
ორსული არასრულწლოვანის შემზარავი მკვლელობა
16:33:01     17-09-2011
ერთი წლის წინ, კახეთში, შემზარავი დანაშაული მოხდა. არასრულწლოვანი, ფეხმძიმე გოგონა შეყვარებულმა მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი, ცხედარი გადამალა, მისი ტელეფონი მოიპარა და მიიმალა. ეს ფაქტი ალბათ ბევრ თქვენგანს ახსოვს, თუმცა უცნობია საქმის დეტალები და დამნაშავის ბედი.
პოლიციამ მკვლელობა მალე გახსნა და ზაზა ბედოშვილი დააკავა. საქმის განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა. მას ბრალად ედებოდა არასრულწლოვანის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა და ქურდობა. საქმის მასალების მიხედვით: ,,ზაზა ბედოშვილსა და არასრულწლოვან გოგონას შორის არსებობდა ახლო ინტიმური ურთიერთობა. 2010 წლის 26 აგვისტოს, ც. ვ.–მ, მორიგი შეხვედრისას, ზაზა ბედოშვილს აცნობა, რომ მისგან ფეხმძიმედ იყო და მოსთხოვა ცოლად წაეყვანა, წინააღმდეგ შემთხვევაში განუცხადა, რომ უჩივლებდა პოლიციაში.
აღნიშნული საუბრის შემდეგ, ზაზა ბედოშვილმა განიზრახა მოეკლა არასრულწლოვანი, ფეხმძიმედ მყოფი ც. ვ. მან ყელში ხელის მოჭერით, ხოლო შემდეგ ტილოსაგან გაკეთებული მარყუჟით მოგუდა იგი. როდესაც დარწმუნდა, რომ მსხვერპლი გარდაიცვალა, კვალის დაფარვის მიზნით, გვამი იქვე, ნაგავსაყრელთან არსებულ ცემენტის კონსტრუქციის ავტომანქანის გასამართ ორმოში ჩააგდო, რომელსაც დააყარა ნაგავი და ბალახები, რის შემდეგაც იგი ფარულად დაეუფლა ც. ვ.–ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.’’
სასამართლოში, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მან დაადასტურა მის მიერ ც. ვ. –ს მკვლელობის ფაქტი, თუმცა განაცხადა, რომ მისთვის უცნობი იყო დაზარალებულის ორსულობის შესახებ. ასევე, უარყო ტელეფონის ქურდობა.
სასამართლომ, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების: დაზარალებულის უფლებამონაცვლისა და მოწმეთა ჩვენებების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ბიოლოგიურ–გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის, ამოცნობის ოქმისა და სხვა მტკიცებულების შეფასების საფუძველზე, დაადასტურა ბედოშვილის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. თელავის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ 16 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.