სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მილიონი, ბიზნესმენმა საკუთარ ბიზნესს მოახმარა

  14:07:28     14-09-2011

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორ პირს, განაჩენი გამოუტანა. საქმე ეხებოდა სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამას, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, მათ არამიზნობრივად დახარჯეს და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის განვითარების ნაცვლად, საკუთარი ბიზნესის აყვავებას მოახმარეს. 

2006 წლის 30 ივნისის მთავრობის დადგენილების საფუძველზე გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა, აშშ–ს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის პროგრამის ,,სურსათი პროგრესისათვის” ფარგლებში, საქართველოსათვის გადმოცემული თანხებით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მეთესლეობის განვითარებას, მონაწილეობა მიიღო შ.პ.ს  ,,ღვარებმა”, და მას ბიზნეს-გეგმის შესაბამისად, სახელმწიფოსგან 1 300 000 ლარის ოდენობის საშეღავათო კრედიტი დაუმტკიცდა, 7 წლის ვადით.

სახელმწიფოსაგან კრედიტის მიღების შემდგომ, ზაზა ჩხიკვიშვილმა, იმავე ფირმის დირექტორმა თემურ დევიძემ და კასპის სპირტის სახდელი ქარხნის - ს.ს ,,საქართველოს ნატურალური პროდუქტების კომპანიის დირექტორმა ვალტერ აბაშიძემ, შექმნეს  კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის დაფარვის გზით, უკანონო ქონების ლეგალიზება.  შ.პ.ს ,,ღვარებს” ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, მიღებული მიზნობრივი კრედიტის ფარგლებში არ ჰქონდა კრედიტით აღებული თანხის არადანიშნულებისამებრ გამოყენების უფლება., გაცემული კრედიტი არ ითვალისწინებდა მარცვლეული კულტურისაგან სპირტის წარმოებას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სახელმწიფოსაგან მიღებული მიზნობრივი კრედიტის ნაწილით, ზაზა ჩხიკვიშვილმა, 2006-2007 წლებში განახორციელა დიდი რაოდენობით სიმინდის შესყიდვა და კასპში მდებარე ს.ს ,,საქართველოს ნატურალურ პროდუქტთა კომპანიის’’ სპირიტის სახდელ ქარხანაში არამიზნობრივად, პირადი გამორჩენის მიზნით 847 120კგ. სიმინდისაგან გადაამუშავა და გამოხადა, პირველ ეტაპზე 164 ტონა, ხოლო მეორე ეტაპზე 110 ტონა სპირტი, საიდანაც მხოლოდ 64 ტონა სპირტის გამოხდა ოფიციალურად ასახა დოკუმენტაციაში. დარჩენილ სპირტს ვალტერ აბაშიძესთან ერთად, არალეგალურად გაუკეთდა რეალიზება, რითაც ბრალდებულებმა მოახდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 137 524 ლარის ლეგალიზება.

ასევე, 2007-2008 წლებში, შ.პ.ს ,,აგრო-გრუპი”-ს მიერ დათესილი და მოყვანილი იქნა 2 526 960 კგ. მარცვლეული კულტურა ,,სორგო’’, რომელიც შეტანილი იქნა ს.ს. ,,საქართველოს ნატურალური პროდუქტების კომპანიაში“ და ს.ს. ,,კახალკოში”, საიდანაც ფარულად გამოიხადა სპირიტი, რასაც ვალტერ აბაშიძემ და ზაზა ჩხიკვიშვილმა კვლავ არალეგალურად გაუკეთეს რეალიზება. ხოლო, შ.პ.ს ,,აგრო-გრუპი”-ს ბუღალტერიაში წარდგენილი ყალბი დოკუმენტაციით დაფიქსირდა რომ, თითქოსდა განხორციელდა ,,სორგო”-ს მარცვლეული კულტურის სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე რეალიზება 1 166 583 ლარად.

აღნიშნული ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, უკანონოდ მიღებული იქნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის 691 222 ლარის შემოსავალი. სპირტის არალეგალურად წარმოების შედეგად, უკანონოდ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები ახორციელებდნენ სხვადასხვა უძრავი თუ მოძრავი ქონების შეძენასა და საწარმოო პროცესის განვითარება-გაფართოებას.

სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდებულმა ვალტერ აბაშიძემ სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და დანაშაულში ამხილა ზ.ჩხიკვიშვილი, რის საფუძველზეც მხარეებს შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვალტერ აბაშიძეს სასამართლომ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 150 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ზაზა ჩხიკვიშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ, თუმცა მისი ბრალეულობა დადასტურებულ იქნა სასამართლოს მიერ გამოკვლეული და საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით, რომლის საფუძველზეც სასამართლომ დამნაშავედ სცნო ზაზა ჩხიკვიშვილი და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის, 5  თვის და 26 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 11 წელს და 6 თვეს  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, 1 წელი, 11 თვე და 26 დღე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის 11 თვის და 26 დღის გამოსაცდელი ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000  ლარის ოდენობით.