სასამართლომ 8 აფთიაქი დააჯარიმა

  13:43:01     13-09-2011

საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სამინისტრომ აფთიაქების კონტროლი განახორციელა.  შემოწმების შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოვლინდა. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შუამდგომლობები დააკმაყოფილა და  სამედიცინო მომსახურების სფეროში მომუშავე 8 მეწარმე სუბიექტი  ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელი დააკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით:
,,
ზემოაღნიშნულ სუბიექტებს ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის   ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრათ  ჯარიმა 2 ათასი ლარიდან 6 ათასი ლარის   ფარგლებში  და   სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა შემდეგ სამართალდარღვევებს: ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია არაუფლებამოსილი პერსონალის (ფარმაცევტული განათლების არმქონე) მიერ, პროდუქციის რეკლამის წესების დარღვევა, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების თაობაზე ინფორმაციის შეუტყობინებლობა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ფაქტობრივი ნაშთისა და მიღების დოკუმენტაციის ურთიერთშედარებისას დაფიქსირდა სხვაობა ნაკლებობით, რაზეც ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სპეციალური ფორმა №2.

დაფიქსირდა ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევის ფაქტი, ფარმაცევტული საქმიანობის და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის დადგენილი წესების დარღვევა.’’