AMX-10 RC - ანტიტანკი
11:20:24     17-09-2011
AMX-10RC-ი არის ფრანგული წარმოების თვლიან შასიზე ბაზირებული ანტიტანკი, რომელიც შექმნილია კომპანია GIAT-ის მიერ. ამჟამად საფრანგეთის არმიის შეიარაღებაში 300 ერთეულზე მეტი AMX-10RC-ის ტიპის ანტიტანკი იმყოფება. AMX-10RC-ები ასევე არის მაროკოსა და ყატარის არმიათა დაქვემდებარებაშიც, პირველი მათგანი 108, ხოლო მეორე 12 ერთეულს ფლობს.
AMX-10RC-ი არის ფრანგული ქვეითთასაბრძოლო მანქანის - AMX-10P-ს თვლიანი და მძიმედ დაჯავშნული ვერსია. თუმცა ისინი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. მიუხედავად იმისა, რო ორივე მათგანის კომპონენტთა უმრავლესობა მსგავსია და, შესაბამისად, გაცვლადია, მათ აბსოლუტურად განსხვავებული როლები აკისრიათ ბრძოლის ველზე. AMX-10RC-ი ამფიბიურია და აქვს ძალიან კარგი მობილურობა. ის ხშირად გამოიყენება სახიფათო გარემოში სადაზვერვო მისიებისთვის და ასევე საცეცხლე მხარდაჭერისთვისაც, მძლავრი შეიარაღების გამო.
AMX-10RC-ზე მუშაობა 1970 წელს დაწყო, ხოლო სერიულ წარმოებაში 1976 წელს ჩაეშვა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ანტიტანკი საფრანგეთის არმიამ შეიარაღებაში 1979 წელს მიიღო, ხოლო მანქანის პირველი პარტიები არმიას 1981 წელს გადაეცა.
AMX-10 RC-ი შეიარაღებულია კომპანია GIAT-ის მიერ შექმნილი ძლიერი, F2-ის ტიპის 105 მილიმეტრიანი კუთხვილულიანი ქვემეხით. ჯავშანმანქანა აღჭურვილია თანამედროე COTAC-ის ტიპის ცეცხლის მართვის სისტემით, რომელიც სამიზნის დაზიანების მაღალ ალბათობას უზრუნველყოფს. ანტიტანკს ზუსტი ცეცხლის გახსნა სამიზნის მონიშვნიდან 10 წამის შემდეგ შეუძლია, რაც მის საკმაოდ დიდ ნაკლად მიიჩნევა. ასევე ნაკლად ითვლება ისიც, რომ ძირითადი ქვემეხი ორ სიბრტეში არ არის სტაბილიზიებული, რის გამოც მას ზუსტი ცეცხლის წარმოება მოძრაობის დროს არ შეუძლია. ჯავშანმანქანის საბრძოლო კომპლექტში ოთხი ტიპის ჭურვი შედის, ესენია: ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი, მსხვრევად-ფუგასური, კუმულაციური და საკვამლავი. ანტიტანკის ქვეკალიბრის ჯავშანგამტან ჭურვს ტანკის განადგურება 2000 მეტრის სიშორეზეც კი შეუძლია.
ანტიტანკის კორპუსი და კოშკურა შედუღებით ალუმინისაგან არის დამზადებული. მისი კორპუსის შუბლა ნაწილის ჯავშანდაცულობა 300 მეტრიდან ნასროლ 23 მილიმეტრიანი ჭურვის მოხვედრას უძლებს. მისი ჯავშანი ასევე გათვლილია საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისაგან დაცვაზე. საჭიროების შემთხვევაში მასზე ასევე შესაძლებელია დამატებითი ჯავშნის დაყენებაც. AMX-10 RC-ის ეკიპაჟი დაცულია ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან.
AMX-10 RC-ის დამხმარე შეიარაღება 1 x 7.62 მილიმეტრიანი ძირითად ქვემეხთან შეწყვილებული ტყვიამფრქვევისაგან შედგება. ანტიტანკის ეკიპაჟში ოთხი კაცი შედის, ესენია: მეთაური, მსროლელი, დამტენი და მძღოლი. ეკიპაჟის სამი წევრი, მეთაური, დამტენი და მსროლელი კოშკურაშია მოთავსებული, ხოლო მძღოლის განყოფილება მანქანის კორპუსის წინა ნაწილშია მოთავსებული.
ძალური დანადგარის სახით AMX-10 RC-ზე Baudouin GF-11SX-ის ტიპის დიზელის ძრავაა დაყენებული, რომელიც 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ანტიტანკის კლირენსი დარეგულირებადია და მისი სიმაღლე 0.6 მეტრიდან 0.2 მეტრამდე ვარირებს. ჯავშანმანქანას მოძრაობის გაგრძელება ერთი ან ორი ბორბლის სრულად დაკარგვის შემთხვევაშიც კი შეუძლია. მანქანა სრულად ამფიბიურია და წყლიანი დაბრკოლების გადალახვა ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე შეუძლია. წყალში ცურვის შესაძლებლობას მას ორი წყალმყორცნი ანიჭებს.
2005 წელს საფრანგეთის არმიისთვის გაუმჯობესებული AMX-10 RC-ის ტიპის ანტიტანკების გადაცემა დაიწყო, რომელიც 2009 წელს უნდა დასრულდეს. ანტიტანკის გაუმჯობესების პროგრამა მიზნად მათი ექსპლოატაციის ხანგრძლივობის 2015-2020 წლამდე გახანგრძლივებას ისახავდა. ის ასევე მოიცავდა დამატებითი ჯავშნის დაყენებით ჯავშანდაცულობის გაუმჯობესებას, Galix-ის ტიპის დაცვის სისტემით, LIRE-ის ტიპის ინფრაწითელი ხაფანგებით, „ჩემი-სხვისი“ იდენტიფიცირების სისტემით აღჭურვასა და სხვა.
army.ge