დიმიტრი ბახუტაშვილის რამდენიმე ლექსი (XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან)

  12:08:59     13-09-2011

ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას - XXI საუკუნის ქართული პოეზიიდან. დღეს, პრესა გე-ს მკითხველებს ვთავაზობთ ახალგაზრდა პოეტის, დიმიტრი ბახუტაშვილის რამდენიმე ლექსს.
დიმიტრი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, სწავლობს სამედიცინო უნივერსიტეტში.

ვუსურვოთ წარმატება ახალგაზრდა კაცს.

ოდიშურ ოდაში

კოლხეთის დაბლობია, წვიმა და სარეცელი,
მზე (ვამბობ) მომაკვდავი ბავშვია, აპატიეთ...
ამ ჰაერს ძველებურად ლექსებზე ავეცერი,
ამ სახლში პაპაჩემის ნაქონი ნაბადია,
ცა უფრო სისხლიანი გუგებით იმზირება,
კოლხეთის დაბლობია, წვიმა და სარეცელი.

კოპწია, პაწაწინა, მეგრული ოდებია,
კოლხური საღამოა, კოლხურად მონისლული,
მგზავრები ლიანდაგებს შრიალით შორდებიან,
ტეხურამ კულულები რიონში მოისროლა.
სახლის წინ ხელუხლები და ლორთქო ბალახია,
კოლხური საღამოა, კოლხურად მონისლული.

ზიხარ და სამყაროსთან გინდება შერიგება,
უმზეო საღამოა, ცისფერი აივანი.
ვაი, ნანა-მეთქი... ვამბობ და ვერ იგებენ,
ბავშვობა... დედაჩემი... დე, ხელში ამიყვანე...
საღამო ცერზე აჭრილ სიმინდებს წამოეგო,
უმზეო კადრებია, ცისფერი აივანი.

რემისია

თეთრი პერანგი გაცვია და ხელებშებორკილს
რა გაგაჩერებს? - გარბიხარ და თელავ სანაგვეს,
დგები მთის ქიმზე, თვალებს ხუჭავ, შენში შემოდის
ცხელი მზე, ანუ იწვები და სულ არ განაღვლებს

ქვემოთ გარემო უხეში და დეფექტურია...
მავთულხლართებთან დაგისვრია ფეხი აყალო
მიწით. გიშრება, გეწვის ყელი, ისე გწყურია,
იცი, სამყაროს კეთრივით რომ გამოაყარე.

რა გაცინებსდა... გეცინება, ხელის გაშლისთვის
ძალა არ გყოფნის, როგორ გინდა (ვიცი) გაშალო.
ცრემლი ჩამოგდის ღაპაღუპით, შენსას არ იშლი,
სულში ზვინებად გილაგია ხორცის ნაშალი.

ხედავ ყველაფერს, მაგრამ სმენით უკვე არ გესმის
და ფრაგმენტულად გახსოვს, წყალი როგორ მოწამლე,
რომ დაგეზარა თევზაობა მაშინ ანკესით,
შენ წონა თევზს რომ მიათრევდი სკოლის მოსწავლე.

რომ გაგიკვირდა მეზობელთან ღია კარები,
კუბო და კაცის სილუეტი, შიგ რომ დალანდე,
რომ შეგეშინდა, მერე ღამეს ვერ იკარებდი
და ყველა დილა აუტიზმის ნიშნებს მალავდა.

გახსოვს დედა და ის პირველი შეტყობინება,
მერე რომ აღარ... აღარ გახსოვს, ან კი საიდან?
ყელში ხრიალებ, მაჯებს ვერ თმობ და თუ გაშალე,
გგონია სხეულს თოლიების ცაში აიტან.

თეთრი პერანგი გაცვია და, ხელებშებორკილს,
ის დაგრჩენია, რომ ფეხებით თელო იები.
ამოდის მზე და ყოველ დილით შენში შემოდის,
იწვები, მაგრამ... გიჟი ხარ და გეპატიება.

