კლოდ აშილ დებიუსი – ფრანგი კომპოზიტორი

  10:47:09     13-09-2011

კლოდ აშილ დებიუსი – ფრანგი კომპოზიტორი, 1862 წელს დაიბადა. მუსიკალური განათლება მიიღო პარიზის კონსერვატორიაში, (1872 - 1884) სადაც სწავლობდა  მორმონტელთან (ფორტეპიანო) და გიროსთან (კომპოზიცია).

კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, მიიღო რომის პრემია. (კანტატისთვის „უძღები შვილი“). 1885-1886 წლებში ცხოვრობდა რომში. 1887 წელს პარიზში დაბრუნდა და დაუახლოვდა სიმბოლიზმსა და იმპრესიონიზმის წარმომადგენელ პოეტთა და მხატვართა ჯგუფს, რომელსაც მალარმე ხელმძღვანელობდა. დებიუსი მუსიკალური იმპრესიონიზმის ფუძემდებელია. მიუხედავად ჭვრეტითი ხასიათისა, დებიუსის მუსიკა პოეტურია. მისთვის დამახასიათებელია ნატიფი სტილი.

დებიუსიმ გადაახალისა მუსიკალური გამომსახველობის ფორმები, გაამდიდრა ბგერითი და საორკესტრო და საფორტეპიანო პალიტრა. ჰარმონიაში იგი არჩევდა „ციმციმა“ საღებავებს, კოლორიტისათვის იყენებდა ბუნებრივ კილოებს, პენტატონიკას, პოლიტონალობისა და ატონალობის ელემენტებს. მისი შემოქმედებითი ტენდენციები მიიღო და განავითარა მრავალი ქვეყნის კომპოზიტორთა თაობებმა.

დებიუსიმ შექმნა მრავალი ჟანრის ნაწარმოებები. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პროგრამულ-ინსტრუმენტულ მუსიკას. მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერა „პელეასი და მელიზანდი“ (მეტერლინკის დრამის მიხედვით, 1902, პარიზი), ბალეტები „თამაშობანი“ (1912), „კამა“ (1912), „სათამაშოებიანი ყუთი“ (1913), მისტერია „წმინდა სებასტიანის წამება“ და მრავალი ნაწარმოები ფორტეპიანოსათვის.