იუბილარი პუტინისთვის პოლიტკოვსკაიას მკვლელობა მთავარი საჩუქარი იყო

  13:08:43     17-09-2011

ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში დღითიდღე სკანდალური დეტალები ჩნდება. რუსული საზოგადოების პროგრესული ნაწილი, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს გამოძიების პროცესს, შეიძლება ითქვას, შოკირებულია. ყველაზე სკანდალური კი, ჯერჯერობით, ის ფაქტია, რაც გუშინ გახდა ცნობილი:

“კომერსანტის” ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, დიმიტრი პავლიუჩენკოვმა განაცხადა, რომ მკვლელობის დამკვეთმა ჟურნალისტის მკვლელობის ბოლო ვადად პუტინის დაბადების დღე, 7 ოქტომბერი დაუსახელა. პავლიუჩენკოს განცხადებიდან ირკვევა, რომ სწორედ ამ ვადას არ უნდა გადაცილებოდა ჟურნალისტის მკვლელობა და რომ პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესახებ ცნობა პუტინისთვის დაბადების დღეზე “მირთმეული” ყველაზე მნიშვნელოვანი და იუბილარისთვის სასიხარულო “საჩუქარი” უნდა ყოფილიყო.

პავლიუჩენკო აცხადებს, რომ მკვლელობის ორგანიზატორი, ლომ–ალი ჰაიტუკაევი მოლაპარაკებას ტელეფონით აწარმოებდა უკრაინაში მყოფ დამკვეთთან, რომელსაც იმ დროს რუსეთის ფედერაციაში გამგზავრების უფლება ჩამორთმეული ჰქონდა. როგორც ეჭვმიტანილი ამბობს, მან არ იცის დამკვეთის ვინაობა, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, იგი ბორის ბერეზოვსკი ყოფილიყო.

სხვათა შორის, ამ რუსი ოლიგარქის კავშირზე პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან სხვადასხვა მედიასაშუალებები მანამდეც წერდნენ.  ოფიციალურად, ბერეზოვსკი ეჭვმიტანილად, ჯერჯერობით, არაა მიჩნეული. თვითონ ოლიგარქმა ამ თემაზე საუბრისას “კომერსანტს” უთხრა, რომ მაინცდამაინც არ გაოცებულა ამ ახალი ბრალდებების გამო და მათ ხელახლა ამოწევას რუსეთში მიმდინარე ცალკეულ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში 2006 წლის 7 ოქტომბერს დაცხრილეს. პირველი პროცესი მკვლელობასთან დაკავშირებით 2009 წელს, ბრალდებულების გამართლებით დასრულდა. მკვლელობასთან კავშირის გამო, ეჭვმიტანილის სტატუსით, პავლიუჩკოვი 2011 წლის აგვისტოში დააკავეს.

“კომერსანტის” მონაცემებით, ექს–პოლკოვნიკი, რომელმაც გამოძიებასთან უკვე გააფორმა შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, საქმის მთავარი ფიგურანტია – მკვლელობასთან დაკავშირებით იგი დეტალურ ჩვენებებს იძლევა. არ არის გამორიცხული, ის მალე გაათავისუფლონ სასჯელაღსრულების ადგილიდან და შინაპატიმრობა მიუსაჯონ – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დაგეგმილია ექს–პოლკოვნიკის საქმის ცალკე გამოყოფა და განხილვა, რაც მისთვის, სავარაუდოდ, მინიმალური სასჯელის მისჯის საბაბი უნდა გახდეს.

პავლიუჩკოვის გარდა, ამ დროისთვის, პატიმრობაში იმყოფება ასევე პოლიტკოვსკაიას მკვლელობის სავარაუდო შემსრულებელი, რუსტამ მახმუდოვი. საქმის კიდევ ერთი ფიგურანტია რუსეთის შსს–ს ყოფილი თანამშრომელი, სერგეი ჰაჯიყურბანოვი. ის სასჯელს სხვა დანაშაულისთვის, კერძოდ, გამოძალვისთვის იხდის. ჰაიტუკაევიც პატიმარია: ის კიდევ ერთი, ისეთი მკვლელობის ორგანიზებაში მიიჩნიეს დამნაშავედ , რომელსაც პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან კავშირი არა აქვს.