პოეტ ბაბილინა ხოსიტაშვილის ორი შეხვედრა ვაჟა-ფშაველასთან
12:04:34     20-09-2011
ბაბილინა (ბარბარე) ხოსიტაშვილი, იროდიონ ევდოშვილის და და ნიკო კურდღელაშვილის მეუღლე, ცნობილი პოეტი იყო. მისი შეხვედრა ვაჟა-ფშაველასთან და აღფრთოვანებულმა ბაბილინამ ლექსი მიუძღვნა დიდი მგოსანს.
წელს, როგორც ცნობილია, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. 2004 წელს საფრანგეთში იზეიმეს არტურ რემბოს 150 წლისთავი. ფრანგებისათვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა მთელი წელიწადი გრძელდებოდა, განსაკუთრებით რემბოს მშობლიურ პატარა ქალაქ შარლევილში (დღეს არტურ რემბოსადმი მიძღვნილი პუბლიკაციაც ქვეყნდება პრესა.გე-ს მკითხველებისათვის).
ფრანგებმა იციან თავისი პოეტების დაფასება. წელს კი ჩატარდა საზეიმო შეხვედრები ჩარგალში, თუმცა ვაჟას მეტი ეკუთვნის. ამიტომ, ეს წელი ჩვენ გამოვაცხადოთ ვაჟა-ფშაველას წლად.
დღეს, ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ბაბილინა ხოსიტაშვილის მოგონებას ვაჟა-ფშაველაზე (ვახტანგ რაზიკაშვილის წიგნიდან „მამაჩემი ვაჟა ფშაველა“).
ორი შეხვედრა ვაჟასთან
ვაჟა-ფშაველა მე გავიცანი „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში 1911 წელს; ამ გაზეთის სახელწოდება წინა წლებში იყო „ცნობის ფურცელი“; გამოდიოდა ყოველდღიურად; ხოლო კვირაში ერთხელ - სურათებიანი დამატებით.
როდესაც ამ გაზეთის მესვეურები: გ. ლასხიშვილი, ილ. აღლაძე - რეაქციის გაძლიერებისას გადაასახლეს და თანამშრომლების ახალი წყება გაუძღვა გაზეთის საქმეებს, მაშინ რედაქციაში მუშაობა დაიწყეს: ია ეკალაძემ, ს. შანშიაშვილმა, ნ. კურდღელაშვილმა და სხვა.
როგორც მახსოვს, ამ ხანად გაზეთი უკვე „სახალხო გაზეთის“ სახელით იბეჭდებოდა...
1911-1912 წლებში, მეც დავდიოდი რედაქციაში - ლექსები მიმქონდა დასაბეჭდად. ამ რედაქციაში პირველად შესვლისთანავე თითქმის ყველა ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა... ია ეკალაძე, ცინცაძე ხომ ჩემი ძმის, იროდიონ ევდოშვილის ახლო მეგობარი იყო. ასევე - სანდრო შანშიაშვილიც. ხოლო ნ. კურდღელაშვილი და მე იმ ხანად უკვე მეუღლენი ვიყავით.ეს სამივე, ჩემთვის მახლობელი პირი, რედაქციის დარბაზში მაგიდებთან მსხდომნი მუშაობდნენ. ფეხზე იდგა მხოლოდ ერთი, ქართულ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, ახოვანი გარეგნობის ვაჟკაცი. გამაცნეს, - ვაჟა-ფშაველა არისო.
რა თქმა უნდა, მისი ნაწერები წაკითხული მქონდა და მის პოემებში, (მაგალითად „ბახტრიონში“) განსაკუთრებით პატრიოტული სულისკვეთება მიტაცებდა. ხოლო მის ლექსებში მხიბლავდა და დღემდე მხიბლავს რაინდი მებრძოლის ყივილი...
იდგა ეს ახოვანი ვაჟკაცი რედაქციის დარბაზში, წელზე ქამარ-ხანჯლიანი, თამამად თავაღებულ-პირღიმილიანი, მას ორივე ხელი ხანჯლის ვადაზე მოემუჭნა და რედაქციის მუშაკებთან ტკბილ საუბარში იყო... ვაჟას გარეგნობამ ჩემში უფრო განამტკიცა თანაზიარობა მის სულიერ სწრაფვასთან და შინ რომ დავბრუნდი, ამ შთაბეჭდილებით დავწერე ლექსი, ლექსი „სახალხო გაზეთში“ დაიბეჭდა. აი ეს ლექსიც:
მთის თხემით გარდმოსხლეტილი,
ვაჟავ, მეგონე კანჯარი;
მომწყურდა სხვა დრო, დიადი,
რომ გმირსა გესხას აბჯარი;
თვალთ ნაპერწკალი გცვიოდეს;
მერანი შენი შენითვე
ამაყი - სჭექდეს, ხვიოდეს...
ხანჯალი ამიოწოდო
ძლევა! დასჭყივლოს ბრძოლასა;
შენს წინ მტერს ზარი დაეცეს,
დაემხოს, დაჰყვეს ძრწოლასა.
გული მკერდს გიფართოვებდეს
ვეღარ იტევდეს ღელვასა;
თუ მოგხვდეს მტრისა ნასროლი,
გვანდეს ცით ნაკვეთს ელვასა, -
მაშინ მე, გრძნობასათუთი
მოვალ, შეგიხვევ ჭრილობას,
„ვაჟკაცის სისხლი იღვრება!“ –
ვამცნებ დედათა ყრილობას.
მშობლებმა გიცნოს, გიყივლოს,
შვილთან იბრძოდეს დედაცა;
დიდების გვირგვინს, სიმღერას
მაშინღა ვთხზავდეთ მე და ცა.
მთიდან ჩამოსული ვაჟა, თბილისში ორი კვირით მაინც რჩებოდა ხოლმე და მეგობრებში, მწერალთა წრეში ტრიალებდა. უფრო კი: შიო მღვიმელთან, ია ეკალაზესთან, ნიკო კურდღელაშვილთან და ირ. ევდოშვილთან იყო (როცა ეს უკანასკნელი თბილისში იმყოფებოდა)...
მიძღვნილი ლექსი, როგორც გადმომცეს, ვაჟას მოსწონებოდა.
თბილისში ყოფნისას, ვაჟას ქუჩაში (ტრამვაის ვაგონში) შევხვდი კიდევ, უცაბედად, და მისალმება-გამოლაპარაკებისას ვუთხარ: თქვენი სულის ვითარება თქვენმა ვაჟკაცურმა გარეგნობამ განმაცდევინა-მეთქი.
- ვარ კიდეც ასეთიო! - მიპასუხა ვაჟამ ნახევრად ხუმრობის კილოთი...
ასეთი იყო ეს ორი მომენტი, რაინდული სულით აღჭურვილ მამულიშვილთან შეხვედრისა.
ჩემი ლექსის საპასუხოდ ვაჟამ მიძღვნა შემდეგი ლექსი:
პასუხად ბაბილინას
სიკვდილი როდი მაშინებს,
მამულს თუ რამე ერგების;
საწუთიერო სურვილზე
თუ კაცი გადაეგების! –
ის კი არ მწამდა, არც წინათ,
და ვერც ვიწამებ მას დღესა;
ისა სჯობია, ვინც მტრის ძალს
თვის ძალას შეუწონებსა;
და უკეთესად მოახმარს
სამშობლოს თავის ღონესა,
სიმართლე გითხრა, ქალაო,
გული არ არი დონესა,
აპირობს გადრმოვარდნასა,
ედება ღობე-ყორესა...
ათასჯერ დასჭრეს, დაკუწეს,
ათასჯერ დააღონესა...