ურანი ტანკის წინააღმდეგ

  16:06:22     19-09-2011

ჯავშანსატანკო ჯარების ისტორიის უცვლელ ნაწილს, ჯავშნისა და ჭურვის ურთიერთწინააღმდეგობა წარმოადგენს. პერიოდულად ხან ერთი ხან მეორე მოწინააღმდეგე, რადიკალური ტექნიკური სიახლის გამოყენებით წინ გაიჭრებოდა ხოლმე. ამის შედეგად, ტანკების განადგურება ურთულეს ამოცანად იქცეოდა, ან პირიქით _ მათი განადგურება საგრძნობლად მარტივდებოდა.

1970-იან წლებში, ჭურვებმა პოზოციების დათმობა დაიწყეს. მართალია სამხედრო ჟურნალისტები, 1973 წელს ისრაელ-არაბეთის მორიგი ომის შემდეგ, აღფრთოვანებულები ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით განადგურებული ათობით ტანკის ხილვით, ტანკის ეპოქის დასასრულზე საუბრობდნენ. მაგრამ სამხედროები ხვდებოდნენ, რომ ეს უკანასკნელი სამხედრო კონფლიქტი იყო სადაც მნიშვნელოვანი როლი მონოლითურ ჯავშნიანმა ტანკებმა ითამაშეს.

იმ დროს, ბევრ ქვეყანაში აქტიურად იქმნებოდა ტანკების ახალი სახის, მრავალშრიანი ჯავშანი. სსრკ-ში ერთ-ერთი პირველი ტანკი, რომელშიც მრავალშრიანი ჯავშანი გამოიყენეს თ-64 იყო. მაგრამ ის ექსპორტზე არ იგზავნებოდა და შესაბამისად 1973 წლის ომში მონაწილეობა არ მიუღია.

ჭურვის ჯავშანგამტანობა, ანუ იმ ჯავშნის სისქე რომლის გახვრეტაც მას შეუძლია, უმეტესწილად ჭურვის მიერ ჯავშანზე წარმოქმნილი დატვირთვით არის განპირობებული. დატვირთვის სიდიდის გაზრდის ყველაზე მარტივი ხერხი ჭურვის მასის გაზრდა და ამავე დროს მისი დიამეტრის შემცირებაში მდგომარეობს. ამავე დროს ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული თუ რა მასალისგან არის დამზადებული თავად ჯავშანგამტანი გულარი. ამ საქმეში მთავარი კანდიდატი ვოლფრამია, მისი სიმკვრივე ფოლადისაზე 2,5-ჯერ მეტია. მაგრამ ვოლფრამი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თანაც მისი დამუშავება არც ისე მარტივი საქმეა. საავიაციო ქვემეხების ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებში, ვოლფრამს გერმანელები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ. და უნდა ითქვას, რომ მათ ეს საკმაოდ ეფექტურად გამოსდიოდათ.

ვოლფრამის ალტერნატივას გაღარიდებული ურანი წარმოადგენს. მისი სიმკვრივე თითქმის ვოლფრამის ანალოგიურია და წარმოებაშიც გაცილებით მარტივია. გარდა ამისა იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც საკუთარი ბირთვული პროგრამა გააჩნიათ, ურანი ფაქტიურად უფასოა. მართალია ის ცოტათი რადიაქტიულია და საკმაოდ ტოქსიკურია, რაც მისი წარმოებისას გარკველ პრობლემებს ქმნის.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კინეტიკურ ჭურვებში ურანის გამოყენებას გერმანელები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ცდილობდნენ. იმ პერიოდში გერმანიაში ვოლფრამის დიდი დეფიციტი იყო და მესამე რაიხი მის შემცვლელს ეძებდა. გერმანიის დამარცხების შემდეგ, დოკუმენტაცია ამ საკითხის შესახებ სსრკ-სა და მოკავშირეების ხელში ჩავარდა და დეტალუარდ იყო შესწავლილი.

ომის შემდეგ, გაღარიბებული ურანის გამოყენებით, პირველი კინეტიკური ჭურვების შექმნის მცდელობა ამერიკელებმა 1960-იანი წლების დასაწყისში მოიმოქმედეს. მიზანს 105 და 120 მმ-ის კალიბრის ტანკების ჭურვების გაუმჯობესება იყო. მაგრამ გამოცდებზე ურანიანმა ჭურვებმა, ახალი სახის ვოლფრამის შენადნობის ჯავშანგამტან გულარიან ჭურვებთან შედარებით განსაკუთრებული შედეგი ვერ აჩვენეს და პროგრამაც მალე დაიხურა. თანაც იმ დროს ურანიანი ჭურვების დამზადების ტექნოლოგია ჯერ არ არსებობდა.

რადიკალური ცვლილება ამ მხრივ 1973 წელს მოხდა, როდესაც ურანის ახალი შენადნობი გამოიგონეს. მისი დამზადების ტექნოლოგია სრულყოფამდე კი უმცირეს დროში მიიყვანეს. გამოცდებზე ახალმა გამოგონებამ, ავტომატური ქვემეხების შემთხვევაშიც კი ყველანაირად დამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა. შესაბამისად აშშ-მ არჩევანი გაღარიბებული ურანის სასარგებლოდ გააკეთა და უკვე 30 წელია ამ გეზით მიდის.

გაღარიბებულ ურანიან ჭურვებს ამერიკელები `აბრამსის~ ტიპის ტანკების 120 მმ-იან ქვემეხებში და A-10-ის ტიპის მოიერიშეს 30 მმ-იან ქვემეხში იყენებენ. რეალურ საბრძოლო პირობებში ურანიანი ჭურვების გამოყენება 1991 წელს, ერაყში მიმდინარე ოპერაცია `უდაბნოს ქარიშხლისას~ მოხდა. მაშინ ამერიკელებმა 14 ათასზე მეტი 105 და 120 მმ-იანი ტანკის ჭურვი დახარჯეს. ვალში არც ავიაცია დარჩენილა. ოპერაციის მსვლელობისას 148 ამერიკულმა მოიერიშემ სხვადასხვა სამიზნეების წინააღმდეგ ურანიანი 783514 ჭურვი გამოიყენა. თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითოეული მათგანი 272 გრამ გაღარიბებულ ურანს შეიცავს, გამოდის რომ ამერიკულმა სამხედრო-საჰაერო ძალებმა სპარსეთის ყურის თავზე დაახლოებით 230 ტონა რადიაქტიული ნივთიერება `გაფანტეს~. რამაც ამ რეგიონში დაუყოვნებლივ რადიაციული ფონის გაუარესება და კიბოს სხვადასხვა სახეობით დაავადებული ხალხის რაოდენობის ზრდა გამოიწვია. სხვათა შორის ონკოლოგიური დაავადებები სამშობლოში დაბრუნებულ რამოდენიმე ასეულ კოალიციის ჯარისკაცსაც აღმოაჩნდა. მსგავსი შემთხვევები ფიქსირდებოდა 1999 წელს, იუგოსლავიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შემდეგ.

ურანის ჭურვების შექმნაში, აშშ-ს მალე მთელმა მსოფლიომ მიბაძა. 1970-იან წლებში ურანული ჭურვების წარმეობის ტექნოლოგია დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ისრაელმა და საბჭოთა კავშირმა აითვისეს. რა თქმა უნდა ყველა მათგანმა ამგვარი იარაღი შეიარაღებაში მიიღო.