა. ავიაშოუს ფარგლებში, საჰაერო რბოლა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობის უფლება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ თვითმფრინავებს აქვთ. ერთ-ერთ მათგანს P-51 Mustang-ის ტიპის გამანადგურებელი წარმოადგენდა. მის შტურვალთან 74 წლის პილოტი, ჯიმი ლივარდი იჯდა.
ფრენისას, თვითმფრინავზე თავი ტექნიკურმა გაუმართაობამ იჩინა. პილოტმა კონტროლი დაკარდა და უმართავი თვითმფრინავი ხალხში ჩამოვარდა. ერთადერთი რის გაკეთებაც ლივარდმა ბოლო მომენტში შესძლო, მან თვითმფრინავი ტრიბუნებს აარიდა და ნაკლებად ხალხმრავალ ადგილისკენ გაიყვანა. მომხდარის შედეგად, პილოტის ჩათვლით, 3 ადამიანი დაიღუპა. 58-მა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.
მსოფლიო პრაქტიკაში, სამწუხაროდ, ავიაშოუებზე მსგავსი ინცინდენტები იშვიათი არ არის. ყველაზე მასშტაბური შემთხვევა 1988 წლის 28 აგვისტოს მოხდა. მაშინ ჰაერში სამი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად დაიღუპა 70 და დაშავდა 346 ადამიანი.
იმ დღეს, გერმანიაში, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა "რამშტაინზე" ავიაშოუ Flugtag 88 იმართებოდა, სადაც 300 ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. ხალხმრავლობის მიზეზი ავიაშოუზე იტალიური საპილოტაჟო ჯგუფის Frecce Tricolori გამოსვლა. ათი Aermacchi MB-339PAN-ის ტიპის თვითმფრინავისგან შემდგარი ჯგუფი, თავის საპილოტაჟო პროგრამის მთავარ ნომერს "განგმირულ გულს" ასრულებდა.
ფიგურას ცხრა თვითმფრინავისგან შემდგარი ორი ჯგუფი ხატავდა. ერთი 5, ხოლო მეორე 4 თვითმფრინავისგან შესდგებოდა. ფიგურის დახატვის წინ ისინი წინასწარ იყოფიან და მეათე თვითმფრინავი ცალკე პოზიციას იკავებს. შემდგომ ორივე ჯგუფი თითქმის ვერტიკალურად ზევით იწყებს ასვლას და გარკვეულ მომენტში ერთად იწყებენ ფერადი ბოლის გაშვებას, რათა გულის კონტური მოხაზონ. ჯგუფები
მარყუჟს ასრულებენ, რომლიდანაც გამოსვლის წერტილი ძალზე დაბლა მდებარეობს. ეს წერიტილი ცაზე გულის ქვედა კიდურა წერტილია. ამასობაში, მეათე თვითმფრინავი ქვემოთ, მათთან მიმართებაში მართობული კუთხით ეშვება. სწორედ ის განასახიერებს ისარს. მფრინავები ფრენის ტრაექტორიებს ისე ითვლიან, რომ ეს მეათე თვითმფრინავი, ძირითადი ორი ჯგუფის გადაკვეთის მომენტში მათ თავზე, 40-50 მ-ის სიმაღლეზე აღმოჩნდეს.
1988 წლის 28 აგვისტოს, 10-ე თვითმფრინავის მფრინავმა შეცდომა დაუშვა. ძირითადი ჯგუფები, შემხვედრ გეზზე მიფრინავდნენ, როდესაც 10-ე თვითმფრინავის მფრინავმა ივო ნურტარელიმ შეცდომა დაუშვა - მან სიმაღლე სათანადოდ ვერ გაითვალა და 40 მ-ის სიმაღლეზე სხვა ორ თვითმფრინავს შეეჯახა. მისი, თვითმფრინავი, რომელსაც მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა, ნაყინის ჯიხურთან დაეცვა. იმ დღეს ძალიან ცხელოდა და ამ ადგილას ბევრი ხალხი იყო შეკრებილი.
ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელიც გულის დახატვაში მონაწილეობდა, სამაშველო შვეულმფრენთან ჩამოვარდა და ფრაგმენტებმა მასში მყოფი ყველა ადამიანი მოკლეს. თავად პილოტი უშუალოდ შეჯახებისას ცოცხალი დარჩა და კატაპულტირებას შეეცადა. მაგრამ, მისი პარაშუტი ბოლომდე არ გაიხსნა და ის მიწასთან შეჯახებისას დაიღუპა. მესამე თვითმფრინავი ხალხისგან მოშორებით ჩამოვარდა.
