მიხეილ ჯავახიშვილის „ისევ ქართული ენის შესახებ“

  13:58:34     17-09-2011

პრესა.გე-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში უკვე გვაქვს მიხეილ ჯავახიშვილის წერილი „ქართული ენა“. დღეს, გთავაზობთ მის გაგრძელებას, წერილს „ისევ ქართული ენის შესახებ“, რომელიც დაწერილია 1924 წლის 25 მაისს.

მეორე დღეს 26 მაისი დგებოდა და იქნებ მიხეილ ჯავახიშვილს იმ დიდებული დღის ხსოვნის შთაგონებით აქვს ის დაწერილი.

მიხეილ ჯავახიშვილის ეს წერილი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენაა, პრობლემა ისევ დგას. ხშირად გაიგონებს კაცი „იმენნას“, „დაჟე“, „სპიჩკა“ და ა. შ. ვერ იქნა და რუსულიდან შემოტანილი გაჟარგონებული ბარბარიზმები ვერ მოვიცილეთ. თუ ჩვენ გვინდა რომ საქართველომ ნამდვილად მიაღწიოს თავისუფლებას, უნდა გავუმკლავდეთ იმპერიის შემოტევების შედეგად დატოვებულ მანკს და დავამარცხოთ. ირლანდიელებმა, როგორც შესანიშნავად აღნიშნავს  წინამდებარე წერილში ჩვენი დიდი მწერალი, კი მიიღეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ინგლისური ენა გაბატონდა ირლანდიაში. ღმერთმა დაგვიფარა ჩვენ ამისგან, რომ რუსულ ენაზე გადავსულიყავით, რუსულ ენაზე გვესაუბრა, რუსულად შექმნილიყო ჩვენი ლიტერატურა... მადლობა ღმერთს და ჩვენს დიდი მოღვაწეებს, ილიას, აკაკის... ყველას. მაგრამ, სასაუბრო ენა მაინც დანაგვიანებულია რუსულის გავლენით...
 
ეს დიდი პრობლემაა...

გარდა ამისა, არის სხვა პრობლემაც. უცხოეთში წასული ბავშვების დიდი ნაწილი ქართულად ვერ ლაპარაკობს. მე პირადად ვიცნობ რამდენიმე ოჯახს, კარგა ხნის წასულებს საქართველოდან, რომელთა ბავშვებმაც არ იციან ქართული. კარგად ვიცი, ის ჩემი ნაცნობები, იმ ბავშვების მშობლები, დიდებული ფრანგულით ან ინგლისურით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ შვილებმა კი არ იციან ქართული. სულ მიკვირს, რა ენაზე ლაპარაკობენ ოჯახში. კი მაგრამ, შვილებს ქართულად მაინც არ უნდა ეფერებოდეს კაცი და ქართულად არ უნდა უყვებოდეს თავისი სამშობლოს შესახებ?! ალბათ შვილებთან ურთიერთობა არ აქვთ. ის ბავშვები დაზიანებულნი არიან... ასეთი სამწუხაროდ ბევრია. ბევრს ვკარგავთ.

ქართული ენა არის ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენთვის, ყველაზე მთავარი... მისი პატივისცემით კი აიწონება ქართველი ადამიანის კაცობა. ერთი პოლიტიკოსი საქართველოს ლიდერობას აპირებდა. დიდი რეკლამაც უკეთდებოდა, რა ლეგენდები არ დადიოდა მასზე და მის დიდად გავლენიან ნაცნობებზე ამერიკაში... მერე მისი ცოლ-შვილი აჩვენეს, ინგლისურად ელაპარაკებოდნენ მას. დალოცვილო, შვილს არ ცდილობ ქართული ასწავლო (ცოლზე აღარ ვლაპარაკობ) და მე გამიკეთებ კარგ საქმეს?! არ მჯერა.

დღესაც ნახავ ქართველების ცოლებს, რუსებს, ან რუსულენოვანებს, რომლებიც ათეული წელია საქართველოში ცხოვრობენ და ქართულად ლაპარაკს არ კადრულობენ. ან ქმრები არ უყვართ, ან ზემოდან გვიყურებენ და არ კადრულობენ ჩვენს ენაზე ლაპარაკს ჩვენს სამშობლოში.

კიდევ კარგი, რომ რუსული სკოლების პრობლემა ნელ-ნელა იხსნება. ადრე რუსულ სკოლაში შეჰყავდათ ბევრი ქართველი ბავშვი, „უფრო შორს წავაო“. ამერიკის ხმის ერთი წამყვანისა არ იყოს, სად უნდა წასულიყო შორს, ციმბირში?

ჯერ ინგლისურის პრობლემა არ დგას ისე მწვავედ, ინგლისურმა ქვეყანაში ვერ ჩაანაცვლა იმპერიული რუსული. თუმცა, შეიძლება ამგვარი პრობლემის წინაშეც დადგეს ჩვენი საზოგადოება და უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას. ჩვენმა შვილებმა უცხო ენა კი უნდა ისწავლონ, მაგრამ, როგორც „კაროჩე“, „იმენა“, „დაჟე“ და სხვა ბარბარიზმები შემოვიდა ჩვენში, იმედია ინგლისური ამას ვერ მოახერხებს (თუმცა ამის ნიშნები არის). იმიტომ, რომ ეს რუსულმა შეძლო მაშინ, როდესაც ჩვენ ენაზე სწავლა აკრძალული იყო მერე დარჩა და დარჩა. ისინი ხომ ორასი წელი ბატონობდნენ ჩვენთან. ახლა კი, მადლობა ღმერთს, მინიმალურს მაინც, სკოლას, არ გვართმევენ, როგორც XIX საუკუნეში. გარდა ამისა, იმედია, საზოგადოებაც არ დაუშვებს ამას.

