საზენიტო კომპლექსი Тунгуска
23:34:28     10-09-2011
1970-იანი წლების დასაწყისში, სსრკ-ში ახალ ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებაზე დაწყეს მუშაობა. აღნიშნული პროცესი მიზნად მოძველებული Шилка-ს შეცვლას ისახავდა. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში, ამ უკანასკნელის ეფექტური გამოყენების მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას, მას რამოდენიმე სერიოზული ნაკლი გამოუჩნდა - 23 მმ-იანი ჭურვები სამიზნის დაზიანებისას დიდ ეფექტს არ იძლეოდა. რადიოლოკაციურ სადგურს კი, ერთდროულად, რამოდენიმე სამიზნის აღმოჩენა უჭირდა.
პირველის შემთხვევაში, საზენიტო ავტომატების კალიბრის გაზრდა 30 მმ-მდე გადაწყდა. შესაბამისად, ჭურვის ასაფეთქებელი ნივთიერების მასის გაზრდით, საფრენი აპარატის გასანადგურებლად საჭირო ჭურვების რაოდენობის შემცირება შეიძლებოდა. გარკვეული ცვლილებების ჩატარება რადიოლოკაციურ სადგურზეც უნდა განხორციელებულიყო. თანაც ახალ კომპლექსს დამოუკიდებელი საბრძოლო ერთეულის სახით უნდა შეეძლებოდა მოქმედება.
მადა ჭამაში მოდისო და საქვემეხო შეიარაღების გაძლიერების გარდა, ახალი კომპლექსი, რომელსაც Тунгуска ეწოდა, საზენიტო რაკეტებითაც უნდა ყოფილიყო შეიარაღებული. მაგრამ იმ პერიოდში სსრკ-ს თავდაცვის სამინისტრო სკეპტიკოსებით სავსე იყო და ასეთი სქემის ეფექტურობას ძალიან ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა.
1975 წელს, შეიარაღებაში საზენიტო კომპლექსი Оса-АК მიიღეს, რომელიც სამიზნეს 10 კმ-ის დისტანციასა და 25-5000 მ-ის სიმაღლის დიაპაზონში ანადგურებდა. თუმცა ჯავშანსატანტო პოლკის დაცვისას, მთავარ საფრთხეს დაბალ სიმაღლეზე მფრენი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით შეიარაღებული შვეულმფრენები წარმოადგენდნენ. ამ კლასის შეიარაღება ამერიკელებმა პირველად ვიეტნამის ომში გამოიყენეს. საბრძოლო შვეულმფრენების ჯგუფი, რელიეფის წყალობით, მოწინააღმდეგისგან 3-4 კმ-ში იმალებოდა. მოწინააღმდეგის ტექნიკის გამოჩენისას კი, 15-25 მ-ის სიმაღლეზე ადიოდა, ახორციელებდა რაკეტების გაშვებას და კვლავ იმალებოდა.
ამ პირობებში, ტანკები ყოვლად დაუცველნი იყვნენ. მნიშვნელოვან ფაქტორს რეაქციის დროც თამაშობდა, რომელიც Тунгуска-სთვის 8-10 წმ-ს შეადგენდა, Оса-АК-ს 30 წმ-ის წინააღმდეგ.
საქვემეხო შეიარაღების სახით, ახალ ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსზე, 30 მმ-იანი, ორი ორლულიანი საზენიტო ავტომატი გამოიყენება. ავტომატს დამრტყმელი მოქმედების ერთი სასროლი მექანიზმი გააჩნია, რომელიც ერთდროულად ხან ერთ ხან მეორე ლულას ემსახურება. ქვემეხის სროლის ტემპი წუთში 1950-2500 გასროლას შეადგენს. ჭურვის საწყისი სიჩქარე კი 960-980 მ/წმ-ს უტოლდება. ორივე ქვემეხისთვის საბრძოლო კომპლექტი 1936 ჭურვია.