მომხდარის შედეგად დაიღუპა 70 ადამიანი, მათ შორის 3 პილოტი და 16 ბავშვი. დაღუპულთა უმეტესობა შემდგომ სავაადმყოფოებში ძლიერი დამწვრობებისგან გარდაიცვალა. 346 ადამიანი დაშავდა. ტრაგედიის შემდეგ, დასავლეთ გერმანიაში ავიაშოუების ჩატარება 3 წლის განმავლობაში აიკრძალა. თავად ავიაბაზაზე კი ავიაშოუები აღარასდროს ჩატარებულა.
2002 წლის 27 ივლისს, უკრაინაში ქალაქ ლვოვთან, სკნილის აეროდრომზე, 14-ე ავიაკორპუსის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ავიაშოუ გაიმართა. ძირითადი აქცენტი სახმელეთო ექსპოზიციაზე იყო გადატანილი და საჰაერო პროგრამაში მხოლოდ ოთხი თვითმფრინავი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი Су-27УБ იყო. მას საკმაოდ გამოცდილი მფრინავები მართავდნენ. ერთს ვლადიმერ ტოპონარს 1900, მეორეს, იური ეგოროვს კი - 2000 საათი ქონდათ ნაფრენი.
მაყურებლების ტრიბუნების წინ 400 მ-ის სიმაღლეზე გაიფრინეს და საპილოტაჟო პროგრამის შესრულება დაიწყეს. უსიამოვნებები სწორედ მაშინ დაიწყო. ტოპონარმა შეამჩნია, რომ მაყურებლები მათგან მარჯვნივ კი არა, მარცხნივ იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, რომ ისინი მაყურებლების ზონას მიუახლოვდნენ, მათ განაგრძეს პროგრამა და შემდგომი ფიგურის შესრულება დაიწყეს. ამ დროს თვითმფრინავში დამონტაჟებული ხმოვანი ინდიკატორი ეკიპაჟს საშიშ სიმაღლეზე დაშვების შესახებ აუწყებს. ეკიპაჟი დარწმუნებულია, რომ ეყოფა სიმაღლე სიმაღლის ასაღებად. ამასობაში მიწიდან ეკიპაჟს მარცხნივ მკვეთრ მოხვევასა და ძრავების ფორსაჟულ რეჟიმზე გადაყვანას უბრძანებენ, მაგრამ უკვე გვიანია.
ის მარცხენა ფრთა ჯერ ხეს, შემდგომ კი ბეტონს წამოსდო და პირადაპირ ხალხისკენ განაგრძო მოძრაობა. მარჯვენა ფრთით ის სადგომზე მდგარ სატრანსპორტო Ил-76-ს შტურმანის კაბინას დაეჯახა, სადაც ამ მომენტში ბავშვები იმყოფებოდნენ. შეჯახებამდე წამით ადრე მფრინავებმა კატაპულტით ისარგებლეს. უმართავი თვითმფრინავი კი რამოდენიმეჯერ ამოტრიალდა და აფეთქდა.
აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ფრაგმენტებსა და წამებში აალებული თითქმის 4 ტონა საწვავში, გარშემო მყოფ ხალხი ხვდება. რამოდენიმე წამმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალა და დღესასწაული ტრაგედიად აქცია, რომელსაც 77 ადამიანის სიწოცხლე შეეწირა, კიდევ 241-მა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.
მომხდარ კატასტროფას რამოდენიმე მიზეზი ქონდა და ყველაზე მთავარი ავიაშოუზე მაყურებლების უსაფრთხოების არასათანადო დაცვა იყო. ისინი საპილოტაჟო ზონასთან ახლოს იყვნენ, მაშინ როდესაც უსაფრთხოების ნომრებით ეს მანძილი 400მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მეორე შეცდომას საფრენოსნო პროგრამის მომზადების დაბალი დონე წარმოადგენდა. თვითმფირნავში საჭიროზე მეტი, თითქმის 5 ტონა საწვავი ჩაასხეს, რამაც ასაფრენი მასა გაზარდა. ეს კი დაუყოვნებლივ თვითმფრინავის საპილოტაჟო შესაძლებლობებზე აისახა.
2005 წელს დამთავრებული სასამართლოს განაჩენით, ტოპონარს თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით შეეფარდა (ჯარიმის სახით მას 1 მილიონ 300 ათასი დილარი დაეკისრა), მეორე მფრინავს, ეგოროვს - 12 წელი (450000 დოლარი), 14-ე ავიაკორპუსის მეთაურ ანატოლი ტრეტიაკოვს - 6 წელი (130000 დოლარი), მის მოადგილეს და ფრენების ხელმძღვანელ იური იაცუკს - 6 წელი (130000 დოლარი), ფრენების უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ანატოლი ლუკინს - 4 წელი (35000 დოლარი).