Ejder - ჯავშანტრანსპორტიორი
12:39:13     15-09-2011
„ეჯდერი“ (ქართულად - დრაკონი) არის 6 x 6 კონფიგურაციის თურქული ჯავშანტრანსპორტიორი. მისი შემუშავება თურქულმა თავდაცვითი მრეწველობის კომპანია Nurol Makina-მ 2006 წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ თურქული კომპანიისა და რუმინეთის ერთობლივი მუშაობის შედეგს წარმოადგენდა RN-94-ის ტიპის 6 x 6 კონფიგურაციის ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც 1990-იანი წლების შუა ხანებში შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ RN-94 შეიარაღებაში არ მიუღიათ, კომპანია Nurol Makina-მ ამ პროექტზე მუშაობისას საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა, რაც შემდგომ საკუთარი უახლესი ჯავშანტრანსპორტიორის შესაქმნელად გამოიყენა. „ეჯდერის“ შექმნიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ რამდენიმე ათეული მანქანა საქართველოს არმიამ შეიძინა.
ჯავშანტრანსპორტიორის ჯავშანი, ნებისმიერ ადგილას, 7.62 მილიმეტრი კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან დაცვას უზრუნველყოფს. „ეჯდერს“ ასევე აქვს V-ს ფორმის ფსკერი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჯავშანმანქანის დაცულობასა და უსაფრთხოებას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე ან თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების შემთხვევაში. მანქანის ფსკერს 8 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტურ აფეთქებას უძლებს. „ეჯდერის“ ჯავშანდაცულობის გაზრდა დამატებითი მოდულარული ჯავშნის დაყენებითაა შესაძლებელი. ჯავშანტრანსპორტიორზე დამონტაჟებულია ავტომატური ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. მოთხოვნის შემთხვევაში მასზე ასევე შესაძლებელია NBC-ის დაცვის სისტემის დამონტაჟება, რომლის დაყენების შემთხვევაში ჯავშანტრანსპორტიორის ეკიპაჟი და დესანტი დაცული იქნება ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაბინძურებისაგან.
ჯავშანტრანსპორტიორის მოდულარული დიზაინის გამო, შეიარაღების სახით მასზე მრავალი სხვადასხვა ტიპის, კალიბრისა და დანიშნულების იარაღის დამონტაჟებაა შესაძლებელი, მათ შორის, როგორც დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულების, ისე კოშკურების. „ეჯდერის“ საბაზისო ვარიანტი შეიარაღებულია დისტანციურად მართვადი 1 x 7.62 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევითა და 1 x 40 მილიმეტრი კალიბრის ავტომატური ყუმბარსატყორცნით. ჯავშანტრანსპორტიორზე ასევე შესაძლებელია 90 მილიმეტრზე უფრო დიდი კალიბრის მქონე ქვემეხისა თუ სხვა სახის შეიარაღების დაყენებაც.
ძალური დანადგარის სახით ჯავშანტრანსპორტიორ „ეჯდერზე“ Cummins ISLe3-400-ის ტიპის, ექვსცილინდრიანი ტურბოდიზელის ძრავაა დაყენებული, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მანქანის სიმძლავრისა და წონის შეფარდება 22.33 ცხენის ძალას უდრის ტონაზე. „ეჯდერი“ ამფიბიურია, წყლიანი დაბრკოლების გადასალახად მას არანაირი წინასწარმო მომზადება არ ჭირდება. ჯავშანმანქანის ცურვის შესაძებლობას წყალმტყორცნები უზრუნველყოფს, თუმცა მაში მონაწილეობას მანქანის ბორბლებიც ღებულობს. ჯავშანტრანსპორტიორის ცურვის მაქსიმალური სიჩქარე 8 კილომეტრია საათში. საკმაოდ მცირე მასის (დაახლოებით 18 ტონა) გამო მისი ტრანსპორტირება საკმაოდ ადვილადაა შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით.
ჯავშანტრანსპორტიორს მოდულარული დიზაინი გააჩნია. მის ბაზაზე მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ვარიანტის შექმნაა შესაძლებელი, მათ შორის: ქვეითთა საბრძოლო მანქანის, სადაზვერვო მანქანის, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო ვერსიის, თვითმავალი ნაღმმტყორცნის, საცეცხლე მხარდაჭერის მანქანის, სანიტარული, სამეთაურო, საინჟინრო ვარიანტისა და სხვა.
Army.ge