რაც შეეხება რაკეტებს, ისინი კომპლექსზე 8 ცალის ოდენობით არის წარმოდგენილი (ოთხ-ოთხი 360 გრადუსით მბრუნავი კოშკურის თითო მხარეს), თვითოეული 42 კგ-ს იწონის. რაკეტას ორი საფეხური გააჩნია. მეორე საფეხურს მთლიანად მყარსაწვავიანი რაკეტული ძრავა იკავებს. სტარტის შემდგომ, რაკეტას ის საჭირო სიჩქარეს ანიჭებს და 2.6 წმ-ის შემდეგ ძვრება. ამის შემდეგ, 18.5 კგ-იანი სამარშო საფეხური ფრენას 600 მ/წმ-ის ტოლი (2130 კმ/სთ) საშუალო სიჩქარით, ინერციით აგრძელებს. ფრენის ეს სიჩქარე მაქსიმალური 500 მ/წმ-ის (1780 კმ/სთ) სიჩქარით მფრენის სამიზნის განადგურების საშუალებას იძლევა. რაკეტის საბრძოლო ქობინი 9 კგ-ს იწონის.
კომპლექსს ორი რადიოლოკაციური სადგური აქვს. პირველი სამიზნის აღმოსაჩენად გამოიყენება და სამიზნის აღმოჩენას 16-19 კმ-ის დისტანციაზე ახდენს.
სამიზნის აღმოჩენისა და მისი კუთვნილების დადგენის შემდეგ, სადგური მის გაცილებას ავტონომიურ რეჟიმში ახდენს. საზენიტო ავტომატებით სროლის შემთხვევაში, ციფრული მოწყობილობა ჭურვისა და სამიზნის შეხვედრის კოორდინატს განსაზღვრავს. გამოთვლებისას, მანქანის გადაადგილების შემთხვევაში, ამ უკანასკნელი რყევის გათვალისწინებაც ხდება. საქვემეხო შეიარაღების წყალობით, კომპლექსის გამოყენება არანაკლები ეფექტურობით, სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგაც შეიძლება.
Тунгуска-ს ოთხი საბრძოლო მანქანის გამოყენების შემთხვევაში, საზენიტო-სარაკეტო საარტილერიო ერთეულის ჩამოყალიბება ხდება. კომპლექსი შეიარაღებაში 1982 წელს მიიღეს. რაკეტების გამოყენებით, მას სამიზნის განადგურება მაქსიმალური 8 კმ-ის, ქვემეხების გამოყენებით კი - 4 კმ-ის დისტანციაზე შეუძლია.
1990-იანი წლების შუა ხანებში, მოდერნიზაციის შედეგად, კომპლექსი Тунгуска-М გაჩნდა, რომელიც წინამორბედისგან დივიზიონის შემადგენლობაში მუშაობისთვის, ახალი რადიოსადგურების არსებობით გამოირჩეოდა. ვარიანტში Тунгуска-М1, საზენიტო რაკეტის გაუმჯობესების შედეგად, სამიზნის განადგურების დისტანცია 8-დან 10 კმ-დე გაიზარდა. დღეს ამ კომპლექსის სხვადასხვა მოდიფიკაციები რუსეთის გარდა, ბელორუსიის, უკრაინის, ინდოეთისა და მაროკოს შეიარაღებაშია.
საბჭოთა კავშირში შექმნილი და შეიარაღებაში მიღებული პრაქტიკულად ყველა საზენიტო კომპლექსის გამოყენება, უნიფიცირების წყალობით, სამხედრო ხომალდებზე ხდებოდა. ამ შემთხვევაში, გამონაკლისს არც Тунгуска წარმოადგენდა, რომლის საზღვაო ვარიანტსაც Кортик, საექსპორტოს კი - Каштан ეწოდა.
ხომალდზე დაყენებულ საზენიტო დანადგარზე, მის სახმელეთო ვარიანტის მსხგავსად 8 რაკეტა მაგრდება და თავად რაკეტებიც სახმელეთო კომლექსთანაა უნიფიცირებული. განსხვავება მხოლოდ ქვემეხებშია. საზღვაო ვარიანტზე ორი ორლულიანი საზენიტო ავომატის ნაცვლად, ამავე რაოდენობის 30 მმ-იანი ექვსლულიანი ქვემეხი 6К30ГШ გამოიყენება. ორივე მათგანის ჯამური სრაფსროლა წუთში 10000 გასროლას აღწევს. მისი საშუალებით, სამიზნის განადგურება 4000 მ-ის დისტანციასა და 3000 მ-ის სიმაღლზე შეიძლება.
კომპლექსი Кортик, 1144 პროექტის ატომურ კრეისერებზე (6 დანადგარი), 1134.5 პროექტის ავიამზიდ კრეისერზე (8 დანადგარი), 20380 პროექტის კორვეტებზე (1 დანადგარი) და 11540 პროექტის სადარაჯო ხომალდებზე (2 დანადგარი) გამოიყენება.