გიორგი გაბაიძის რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)
14:08:27     16-09-2011
ახალგაზრდა პოეტი გიორგი გაბაიძე დაიბადა 1988 წლის 1 თებერვალს ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში.
2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერისიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.
მუშაობს ბათუმის №10 საჯარო სკოლის ადმინისტრატორად.
“ლექსების წერა დავიწყე 16 წლიდან (2004 წლის 23 აპრილი).” – აღნიშნავს ახალგაზრდა პოეტი.
2006 წელს გამოვიდა გიორგი გაბაიძის პირველი პოეტური კრებული “მკვდარი პოეტის მთვარე”; 2008 წლის ბოლოს გამოიცა მისი მეორე პოეტურ კრებული - “მომავლის მონატრება”.
2009 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა კრებული “დაუსრულებელი წერილი”. 2010 წელს გამოიცა გიორგი გაბაიძისა და მისი სამი მეგობრის ლექსების კრებული ”ა ბ გ დ”. 2011 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული “მეცხრე ტალღა”, რომელშიც გიორგისა და კიდევ რვა ბათუმელი პოეტის ლექსები შევიდა.
გიორგი გაბაიძე არის პატრიოტულ-მართლმადიდებლური ორგანიზაცია “კავკასიონის” კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი და ამავე ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული ახალგაზრდა ლიტერატურის მოყვარულთა და ახალგაზრდა ნიჭიერი დამწყები შემოქმედების გაერთიანების “ლიტერატურული კლუბის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თავის მეგობრებთან ერთად. აგრეთვე ამავე პროექტის ლიტერატურული საიტის http://Litklubi.ge-ს დამფუძნებელი და მმართველი.
და აღარ მთავრდება
(ზღვისფერყანწელებს)
წვიმიდან იწყება და აღარ მთავრდება
წვეთების ფეხის ხმა,
ბათუმის სველი ცა - ჰგავს სასოწარკვეთილს...
იკეთებს ჰარაკირს...
ქალაქი დაუდგა პოეტებს თავდებად,
და მასში შეხიზნა,
მას შემდეგ ძვლებამდე ლექსებით გაჟღენთილ
ტკივილს ჰგავს ქალაქი...
თებერვლის სიზმარში ამინდი მძაფრდება,
ცას მწვანე ფონი აქვს,
შენც აღარ უყვები ისედაც ხომ იცის,
თოვლია ფანტომის,
და სტუმრობ სიმშვიდით გადაღლილ კაფებარს,
ყავას და კონიაკს
უკვეთავ... გარეთ კი თოვლი წვიმს,
ესაა ბათომი...
ჩუმდები... წერ დუმილს.. ფეხის ხმა არ ისმის,
დეჟავიუ გაქვს მგონი,
გაწელილ სიჩუმეს ზომავ (სახაზავით)...
(დროდადრო – ახველებ,)
ფილტვებში წყალივით ჩაგიდგა ქარიზმა,
სისხლში კი არგონი -
ლექსივით - ქალაქო და მათი ნაზავით
აკვირვებ მნახველებს.
პლანეტა დაფარა მომდევნო თარიღით,
ფანტელთა სამოსმა,
მეტი რა შეეძლო მაცხოვრის კვართივით
ხელთუქმნელ „სარწყუნისს“
სიმშვიდით გართული გონებას დაიღლი,
და ცდილობ გამოსვლას
საკუთარ თავიდან, არც ისე მარტივი
არის ეს მერწმუნე...
ბათუმის სველი ცა - გავს სასოწარკვეთილს...
იკეთებს ჰარაკირს...
დაიწყო წვიმით და ქუჩების სისველით,
ფიფქების ფეხის ხმა,
მას შემდეგ ძვლებამდე შავი ზღვით გაჟღენთილ
ლექსებს ჰგავს ქალაქი,
თორმეტი პოეტი სულში რომ პირველი
თოვლივით შეხიზნა.
