მირიან ბაგრატიონის (ბატონიშვილის) გარდაცვალების დღისადმი (“ხელქმნილ ვარ”)
11:35:29     15-09-2011
1834 წელის 15 სექტემბერს რუსეთში გარდაიცვალა მეფე ერეკლე მეორის ძე მირიან ბატონიშვილი. დაკრძალულია პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
სიცოცხლის ბოლო წლები ავადმყოფობაში და ხელმოკლეობაში გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონიშვილი იყო და რუსეთის იმპერიის გენერალ-ლეიტენანტი. საპატიო გადასახლებაში იყო 1801 წელიდან.
მირიან ბატონიშვილი დაიბადა 1767 (ან 1766) წლის 19 აგვისტოს. სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ადრიდანვე ჩაერთო. 1783 წელს გარსევან ჭავჭავაძესთან და კათალიკოს ანტონ მეორესთან ერთად ერეკლე მეორემ რუსეთს მიავლინა, ტრაქტატის დადებასთან დაკავშირებით.
დარჩა რუსეთში, სადაც უბოძეს პოლკოვნიკობა და დაიწყო სამხედრო სამსახური. 1788 წლიდან ტფილისის მუშკეტერთა პოლკში იყო. 1790 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და გადაიყვანეს ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკში. მონაწილეობდა თურქეთის წინააღმდეგ ომში.
1791-1796 წლებში პეტერბურგში იყო. 1797 წელს დედისგან, დარეჯან დედოფლისგან მიიღო წერილი, რომელიც ატყობინებდა მამის მძიმე ავადმყოფობას და ექიმის ჩამოყვანას სთხოვდა. მირიან ბატონიშვილმა ექიმი ჩამოიყვანა საქართველოში, მაგრამ მეფე ერეკლე II გარდაცვლილი დახვდა.
1801 წლის მარტამდე საქართველოში იმყოფებოდა. ცდილობდა გამეფებულიყო იულონ ბატონიშვილი. ამ დროს, მოგეხსენებათ მეფე გიორგი XII გარდაიცვალა, მისმა მემკვიდრემ დავით უფლისწულმა კი მეფედ კურთხევა, რუსების ნებართვის გარეშე, ვერ გაბედა.
მირიან ბატონიშვილი დამპყრობლებმა გაამგზავრეს რუსეთს. სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩა. 1801 წელს მიანიჭეს გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1807 წლამდე სამსახური არ ჰქონდა. შემდეგ მიიღო „დეისტვილნი ტაინი სოვეტნილის“ და სენატორის წოდება და მუშაობდა სენატში. 1811 წელს გადავიდა მოსკოვის დეპარტამენტში. 1813 წელს ისევ პეტერბურგის სენატში დაბრუნდა.. 1814 წელს ცოლად შეირთო მარიამ ხალკოვა, რომელიც ერთი წლის მერე გარდაიცვალა.
ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დავით გურამიშვილთან, ბესიკთან. როგორც ცნობილია, დავით გურამიშვილის „დავითიანი“ სწორედ მირიან ბატონიშვილმა ჩამოიტანა საქართველოში.
წერდა, თარგმნიდა რუსულიდან ქართულად და პირიქით. ლექსები უძღვნა მამას - ერეკლე მეფეს, ბესიკს, ძმას - ანტონ მეორეს, ძმიშვილს, გიორგი XII ასულს - რიფსიმეს, იონა ხელაშვილს, ვარლამ მიტროპოლიტს და სხვა. შექმნა სახოტბო ნაწარმოები „სვეტიცხოვლის ქება“, „ფერისცვალების ქება“. წერდა სატრფიალო შინაარსის ლექსებსაც, „ქალო ნარგიზიანო“, „ტანო ტატანოს ხმაზედ“, „ოდეს გნახე“ და „ხელქმნილ ვარ“, რომლებსაც ბესიკის გავლენა ეტყობათ.
ხელქმნილ ვარ
ხელქმნილ ვარ მე მას დღეს აქეთ დარდითა,
ოდეს გიხილე შენ, ლამაზ ქალოა,
შემკულო შენ ყვავილ-მიხაკთ ვარდითა,
ვით ცისკარი ათენ, ლამაზ ქალოა,
ყოვლის სოფლის თვალოა.
მიჯობდა მე არ მოსვლა შენს არესა,
რადგან მით მე ნაღველსა ვსწევ მწარესა,
ვინამ დარებ მნათობთ, მზეს და მთვარესა,
ნუ მწყლავ სხივის მომფენ ლამაზ ქალოა,
გვედრი შემიწყალოა.
შენ გამკობენ შავნი გიშრის თვალები,
ეგრეთვე პირზედა ჰინდის ხალები,
რომელთ მე მომიდვეს ცეცხლის ალები,
გვედრი, ნუ მწვავ ესდენ, ლამაზ ქალოა,
ტრფიალთ შემაბრალოა.
ტანით საროვ, ალვა, ლამაზ სახეო,
ვინ, ვით მფრინავს, ჩემს გულს უდგი მახეო,
ოდეს როკვით მზეებრ სხივით ლახეო,
შენ სალბუნთ აღმომცენ ლამაზ ქალოა,
მეც მე სამკურნალოა.
როს გიხილე, მყის შევიქენ ხელია,
შენის ისრის მწყვლელის გულით მცველია,
ყარიბების რადგანა ხარ მკვლელია,
რადღა მტანჯავ ესდენ, ლამაზ ქალოა,
მომკალ, შეუწყალოა!