თუმცა, ვიმეორებ, საშიშროება არსებობს. ამ საშიშროების გადალახვას კი ჩვენი კლასიკოსების სწავლებათა და დარიგებათა ყურისგდებით შევძლებთ. გლობალიზაციას ფეხი უნდა ავუწყოთ, მაგრამ ჩვენი უმთავრესი სიმდიდრე, ქართული ენა, შეულახავად უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს.

ისევ ქართული ენის შესახებ

ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული.

ქართული ენის ამღვრევისა დადამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ.
ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ისიც გვახსოვს, რომ ერთ დროს გადაგვარებულებს თითებზე ჩამოთვლიდით ხოლმე.

ეხლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგა. გვახსოვს ,,დროების“, ,,ივერიის”, ,,მოამბეს” და ,,ცნობის ფურცელის” ქართული, ეხლა კი - ,,ქართული სიტყვის” ერთი წერილის ავტორისა არ იყოს – ნაწერზე ადვილად გამოიცნობთ დამწერის დაბადების კუთხეს. ამ მხრივ ჩვენში უსაზღვრო თავისუფლება დამყარდა. აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალ-გაზეთებში თამამად სწერენ: ,,ლაფატკა” ,,ფლაგი”, სიროსტი”, ,,ტუმანი” და სხვ. არ ვაჭარბებ, ეს სიტყვები მე თვითონ წამიკითხია და იმავე დროს გამხსენებია, რომ თითო ასეთ სიტყვას ჩვენ შეგვიძლიან ორი და სამი ქართული დავახვედროთ.

უკან აღარავინ იხედება. ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია.

წიგნის ფურცელი სუსტი ანარეკლია იმ უბადრუკ სურათისა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით დღევანდელ ოჯახში, ქუჩაში და დაწესებულებებში. ამ დღეებში სასამართლოში გახლდით. ერთ დარბაზში ნამდვილი სეტყვა მოდიოდა ასეთის სიტყვებისა: “ჟენოტდელი”,
“ჩისტკა”, “სოკრაშჩენიე”, “უბორკა”, “ბირჟა ტრუდა”, “სატრუდნიკი”, “მესტკომი”, “სოვრაბოტნიკი”, “ზემოტდელი”, “სანტრუდი” და ათასი ამისთანა ნარევი, გაუგებარი და გონჯი.

ასე ლაპარაკობდნენ ქართველები. ასეთივე ამბები ხდება დაწესებულებებში, სადაც ისევ ქართველები ოფლში იწურებიან ქართულის წერით. გეგონებათ, წინანდელ გიმნაზიელებს ლათინურს ან ბერძნულს აწერინებენო.

ან კი რა საკვირველია! დაიარეთ რომელიმე დაწესებულება და დაელაპარაკეთ თანამშრომლებს ქართულად. იშვიათად მიიღებთ პასუხს ქართულადვე. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა
ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი რუსულ-ქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას. უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელ ქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში.

აი, ასეთი ჰიბრიდები არიან, რომ ქართულ ენას და კულტურას უმზადებენ ლათინურ და ირლანდიურ ენების ბედს, ე.ი. ნელ-ნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენას - მეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს.

რას გვიშველის მარტო საქმის წარმოება ქართულად?! კათოლიკური ეკლესია დღესაც ლათინურ ენაზე აწარმოებს წირვას და მიწერ-მოწერას, მაგრამ ეს ენა მაინც მკვდარია. ნუთუ შეიძლება მოკვდეს ენა შოთასი, ილიასი, აკაკის და ვაჟასი? დაუჟერებელია! მაგრამ გონება და რეალობა მაინც თავისას გაიძახიან და მრისხანე მუქარას გვითვლიან.

თევზი თავიდან აყროლდებაო. სწორედ ჩვენს ინტელეგენციაზეა ნათქვამი. იგი ჩემულობს ხალხის მეთაურობას და ხელმძღვანელობას. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც, გახრწნა და გადაგვარებაშიც მასვე ეკუთვნის პირველობა და სხვებზე ადრე იმან უნდა დაიწყოს ზრუნვა საკუთარი თავის განკურნებაზე.

ზოგნი ამ სნეულებას უიმედოთ შესცქერიან, მე კი მაგონდება ერთი მაგალითი: 1905-1906 წლებში, სულ ორიოდე წელიწადში ყველა სომხები თავიანთ დედაენაზე ალაპარაკდნენ (ბარაქალა იმათ!).

როგორ მოხდა ეს ამბავი? სულ უბრალოდ: მოინდომეს და შეასრულეს, ხალხის ნებაყოფლობამ, უკვდავების ალღომ და სიცოცხლის წყურვილმა ასი წლის ნაშენი ზღუდენი გადალახა და თავისი ენით ამეტყველდა.

არც ჩვენა გვაქვს სხვა გზა, გარდა ასეთივე ნებისყოფის, დაჟინების, შეგნებისა და სიცოცხლის წყურვილისა.

ყველამ თვითონვე უნდა იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე.

1924წ., 25 მაისი