M-95 Degman - ძირითადი საბრძოლო ტანკი
10:57:32     16-09-2011
M-95 „დეგმანი“ არის ხორვატიული ძირითადი საბრძოლო ტანკის პროტოტიპი, რომელიც შემუშავებულია კომპანია Đuro Đaković -ის მიერ. კომპანია ასევე ცნობილია, როგორც RH-ALAN Degman-ი. ამ კომპანიამ ძირითადი როლი შეასრულა იუგოსლავიური ტანკის M-84-ის წარმოებაში, რომელიც საბჭოთა T-72-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკის ლიცენზიურად წარმოებულ ვარიანტს წარმოადგენს.
ხორვატიული ძირითადი საბრძოლო ტანკი M-95 „დეგმანი“ იუგოსლავიური M-84-ის ტიპის ტანკის ღრმად მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენს. თავად M-84 კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საბჭოთა T-72-ის მოდერნიზებული ვერსიაა. M-95 ფართო საზოგადოებამ პირველა 1995 წელს იხილა. მის დასახელებაში რიცხვი „95“ სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავადაა.
ძირითადი საბრძოლო ტანკის მთავარი უპირატესობა, წინამდებარე ტანკთან შედარებით, გაძლიერებული ჯავშანდაცვაა. ტანკის საბაზისო კომპოზიტურ/ფოლადის ჯავშანზე ფეთქებად-რეაქტიული ჯავშნის ბლოკებია დამონტაჟებული. დინამიკური დაცვის ელემენტები ტანკის კორპუსის შუბლა ნაწილსა და ბორტებს იცავს, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს ტანკის დაცულობას კუმულაციური ქობინებით აღჭურვილი ჭურვების, რეაქტიული ყუმბარებისა თუ სხვა სახის ამუნიციის წინააღმდეგ.
„დეგმანი“ შეიარაღებულია 125 მილიმეტრიანი გლუვლულიანი ქვემეხით. ქვემეხის დატენვას ავტოდამტენი სისტემა უზრუნველყოფს. ტანკის ქვემეხი ადგილობრივად, ხორვატიაში არის დამზადებული და საბჭოთა T-72-ის 2A46-ის ტიპის 125 მმ-იან ქვემეხთან შედარებით მცირედით გაუმჯობესებულია. “დეგმანის“ ავტოდამტენი პირვენდელი ტანკის - M-84-ის ავტოდამტენთან შედარებით 15%-ით უფრო სწრაფია, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალ ტანკს წუთში 9 გასროლის განხორციელება შეუძლია, მაშინ, როდესაც M-84-ის ანალოგიური მაჩვენებელი 8 გასროლაა წუთში. ტანკის საბრძოლო კომპლექტი 42 ჭურვისაგან შედგება, ჭურვები, თავის მხრივ, სამ ტიპად იყოფიან, ესენია: ქვეკალიბრის ჯავშანგამტანი, კუმულაციური ტანკაწინააღმდეგო და მსხვრევად-ფუგასური. 42 ჭურვიდან უშუალოდ ავტომატურ დამტენ სისტემაში 22 ერთეულია მოთავსებული, ხოლო დანარჩენი ჭურვები კოშკურის უკან მდებარე განყოფილებაში, განცალკევებით არიან მოთავსებულნი. ამუნიციის ამგვარად განთავსება მნიშვნელოვნად ამცირებს ჭურვების დეტონაციის საფრთხესა და ამავდროულად ამაღლებს ეკიპაჟის გადარჩენის შანსს.
ძირითადი საბრძოლო ტანკის დამხმარე შეიარაღება ძირითად ქვემეხთან შეწყვილებული 1 x 7.62 მმ-იანი და კოშკურაზე დამონტაჟებული 1 x 12.7 მმ-იანი მძიმე ტყვიამფრქვევისაგან შედგება.
ახალ ტანკზე, ჯავშნის გარდა, ასევე გაუმჯობესებულია ცეცხლის მართვის სისტემა, სენსორები, დაკვირვების ხელსაწყოები, ღამის ხედვისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობა, დამიზნების სისტემა და სხვა. „დეგმანის“ ეკიპაჟი სამი კაცისაგან: ტანკის მეთაურის, მძღოლ-მექანიკოსისა და მსროლელ-ოპერატორისაგან შედგება.
ძალური დანადგარის სახით ძირითად საბრძოლო ტანკზე ტურბოდიზელის ძრავაა დაყენებული. ეს ძრავა 1200 ცხენისძალას გამოიმუშავებს. ძლიერი ძრავისა და დაბალი საბრძოლო წონს წყალობით ტანკის ძალისა და მასის შეფარდება დაახლოებით 27 ცხენის ძალას უდრის ტონაზე. დღევანდელი მონაცემებით M-95 „დეგმანის“ მხოლოდ ორი პროტოტიპია აგებული. შესაძლებელია ისიც, რომ M-95-მა კვლავ გაიაროს სამოდერნიზაციო პროგრამა ახლო მომავალში.
Army.ge