ევროპას ახალი სამხედრო სტრუქტურის შექმნა სურს

  15:34:46     12-09-2011

ევროპა, ახალი სამხედრო–პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე კვლავ ალაპარაკდა. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, პოლონეთი და ესპანეთი აცხადებენ, რომ ევროკავშირის სამხედრო შტაბის შექმნა სურთ. ხუთმა ქვეყანამ, ამ მიზნის განხორციელების რეალურობაზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი მსგავსი სამხედრო ორგანიზაციის შექმნის კატეგორიული წინააღმდეგია, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ეს თემა დღის წესრიგში მაინც ხელახლა დააყენეს.

საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ მსგავსი იდეა, ჯერ კიდევ ივლისის თვეში ოფიციალურად გააახმოვანეს. ევროკავშირის შეიარაღებული ძალების ერთიანი შტაბის შესახებ, ზოგადი საუბრები კი გაცილებით ადრე დაიწყო. ევროპის ქვეყნები ერთიანი სამხედრო ოპერაციებისა და საბრძოლო მოქმედებების ჩატარებაზე რამდენიმე წელია მსჯელობენ და მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, უკვე ცხარე დებატებიც მიმდინარეობს. ახალი სამხედრო სტრუქტურის წინააღმდეგ, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე, დიდი ბრიტანეთი გამოვიდა.

სწორედ ივლისის თვეში, დიდმა ბრიტანეთმა ვეტო დაადო პროექტს, ევროკავშირის ერთიანი სამეთაურო შტაბის შექმნის შესახებ. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, უილიამ ჰეიგის განმარტებით, ლონდონი ამ იდეას არც ახლა და არც მომავალში არ დათანხმდება, რადგან ამ სამხედრო შტაბს ნატოს დუბლირებულ ვარიანტად მიიჩნევს. თუმცა, ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ რაც უფრო მძიმე იქნება ეკონომიკური სიტუაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპა მით უფრო სწრაფად შექმნის საკუთარ სამხედრო სტრუქტურებს.

ამ იდეის ავტორები სამი სახელმწიფო, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი არიან. შესაბამისად, ოფიციალურ განცხადებას, თავდაპირველად, ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი. გერმანიის მთავარი დიპლომატიური უწყების განმარტებით, მრავალრიცხოვანი კრიზისების, ცალკეულ სახელმწიფოებში სიტუაციის გართულების და ასე შემდეგ პირობებში, ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესია ახალი სამხედრო სტრუქტურის შექმნა, რომელიც თავად დაარეგულირებს შიდაპოლიტიკურ და სხვა სახის კონფლიქტებს. ამ სტრუქტურის შექმნა კი, ევროკავშირის სამხედრო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად წინ წასწევს და დაარეგულირებს სიტუაციას კრიზისულ რეგიონებში. გერმანიამ დიდი ბრიტანეთის პოზიციასთან დაკავშირებით, სინანული გამოთქვა და აღნიშნა, რომ ამგვარი შტაბის შექმნა, ევროკავშირისა და ნატოს ურთიერთობების კიდევ უფრო გააუმჯობესებდა.