
კრემლი პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ბერეზოვსკისთვის გადაბრალებას ცდილობს
14:02:57     16-09-2011
კრემლი, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის რეალური მიზეზების დამალვას, კვლავ თავგამოდებით ცდილობს. დღეს, გაზეთი „კომერსანტი“ რუსი ჟურნალისტის მკვლელობის მორიგ, „ახალ დეტალებს“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ერთ–ერთი ბრალდებული, შს სამინისტროს ყოფილი პოლკოვნიკი დიმიტრი პავლიუჩენკოვი ვარაუდობს, რომ მკვლელობის დამკვეთი, შესაძლოა, ბორის ბერეზოვსკი იყოს.
თუმცა, მსგავსი ვარაუდი, ახალი არ არის. რუსეთის ხელისუფლება ამ ვერსიის გავრცელებაზე უკვე დიდი ხანია მუშაობს. წლების განმავლობაში, გამოძიების მიმდინარეობისას, როგორც კი საქმეში კონკრეტული ხელჩასაჭიდი მასალები ჩნდება, კრემლი მაქსიმალურად ცდილობს ბერეზოვსკის, „ჩეჩნების შურისძიების“ თუ სხვა მსგავსი თემების წამოჭრას, აბსურდული ვერსიების განვითარებას და ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანას. მას ამ საქმეში აქტიურად უბამს მხარს კრემლის მონა–მორჩილი მედია, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მიერ შეთხზულ თეორიებს ოპერატიულ რეჟიმში ავრცელებს.
ამჯერად, პავლიუჩენკოვი აღიარებით ჩვენებაში ყვება , რომ მისი ინფორმაციით, ჟურნალისტის მკვლელობის შეკვეთა, ჩეჩენ კრიმინალურ ავტორიტეტს ლომ–ალი გაიტუკაევს, ბიზნესმენმა ბორის ბერეზოვსკიმ მისცა. გაზეთი წერს, რომ პავლიუჩენკოვის ამ ვერსიის დადასტურებისგან, ყოფილი მილიციელის დაცვამ თავი შეიკავა, საგამოძიებო კომიტეტში კი იგი კომენტარის გარეშე დატოვეს.
„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ბრალდებული შს სამინისტროს ყოფილი პოლკოვნიკის დიმიტრი პავლიუჩენკოვის დაკითხვა და მისი ჩვენება გამოძიების ვერსიას დაემთხვა“– წერს „კომერსანტი“.
მათივე ინფორმაციით, ჟურნალისტის მკვლელობა კრიმინალური ავტორიტეტის ლომ–ალი გაიდუკაევის ორგანიზებული იყო. ჯგუფში შედიოდნენ: ყოფილი მილიციელი სერგეი ხაჯიყურბანოვი, ძმები ჯაბრაილ და რუსტამ მაჰმუდოვები და თავად დიმიტრი პავლიუჩენკოვი. სწორედ მან გაარკვია პოლიტკოვსკაიას მისამართი და დღის განრიგი. გამოძიების ვერსიით, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზატორი გაუდუკაევი იყო, მკვლელობა კი ძმებმა ჯაბრაილ და რუსტამ მაჰმუდოვებმა განახორციელეს.
შეგახსენებთ, რომ „ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველი, ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, 2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის, ამიტომ არ არის გამორიცხული, სასამართლოდან უწყება დაკითხვის თაობაზე, ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმაც მიიღოს.