როგორ აურია კვალი მეუღლის მკვლელობის საქმეში საფრანგეთის პოლიციას ალუდა გასვიანმა

  23:20:05     14-09-2011

საფრანგეთში მომხდარი ქართველი ქალის მკვლელობის საქმე გახსნილია. მკვლელი  - დაკავებული. 25 წლის ქალბატონი, რომლის ყელგამოჭრილი ცხედარიც პოლიციამ მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ, სენტ-ეტიენის მახლობლად, ტყეში იპოვა, მეუღლის მიერ მოკლული აღმოჩნდა. ეჭვი ამის შესახებ თვიდანვე გაჩნდა, თუმცა სამართალდამცავებს კვალს ის ფაქტი ურევდა, რომ დაკარგული იყო ინგა ვაჭარიას შვიდი წლის შვილი - მურადი და მობილური ტელეფონები და პირადი ნივთები.

ინგა ვაჭარიას მეუღლე, ალუდა გასვიანი საფრანგეთში 2007 წლიდან არალეგალურად ცხოვრობდა. უმუშევარი ქართველი პოლიციას წელიწადზე მეტ ხანს ჰყავდა კონტროლზე აყვანილი. მან ცოლ-შვილი საფრანგეთში 2008 წელს ჩაიყვანა, მას შემდეგ, რაც ჩაბარდა და ხელისუფლებას ოჯახისთვის დროებითი თავშესაფარი სთხოვა. ჩაბარებისას გასვიანმა აღიარა, რომ საფრანგეთში მათი გადაყვანა 5000 ევრო დაუჯდა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ვის მისცა თანხა. ამ ამბის გამო გამოძიება ტრეფიკინგის ვერსიასაც ამუშავებდა და არ გამორიცხავდა, რომ  25 წლის ქართველი შესაძლოა არალეგალურ გადამყვანებს მოეკლათ, რომელთა ვალიც ჰქონდა გასვიანს. ბავშვის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში მისმა პედაგოგებმა განაცხადეს. სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა გამოძიების  ვერსია და ალუდა გასვიანი ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობაში მთავარ ეჭვმიტანილად აღიარეს. მამა-შვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და საქმეში ინტერპოლიც ჩაერთო.

ინტერპოლის მიერ ძებნილი ალუდა გასვიანი საბერძნეთის პოლიციას ჩაბარდა და ცოლის მკვლელობა აღიარა. სავარაუდოდ, მისი ექსტრადიცია საქართველოში განხორციელდება, ქართული კანონმდებლობით კი გასვიანის მიერ ჩადენილი დანაშაული - განზრახ მკვლელობა, შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.