Centauro B1 - ანტიტანკი

  11:09:24     19-09-2011

იტალიური ანტიტანკი Centauro B1 ორი კომპანიის „ფიატისა“ და „ოტო მალერას“ ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა, იტალიის არმიის მოთხოვნათა შესაბამისად. იტალიის არმიის მთავარი მოთხოვნილება კი იყო ის, რომ ანტიტანკს მაღალი ბობილურობა უნდა ჰქონოდა. Centauro B1-ის სერიული წარმოება 1990 წელს დაიწყო, ხოლო იტალიის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში 1991 წელს მიიღეს. 1996 წლისათვის იტალიის არმიას „ჩენტაუროების“ ბოლო პარტია გადაეცა, რომელის შემდეგაც იტალიის დაქვემდებარებაში სულ 400 ერთეული ამ ტიპის ანტიტანკი იმყოფება. ანტიტანკი ექსპორტზე ერთადერთ ქვეყანაში - ესპანეთში გავიდა, ესპანეთის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში ამჟამად 84 ერთეული Centauro B1 ირიცხება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ 2000-დან 2002 წლამდე 16 ერეული იტალიური ანტიტანკი იჯარით აიღო. ეს მანქანები Stryker MGS-ის ეკიპაჟებს მოსამზადებლად გადაეცათ, რათა უფრო მეტი გამოცდილება მიეღოთ თვლიანი დაჯავშნული მანქანების გამოყენების შესახებ. ეს გამოცდილება მათ მომავალში, მას შემდეგ, რაც „სტრაიკერებს“ შეიარაღებაში მიიღებდნენ, გამოადგებოდათ და მათი ექსპლუატაცია არ გაუჭირდებოდათ.

ანტიტანკი მოვალეობაში, ტანკების წინააღმდეგ ბრძოლს გარდა, სადაზვერვო მისიების შესრულება, საცეცხლე მხარდაჭერა და ტერიტორიის დაცვაც შედის. სამშვიდოებო მისიების განხორციელებისას ანტიტანკი Centauro ასევე წარმატებით გამოიყენებოდა საესკორტოდ, კონვოირებისა და საპატრულო მიიების შესასრულებლად.

იტალიური ანტიტანკი „ჩენტაურო“ შეიარაღებულია მძლავრი, ორ სიბრტყეში სტაბილიზირებული 105 მილიმეტრიანი კუთხვილულიანი ქვემეხით, რომელიც კომპანია „ოტო მალერას“ მიერ შეიქმნა. მისი ლულის სიგრძე 52 კალიბრის ტოლია და ის თერმული საფარით არის დაფარული. მასზე ასევე დამონტაჟებულია ინტეგრირებული კვამლის გამომდევნი სისტემა. ქვემეხი შეთავსებადია „ნატოს“ სტანდარტის 105 მილიმეტრიან ამუნიციასთან. მისი მოქმედების ეფექტური მანძილი 3 000 მეტრს შეადგენს და შეუძლია გაანადგუროს, როგორც ჩვეულებრივი მსუბუქად დაჯავშნული ჯავშანმანქანები, ისე ძირითადი საბრძოლო ტანკებიც კი. ანტიტანკს გააჩნია ძალიან კარგი, მაღალეფექტური ლულის მუხრუჭი, რომელიც ქვემეხის უკუცემის ძალას დაახლოებით 40 პროცენტით ამცირებს. ქვემეხის სწორედ ეს მახასიათებელი განაპირობებს იმას, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია თვლიან შასიზე. Centauro B1-ის საბრძოლო კომპლექტი 40 ერთეული 105 მილიმეტრიანი ჭურვისაგან შედგება, საიდანაც 14 ერთეული ანტიტანკის კოშკურაში, ხოლო დანარჩენი 26 ჭურვი კორპუსში ინახება. საბრძოლო კომპლექტში შედის „ნატოს“ სტანდარტის 105 მილიმეტრიანი ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი ჭურვებიც.

ანტიტანკ Centauro B1-ზე დამონტაჟებულია კომპანია Galileo Avionica-ს მიერ წარმოებული TURMS-ის ტიპის ცეცხლის მართვის სისტემა. ეს ცეცხლის მართვის სისტემა მსგავსია იმ სისტემის, რომელიც იტალიურ ძირითად საბრძოლო ტანკში - Ariete-ში გამოიყენება. სისტემა აღჭურვილია ბალისტიკური კომპიუტერებით, თერმული ხედვის ხელსაწყოებითა და ლაზეული მანძილმზომით. ამ სისტემის წყალობით Centauro-ს საბრძოლო მოქმედებების წარმოების უნარი დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში აქვს. ანტიტანკს მოძავ თუ უძრავ სამიზნეზე შეტევის განხორციელება მისი მონიშვნიდან 25-35 წამში შეუძლია.

Centauro B1-ის დამხმარე შეიარაღება 2 x 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევისაგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი ძირითად ქემეხთან არის შეწყვილებული, ხოლო მეორე ტყვიამფრქვევი ანტიტანკის კოშკურის თავზეა დამონტაჟებულიდა მას ჰაერსაწინააღმდეგო ფუნქცია აქვს შეთავსებული. ორივე ტყვიამფრქვევის საბრძოლო კომპლექტი 4 000 ერთეული ტყვიისაგან შედგება. გარდა ამისა, ანტიტანკის კოშკურის ბორტებზე დაყენებულია ორი ოთხლულიანი საკვამლავი ყუმბარების გამშვები მოწყობილობა.

ანტიტანკის კოშკურა და კორპუსი შედუღებით არის დამზადებული. სტანდარტული კონფიგურაციის Centauro-ს ჯავსანდაცულობა შუბლა პროექციაში 25 მილიმეტრიანი ჭურვებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. ხოლო დაჯავშნა დანარჩენ ადგილებში გათვლილია 14.5 მილიმეტრი კალიბრის ტყვიებისაგან და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვაზე. ანტიტანკზე შესაძლებელია 3 ტონაზე მეტი საერთო წონის დამატებითი პასიური ჯავშნის ან ფეთქებად-რეაქტიული დაცვის ელემენტების დამონტაჟება. „ჩენტაუროს“ ეკიპაჟი დაცულია ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან, მასზე ასევე დაყენებულია ლაზერული გამაფრთხილებელი სისტემა.

იტალიური ანტიტანკის ეკიპაჟი ოთხი კაცისაგან შედგება, ესენია: მეთაური, მსროლელი, მძღოლი და დამტენი.

ძალური დანადგარის სახით Centauro B1-ზე Iveco V-6 MTCA-ს ტიპის ტურბოდიზელის ძრავაა დაყენებული, რომელიც 520 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მანქანის სიმძლავრისა და მასის შეფარდება 19.35 ცხენის ძალას უდრის ერთ ტონაზე. ძრავა ანტიტანკის კორპუსის წინა ნაწილში მდებარეობს, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მანქანის დაცულობას და დამატებითი დაცვის როლს თამაშობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Centauro B1 არ არის ამფიბიური, მისი მაქსიმალური სიჩქარე კარგ გზაზე 100 კილომეტრ/საათს უდრის.

Army.ge