მტაცებელი

იცი? რამდენი წელი ვზარდე თეთრი ბატკნები,
რამდენი ვკვებე: ნაჩრდილევი, ნედლი ბალახით
და როცა “ჭირი” გავრცელდა და ერთით ნაკლები,
დამირჩა, როგორ გამიჭირდა გადამელახა,
შიში. რამდენი ვეფოფინე, ვზარდე, ვუარე,
ვუწამლე, მიწაც შემოვღობე მათი სამყოფი,
სხვა მწყემსებს, ყველას მოვახსენე ცივი უარი,
მოხმარებაზე და ფეხები გადავიყვლიფე.
მერე ქოფაკიც შევიძინე, თეთრი ქოფაკი,
კავკასიური, მთის ბროლივით სუფთა თვალებით,
ღამე ფარასთან იძინებდა, მამის თოფთან კი,
მე ვიძინებდი და ძილშიაც ვუთვალთვალებდი.
სავსე გუდებით დავილაგე სარჩო-ბარაქა,
ცოლს სიხალისე გავუჩინე, შვილებს იმედი,
სახლი ავავსე: რძით, ერბოთი, ყველით, კარაქით
და დავიჯერე, რომ ცხოვრება გამომივიდა.
ჩემი „ბათურა“ კი ყოველღამ, მოსარკულ მიწას,
თხრიდა და კბენდა მთვარეს, მერე პირი სტკიოდა,
მე ავიღებდი წინაპრების თოფსა და ფიწალს,
სახლის გადაღმა დასაზვერად გადავდიოდი.
და იყო ასე, ხოლო ერთხელ, როცა ცა მინას
გავდა დაორთქლილს, ჩამოიქცა, თავსხმად მოწვიმა.
გაყინულ ღრუბელს ცხელი ელვა დააცემინა
და ლაყე კვერცხის მძაფრი სუნით ახალმოწამლულ
ეზოს გადაღმა, ავი ყეფით აყეფდა ძაღლი,
როგორც ყოველთვის, შეაშინა ალბათ ქუხილმა
მეთქი, ვიფიქრე და მთელი დღის შრომისგან დაღლილს,
ძილი მომინდა, ზედ საბანი გადავიხურე.
დილით კი...
ჩემი გამოზრდილი: თეთრი ბატკნები,
ცხვრები, ყოჩები, თავისივე ძარღვებს წურავდნენ,
გავხდი იმდენი იმედით და შიშით ნაკლები,
რამდენიც თვალის გუგებიდან ჩამომიცურდა.
არადა, იცი? როგორ ვზარდე, როგორ მივანდე,
იმ ბედს, რომელმაც არაერთხელ თავად დამინდო,
მეც… დავიჯერე, მეც… ძალიან გავუთამამდი
და ბოლოს, მაინც დააყენა სამგლე ამინდი.

დაბრუნება

ოქროსთმიანმა ბავშვმა გამიღიმა და შერცხვა.
და შებრუნება სახის იყო ძალიან მკვეთრი,
დედას, ან ქალს კი არა- ხელში ეჭირა მერცხალს,
თან გულისპირი ქონდა მარმარილოზე თეთრი.

ესკალატორის კიბის მანძილს თვალებით ვხრავდი,
ხდება როდესაც მზერას ვეღარც ძაღლივით აბამ,
წაუპოტინა ბავშვმა ცალი ხელი და მხრამდე,
გადაუწია თხელი, საგაზაფხულო კაბა.

შიში მომუჭა მაგრად, შიშიც- ნიბლია ჩიტი,
(ალბათ ეგრეა ახლაც, როცა შილიფად იცვამს)
შვილს გაუღიმა ბოლოს და იმ ღიმილის ჩითილს,
ზრდის და ასველებს დღემდე ჩემი სხეულის მიწა.

როგორც მონეტა ვერცხლი, საღამო ეგდო გარეთ,
კიბეებიდან (მახსოვს) ამოვუყევი მაღლობს,
ქარიან ცაზე სხეულს ძლივს იკავებდა მთვარე
და ისევ მშვიდად იწვა კართან მეზობლის ძაღლი.

გზა

ჰო, ეს მდინარეც უსათუოდ (დ)ავა წყარომდე,
სათავისაკენ თუ აყვები თოვლის მთებამდე,
ღმერთო, შენ ჩემი ხეტიალი დაამწყალობე,
სანამ დაღლილი სხეულისკენ მოიხედავდნენ
მშიერი მგლები: სისხლიანი, მღვრიე თვალებით,
სანამ, ავდარი დამტორავდეს ხევში ჩარჩენილს,
სანამ, ამ მიწას, სანამ ამ ცას მივებარები
და ქათქათა თმას გაიშლიდეს ბებიაჩემი.
მიაქვს მდინარეს სიღრმეებში ბლანტი სიშავე,
ჩემი დამხრჩვალი მეგობრების ხელებს ვნახულობ,
იმათ მაკითხეს, ტალღა-ტალღა გადამიშალეს
ჩემი ცხოვრება, სადგომი და საჭირნახულო,
ძალზე ცოტაა (მე ის წყალი როგორ დავლიო)
ნისლმა მიწია საჯიხვეზე- თეთრმა ბერხენმა,
აღმოსავლეთით უწითლდება ლოყა ალიონს,
ვიწრო ჩანჩქერი ცივ ლოდებზე იმტვრევს ხერხემალს.
ჰო, ეს მდინარეც უსათუოდ (დ)ავა წყარომდე,
სუფთა წყარომდე, (ვიწრო წელთან ნახავ კალმახებს)
ღმერთო, შენ ჩემი ხეტიალი დაამწყალობე
და თოვლის მთები საკუთარი თვალით მანახე.