სიტყვავ სულის არტოებავ
„არცა განგცე სიქადულო”, სიტყვავ სულის არტოებავ,
თითზე მელნად დაგრეხილო, სისხლში-სისხლად ჩანაწურო,
მირჩევნია კლარჯს ახსოვდე ასო-ასო, ლებან-ლებან,
ფერეიდნულ ჩანგზე თრთოდე არა-სალიტერატუროდ.
გეძებო და შეგიცნო და მოციქულად მომაქციო,
გაცივებულ საცეცხლურში დანაცრული უსაკმევლოდ,
ხანაც უნდა მაწიოკო, დააფასებს დრო ამ წიოკს,
ხანაც შემისისხლხორცო და ხანაც შემილექსისმრევლო.
რაც გადიდე ყოვლიერით - ყოველივე ამინ იყოს!
ბაირაღზე დამაგრებულ ზანზალაკის – მელოდიად,
დარჩენილო სააქციოდ, საპროტესტოდ, სამიტინგოდ,
ქრისტესავით ნალახვრალო საფეშხუმე ევლოგიავ.
რწმენით რჯულში მომზირალო, დასაბამის – დასასრულით,
სისხლძარღვებში თავანკარად მორაკრაკევ და მტკივანო,
ეგვიპტეში მამელუქის სახესავით დაშაშრულო,
აფხაზეთო, სამაჩაბლოვ, კლარჯეთო და გურჯისტანო.
აქამდე რომ მოგიტანეს სიმღერად და მომატირეს,
ემკურნალე და ოქროსფრად ჩაეხვიე ხორხში ხელტარს,
როგორც ვაზი ჭიგოსა და ჭვარტლი ოდის დედა დირეს,
დედაბოძს რომ ენა ჰქონდეს რამდენ ტკივილს გაგვიმხელდა.
არ ეშვება ქარი მაინც, ამ ლერწამს და იმ კვიპაროსს,
დევიზია არ დანდობა, - გეენური - ძველ-დენდური!
რადგან ლერწიც არ გაუსხლავს, მტკაველიც არ დაუბარავს,
დამჭკნარია სათნოება მასში სამოთხ-ედემური.
მორევია პონტოსი, თუ სიტყვა - ლაზურ-ლაჟვარდული,
მომრევია სნეულება შენეული პანდემიით,
სადაც წავალ - შებოჭილი, შეშლილი და გაბაწრული,
დამინდონ და არ ამოგჭრან ამ ხორხიდან გლანდებივით.
მირჩევნია სოფლის ბოლოს ნენეს გულზე მძივად ება,
ბაბას ყელის ძარღვზე ჭექდე არა-სალიტერატუროდ,
“არცა განგცეთ სიქადულო”, სიტყვავ სულის არტოებავ,
თითზე მელნად დაგრეხილო, სისხლში-სისხლად ჩანაწურო!
აპოკრიფი # 1 თუნთას
ამ ვაკუუმში მხოლოდ სუნთქვა მიშველის შენი,
არ მახსოვს ასე განმეცადა ასთმა არადა,
არგასაკვირად მასაც ღამით ცოდნია ქშენა,
(და ასე სნეულს მაპოვნინებს შენ თავს სამყურა)
ვგრძნობ ამ ბოლო დროს, ღმერთმა შენით დამაავადა,
შ ე ნ თ უ გ ა ნ მ კ უ რ ნ ა ვ . . . .
დედამიწაზე ზამთარია, მაშასადამე
ობობას ქსელზე უკრავს შოპენს ქარის ორკესტრი,
ზამთარმა ჭრელი შემოდგომა გაასადავა,
ზამთარმა ცივმა, უნაყოფომ, უღვთომ, უმიზნომ,
მე კი მზეს ვხატავ გულგამომშრალ ყვითელ ფლომასტრით,
რ ო მ შ ე ვ ე ხ ი ზ ნ ო . . .
დრო მოვა, ვიცი სიხარულით ვერ გავძლებ ცხრა თვეს,
დროს არ ვცნობ!.. ვერ ვცნობ... ავერიე, საკუთარ თავსაც,
მე მაშინათვე შე(ნ)გიცანი, მე მაშინათვე...
