დღეს სოფი ლორენის დაბადების დღეა
14:34:50     20-09-2011
ყველა დროის ბრწყინვალე ვარსკვლავი დღეს იუბილარია, სოფი ლორენს 77 წელი შეუსრულდა.
სოფის ქალიშვილობის გვარია შიკოლონე. იგი 1934 წლის 20 სექტემბერს, რომის ღარიბთა საავადმყოფოში დაიბადა. მშობლები არც თუ ისე წარმატებული მსახიობები იყვნენ. სოფია მცირეწლოვანი იყო, მამამ ოჯახი რომ მიატოვა. მარტოხელა დედას ორი პატარა ქალიშვილის გაზრდა ძალიან უჭირდა. სოფი ლორენმა ბავშვობა უკიდურეს სიღარიბეში გაატარა.
ათი წლის სოფიმ ერთ–ერთ სპექტაკლში მთავარი როლი შეასრულა და მაშინ დაიფიცა, რომ ცნობილი მსახიობი გახდებოდა. თინეიჯერობის პერიოდში გოგონა საკუთარ თავს მახინჯად თვლიდა. თუმცა, დედას მისი შესაძლებლობების სჯეროდა და სოფის ფოტო სილამაზის კონკურსზე გააგზავნა.
და აი, ერთ დღეს, სოფის ბედმა გაუღიმა. 15 წლის გოგონა სილამაზის კონკურსის ფინალისტი გახდა – მან მეორე ადგილი დაიკავა. ამ გამარჯვებამ სოფის რომში საცხოვრებლად გადასვლის შესაძლებლობა მისცა.
1950 წელს ლორენმა „მის იტალიის“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მას „მის ელეგანტურობის“ ტიტული მიანიჭეს.
ერთ–ერთ სილამაზის კონკურსზე სოფი ცნობილმა პროდიუსერმა კარლო პონტიმ შენიშნა. პონტის გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა. მიუხედავად იმისა რომ მათ შორის 22 წელი სხვაობა იყო და კარლოს უკვე ჰყავდა მეუღლე, წყვილმა მექსიკაში ჩუმად იქორწინა.
წარმატებული სამოდელო კარიერის მიუხედავად, სოფი კვლავ კინოსა და თეატრზე ოცნებობდა. მას ფილმებში ფსევდონიმით იღებდნენ; თავდაპირველი „სოფია ლაზარო“ შემდგომ „სოფი ლორენმა“ შეცვალა.
1954 წელს სოფიმ ითამაშა ენტონი ქუინთან ერთად ფილმში „ატილა“, ეს იყო ლორენის პირველი ფილმი, რომელიც იტალიის ფარგლებს გარეთ გავიდა.
1960 წელს, სოფიმ, ვიტორიო დე სიკას ფილმ „ჩოჩარაში“ ახალგაზრდა ქვრივის როლის შესრულებისათვის „ოსკარი“ მიიღო. პირველი მილიონი მსახიობს ფილმმა The Fall of the Roman Empire–მ მოუტანა. სოფი ლორენი სამოციანი წლების ყველაზე პოპულარული და იტალიური კინოს საყოველთაოდ აღიარებული საუკეთესო მსახიობია.
კარლო პონტი სოფის ერთადერთი მეუღლე იყო. სამწუხაროდ, კარლო 2007 წელს, 94 წლის ასაკში, გარდაიცვალა. სოფის ჰყავს ორი ვაჟი; 1968 წელს დაბადებული კარლო პონტი უმცროსი (ვენის ორკესტრის დირიჟორი) და 1972 წელს დაბადებული ედუარდო (რეჟისორი).