რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები უმართავ საავიაციო შეიარაღებაზე უარს ამბობს

  10:55:19     16-09-2011

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეწყვიტეს საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უმართავი საავიაციო შეიარაღების შესყიდვა. ამის შესახებ 12 სექტემბერს რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა ანატოლი მაკაროვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსული ავიაციის მომავალი დაკავშირებულია ზეზუსტ საავიაციო შეიარაღებასთან. თუმცა ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ბიუჯეტს შეიძლება დამატებით ტვირთად დააწვეს.

როგორც „იზვესტიას“ სამხედრო-სამრეწველო წრეებში განუცხადეს, უმართავი ბომბები და რაკეტები რამდენიმე ათეულათასი რუბლი ღირს (დაახ. 1000 აშშ დოლარი), ხოლო თანამედროვე ზეზუსტი შეიარაღების ფასმა შეიძლება რამდენიმე მილიონ რუბლს მიაღწიოს.

 თავდაცვის სამინიტრო აცხადებს, რომ ფული შეიარაღებისთვის არის, გაფორმდა კონტრაქტევიც, განუცხადა მოსაუბრემ "იზვეტიას". მისივე თქმით, თვითმფრინავების შეიარაღება ზეზუსტი იარაღით 2020 წლისთვის უნდა დამთავრდეს.

ანატოლი მაკაროვის განცხადებით, ზეზუსტი იარაღის გამოყენება მინიმუმამდე დაიყვანს მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ რუსული ავიაციისთვის მიყენებულ სავარაუდო დანაკარგებს.

დღემდე ზეზუსტი იარაღის არარსებობა რუსული ავიაციის აქილევსის ქუსლად რჩებოდა, რის მიზეზიც მატერიალური სახსრების არარსებობა იყო. სტრატეგიული კვლევის ცენტრის წარმომადგენლის, რუსლან პუხოვის თქმით, ზეზუსტი იარაღის არარსებობის გამო, საქართველოსთან ომში რუსულ ავიაციას ქართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ზონაში უწევდა მოქმედება, რამაც განაპირობა ამხელა დანაკარგები, ერთადერთ გამორჩეულ მომენტად გორის მახლობლად რუსული ბომბდამშენის სუ-34-ის მიერ ქართული რადარის განადგურებას ასახელებს რუსული რადარსაწინააღმდეგო რაკეტა ხ-31პ-თი, ( რითაც არაოფიციალურად ადასტურებს რუსების მიერ ამ ახალი ბომბდამშენის საქართველოში გამოყენებას).

შედარებისთვის - თუკი 90-იანი წლებისთვის დასავლური ქვეყნების ავიაციის მიერ სპარსეთის ყურეში გამოყენებული მართვადი სარაკეტო შეიარაღება საერთო გამოყენებული შეიარაღების ოდენობის 1% იყო, 2003 წლისთვის ერაყში უკვე 70%-ს მიაღწია. შედეგად ამერიკის ავიაციის ეფექტურობა 10-ჯერ გაიზარდა.

Army.ge