და ალბათ შენში შემოპარვას მპატიობ მთის შვილს,
სიზმრებში არაკანონიკურ წიგნების მსგავსად,
მ ე შ ე ნ შ ი ვ ი შ ვ ი . . .
მერე კი ფონად შევირჩიე ფერები კლიმტის,
დამჩემდა... - შოპენს, შიგადაშიგ “Pink Floyd”-ს ვუსმენ...
ვკითხულობ მარკესს, სული უფრო ჩოხელზე მიმდის,
მხიბლავს არათუ ერთი ფერი, სიმრავლე ფერთა,
გახსოვს პირველი ემოცია ,,გ-ს +(პლიუს) თ”-ზე ,
მ ე დ ა შ ე ნ ე რ თ ა დ . . .
გაზაფხულია, წინ გავუსწრებ მოვლენებს ისე,
რომ დრო დაიმსხვრეს სამასი წლის ვერცხლის ნარგილე...
ასე მთავრდება, თუ იწყება მობნელებისას,
ჩხავერით შემთვრალს ტანმაღალი აღმართი მქანცავს...
ჩემი სისხლისგან გამთბარ თიხას სუნთქვით არბილებ,
დ ა ა რ ქ მ ე ვ გ ვ ა ნ ც ა ს . . .
მდუმარე ლოცვა
ვხედავ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს,
კვირის მწუხრიდან ვემზადები - კვლავ საკვირაოდ,
ვდაგავარ მიწაზე და თან ვწევარ ჩრდილში საკუთარ,
იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო.
შევიმოსები და აღსდგება ჩემში მესია,
დავემგვანები ბნელ უღრანში ცოდვით დატორილს,
ღამე კორიდას წესებივით უმკაცრესია,
იღბალი ჩემი ემსგავსება ბედს მატადორის.
მინდება თავი დავაღწიო უქირურგიოდ,
როგორც იონამ, მესამე დღეს მუცელს ვეშაპის,
სჯობს საკუთარ თავს ფერი უფრო მუქი ვურჩიო,
და მოვიხადო სასჯელივით ცოდვის ეტაპი.
ცოდვა - კეთრივით დამემართა - წლის ოცდაორი,
ორასორმოცდახუთი დღის და წუთების უკან,
დაბადებიდან ბედი მიწვევს მასთან საომრად
და მატრიალებს მის კოლბაში - ვით ცენტრიფუგა.
ბავშვივით თვალებ ამღვრეული ვებღაუჭები
სევდას, ვერაფრით წარმოვიდგენ ჩემ თავს უმისოდ,
ბედუინივით დამსკდარი მაქვს მზისგან ტუჩები,
დედის რძესავით მასაზრდოებს სევდა კუმისით...
მინდება თავი დამაღწიოს მელანქოლიამ,
და სურვილების მოძალებამ შუაღამისას,
ოქტომბრით სველი მივაშურებ ზღაპრულ ოლიანდრს,
სადაც სურვილებს მძივებივით სულზე ავისხამ.
თვალის ბადურებს შეეფინოს ნისლი ნოტიო,
მწიფე სისველით ის ყოველთვის ახარებს რტოებს,
იტყვიან, გულს ვერ მოუფრთხილდა იდიოტიო,
და ვერც სიცოცხლეს - ისევ გულით ნახავერდოვნებს.
მდუღარე სუნთქვაც სიწმინდეზე ისე დავადნე,
რომ ჰაეროვნად სრიალებდა სისხლში სტიქია,
საპნის ბუშტივით გასკდა გული, ოხ, ეს - სადარდე,
ამ დასასრულის დასაწყისიც სწორედ იგია...
ვწევარ... ვიღვიძებ...დილა... ღმერთი... ლოცვა... ყავა და...
ცოდვა... შენდობა... პოეზია... მერე სხვა დილა...
წარსულს, რომელსაც უკანასკნელ ლოცვას გავატან,
ბედი, რომელიც უბედობას სჯობდა ნამდვილად.
ბოლოს კი ისევ მარტო ვრჩები - ჩრდილთან საკუთარ,
იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო...
ვუმზერ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს,
მეღიმება და ვემზადები - კვლავ საკვირაოდ!..