სიდედრი, სიძის ცრუ დასმენისთვის გაასამართლეს

  14:40:31     12-09-2011

თბილისის საქალაქო სასამართლოში მეტად საინტერესო საქმის განხილვა დასრულდა. მარინე აფციაურს ბრალად მძიმე დანაშაულში სიძის ცრუ დასმენა ედებოდა.  სიძე დაკავებას გადაურჩა და განსასჯელის სკამზე აფციაური თავად აღმოჩნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით: ,,თბილისში, მცხოვრებ მარინე აფციაურს საკუთრებაში ,,ფოლკსვაგენ გოლფი” – ის მარკის ავტომანქანა ჰყავდა, რომლითაც ხშირად სარგებლობდნენ ოჯახის წევრები, მათ შორის მარინე აფციაურის სიძე - ვახტანგ დ. მარინე აფციაურს და მის შვილს – თამარ აფციაურს ჰქონდათ ეჭვი, რომ ვახტანგ დ.-ს ჰყავდა ე.წ. საყვარელი და როდესაც 2011 წლის 20 ივნისს, ვახტანგ დ. ავტომანქანით წავიდა, ისინი კერძო ტაქსით ვახტანგ დ.-ს სათვალთვალოდ გაჰყვნენ მას. დაახლოებით 17:00 საათზე, აფციაურმა სიძის მანქანაში ორი მანდილოსანი შენიშნა. ვახტანგ დ.-ს სავარაუდო ღალატით შეშფოთებული გადმოვიდა ავტომანქანიდან და ყვირილით მოსთხოვა სიძეს ავტომანქანის  შეჩერება, რასაც  ვახტანგ დ. არ დაემორჩილა. აღნიშნული გარემოებით განერვიულებულმა მარინე აფციაურმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და განაცხადა, რომ ვახტანგ დ.-მ მისი კუთვნილი ავტომანქანა გაიტაცა.

შეტყობინების საფუძველზე, თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს ისან-სამგორის სამმართველოს  განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მ. აფციაურის ა/მანქანის ქურდობის ფაქტზე. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით გაირკვა, რომ რეალურად  ავტომობილის ქურდობის ფაქტი არ მომხდარა და ადგილი ჰქონდა ,, გაბრაზებული” მარინე აფციაურის მიერ სიძის ცრუ დასმენას.’’

საქმის სასამართლო განხილვისას, მარინე აფციაურმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული. ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა: მოწმეების, მათ შორის ვახტანგ დ.-ს მიერ მიცემული ჩვენებით, საპატრულო პოლიციიდან ამოღებული ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მარინე აფციაურს სასჯელის სახედ და  ზომად 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.